ზესტაფონი-გურიას მერვედფინალის ორივე მატჩი ზესტაფონში გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს სუპერთასის მოპოვების შემდეგ, ზესტაფონელები მიმდინარე სეზონის საგაზაფხულო ნაწილისათვის მზადებას შეუდგნენ.

26 თებერვალს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართება.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 26 დეკემბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალში მეტოქედ ლანჩხუთის "გურია" ერგო.

თასის გათამაშების მერვედფინალში ზესტაფონელთა მეტოქე სახელოვანი წარსულით იწონებს თავს.

გასული საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი რაიონული ცენტრის წარმომადგენელმა გუნდმა საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გაღწევა მოახერხა და საბჭოთა იმპერიის ელიტარულ
დივიზიონში თავი არ შეურცხვენია.

საინტერესოა, რომ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სწორედ ლანჩხუთის "გურიამ" მოახერხა ეროვნული თასის პირველსავე გათამაშებაში გამარჯვების მოპოვება - ტურნირის ფინალურ შეხვედრაში გურულებმა ანგარიშით 1-0 სოხუმის "ცხუმი" დაამარცხეს.

"ზესტაფონსა" და "გურიას" ეროვნული ჩემპიონატის ერთსა და იმავე დივიზიონში არასდროს უასპარეზიათ, ხოლო რაც შეეხება ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები 2006-2007 წლების გათამაშებაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს.

მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ზესტაფონელთა ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები.

იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.

აქვე მოგახსენებთ, რომ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ლანჩხუთის "გურიასა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის გასამართი ორივე მერვედფინალურ მატჩს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონი უმასპინძლებს.

"გურია" - "ზესტაფონის" წყვილის პირველი მატჩი 26 თებერვალს გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება, საპასუხო შეხვედრა კი 2 მარტს ჩატარდება.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული