თემურ ღონღაძე: სუპერთასმა ტკივილი ოდნავ ჩამიცხრო

AutoSharing Option
გასულ პარასკევს "ზესტაფონმა" გორის "დილას" დამარცხებით საქართველოს სუპერთასი შეინარჩუნა.

თასის ფინალში განცდილი მარცხის გამო ფეროელებს შიდაქართლელებთან რევანში სწყუროდათ, განსაკუთრებული მოტივაციით კი უდავოდ თემურ ღონღაძე თამაშობდა, რომელიც შარშანდელი თასის ფინალის პირველ ტაიმში დაუმსახურებლად გააძევეს.

27 წლის მცველმა შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა და მატჩისშემდგომი პენალტიც გამოიყენა.

დღეს ღონღაძე "ლელოს" რესპონდენტია.

- პირველ რიგში, ტიტულის მოპოვებას გილოცავ. როგორ შეაფასებ წლის პირველ ოფიციალურ მატჩს?
- მადლობა მოლოცვისთვის. ძალიან რთული შეხვედრა იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. ფაქტია, რომ სანახაობა
არ გამოვიდა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. აქ მთავარი შედეგი იყო და საბედნიეროდ, გამარჯვება და ტიტული "ზესტაფონს" დარჩა.

- მატჩისშემდგომი პენალტის დარტყმა შენი სურვილი იყო თუ მწვრთნელის დავალება?
- დარტყმის სურვილი ხუთზე მეტმა ფეხბურთელმა გამოთქვა და პენალტისტები მწვრთნელმა შეარჩია. სხვათა შორის, "დილას" მეკარე ბექა შეყრილაძე ადრე ჩემი თანაგუნდელი იყო და დარტყმის მიმართულება მისი თამაშის მანერის მიხედვითაც შევარჩიე.

- "ზესტაფონის" შემადგენლობიდან მეხუთე თერთმეტმეტრიანი ვის უნდა დაერტყა?
- ლევან კუტალიას.

- ოფიციალურ მატჩში აქამდე თუ შეგისრულებია პენალტი?
- მხოლოდ ბავშვობაში, როცა ხაშურის "ივერიაში" ვთამაშობდი. უნდა აღვნიშნო, რომ ახლანდელისგან განსხვავებით, მაშინ ვერ გავიტანე.

- სუპერთასზე "ზესტაფონის" დაცვის მარცხენა ფლანგზე გიხილეთ. ეს დროებითია თუ შესაძლოა, გარკვეული დროით მარჯვენიდან მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლო?
- როგორც იცით, "ზესტაფონს" მარცხენა მცველის პრობლემა აქვს და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოიყვანენ თუ არა უახლოეს პერიოდში ამ ამპლუის ფეხბურთელს. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, სად გამამწესებენ. მზად ვარ, გუნდს ნებისმიერ ამპლუაში გამოვადგე. "ზესტაფონის" შემადგენლობაში ერთი მატჩი ცენტრალურ მცველადაც კი მაქვს ჩატარებული, თუმცა ფლანგებზე თავს უფრო დამაჯერებლად ვგრძნობ. ვერც იმას ვიტყვი, რომ მარჯვენა ფეხს მარცხენაზე უკეთ ვფლობ. ასე რომ, მზად ვარ, ნებისმიერ ფლანგზე ვითამაშო.

- თასის შარშანდელ ფინალს გვერდს ვერ ავუვლით...
- სამწუხაროდ, ასეთი უარყოფითი ემოციები ადამიანის ქვეცნობიერში დიდხანს რჩება და ამ მტანჯველი გრძნობისგან გათავისუფლება ძალიან ძნელია. თასის ფინალი მთელი ჩვენი გუნდისთვის მძიმე გასახსენებელია, მაგრამ ამ ტვირთმა განსაკუთრებით ჩემს მხრებზე გადაიარა. ფაქტია, რომ "ზესტაფონი" მიზანმიმართულად გაწირეს, მე კი სხვებზე ნაკლებად გამიმართლა, რადგან უსამართლო წითელი ბარათი მივიღე. თამაშის წესები მართლა რომ დამერღვია, თავს ჩავღუნავდი და მოედანს უხმოდ დავტოვებდი, მაგრამ ასეთი უსამართლობის ატანა ძალიან ძნელია. სუპერთასის მოგებამ ეს ტკივილი ოდნავ დამიცხრო, მაგრამ ცუდი განცდები მაინც დამრჩა.

- როგორ შეაფასებ "ზესტაფონში" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს?
- ახალი გუნდი ყალიბდება, რასაც, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი სწორ გზას ადგას და ჩვენი მუშაობის შედეგები აუცილებლად გამოჩნდება. სამწუხაროდ, ჩემპიონობის შენარჩუნების შანსები უკვე ნაკლებად გვაქვს, მაგრამ საპრიზო ადგილის მოპოვება და თასისთვის ბრძოლა რეალურად მიმაჩნია. ევროტურნირებზე აუცილებლად უნდა გავიდეთ.

თურქულმა შეკრებამ უმაღლეს დონეზე ჩაიარა, იქ ჩატარებული ვარჯიშები და საკონტროლო მატჩები დიდ სამსახურს გაგვიწევს.

- "ზესტაფონის" ახალწვეულებს როგორ დაახასიათებ?
- თითოეული მათგანი კვალიფიციური ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, გუნდს დიდ სამსახურს გაუწევენ.

- კახა კაჭარავამ გუნდში რა შეცვალა?
- ახლა თითოეული ჩვენგანი საქმეს მაქსიმალურად სერიოზულად ეკიდება. ყველას კარგად გვესმის, რომ კრიზისის საბოლოოდ დასაძლევად დიდი შრომა გვჭირდება. კახა კაჭარავას მიერ ჩატარებული თითოეული ვარჯიში მაქსიმალურად არის მიახლოებული ოფიციალურ თამაშთან. ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი.

- არის თუ არა "ზესტაფონი" შენი კარიერის ყველაზე წარმატებული ეტაპი?
- უდავოდ არის. აქ კიდევ უფრო დავიხვეწე და გავიზარდე, როგორც პროფესიონალი. ვგრძნობ, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვარ და ეს მოტივაციას მიორმაგებს. არ ვიცი, როგორ წარიმართება ჩემი შემდგომი კარიერა, ახლა კი იმის თქმა შემიძლია, რომ "ზესტაფონში" თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვგრძნობ.

- მცირე ხნით აზერბაიჯანშიც გითამაშია. იქ დაბრუნებას გამორიცხავ?
- ამ ეტაპზე და ამ ასაკში ნამდვილად გამოვრიცხავ, მომავალში კი ვერ გეტყვით, რა მოხდება. არასოდეს თქვა - არასოდეს. თავის დროზე აზერბაიჯანში წასვლით შეცდომა დავუშვი.

- ეროვნულ ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნების იმედი თუ გაქვს?
- ჩემი უმთავრესი საფეხბურთო ოცნება სწორედ ეს არის. ფარ-ხმლის დაყრას არ ვაპირებ და იმედი მაქვს, შრომა და მონდომება დამიფასდება.

- რას ეტყოდი სეზონის განახლების წინ "ზესტაფონის" გულშემატკივრებს?
- დავპირდები, რომ მეც და ჩემი თანაგუნდელებიც მათი ერთგულებისა და სიყვარულის ადეკვატური თამაშის ჩვენებას შევეცდებით. მჯერა, მალე "ზესტაფონი" თავის საკადრის ფეხბურთს ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზესტაფონი-დილა 0:0 (პენ. 4-2) - რევანშით შენარჩუნებული ტიტული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
"სამწუხაროდ, ასეთი უარყოფითი ემოციები ადამიანის ქვეცნობიერში დიდხანს რჩება და ამ მტანჯველი გრძნობისგან გათავისუფლება ძალიან ძნელია." უსამართლობის ატანა მართლა ძალიან ძნელია
0
"სამწუხაროდ, ასეთი უარყოფითი ემოციები ადამიანის ქვეცნობიერში დიდხანს რჩება და ამ მტანჯველი გრძნობისგან გათავისუფლება ძალიან ძნელია." უსამართლობის ატანა მართლა ძალიან ძნელია
****
22:49 25-10-2013
0

სიახლეები პოპულარული