ზესტაფონი-გურია 2:3 - ლანჩხუთმა ზესტაფონში თქვა: პირველად იყო "გურია"! [VIDEO]

AutoSharing Option
ასეთ შედეგს "გურიის" ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარი თუ წარმოიდგენდა - მას შემდეგ, რაც "გურიას" სათასო მეტოქედ ბოლო წლების გამორჩეული ქართული გუნდი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და თასის ფინალისტი "ზესტაფონი" არგუნა, ლანჩხუთელთათვის ყველაფერი დამთავრებულად ჩაითვალა.

ამიტომაც მერვედფინალის მატჩები "გურიასთვის" უფრო საპირველლიგო მოსამზადებელი ხასიათისა უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არ ფიქრობდნენ ფეხბურთელები - მათ ჰქონდათ ამბიცია, მასზე მაღალ ლიგაში მყოფ "ზესტაფონთან", რომელმაც ათიოდე დღის წინ საქართველოს სუპერთასიც მოიგო, თანაბრად ეთამაშათ.

პირველმა შეხვედრამ გამოაჩინა, რომ "გურია" სერიოზულადაა გაძლიერებული, მაგრამ რადგან "საშინაო" შეხვედრაში 0:1 წააგეს, შემდეგ ეტაპზე
გაღწევა გურულებს კიდევ უნდა გასჭირვებოდათ.

როგორც ცნობილია, "გურიის" არენა მზად არ არის "ზესტაფონის" დარი გუნდების მისაღებად, მით უფრო, რომ ქართულ ფეხბურთში თავად მოწესრიგებულ კლუბს ხშირად აქვს პრეტენზიები მეტოქეთა მასპინძლობასთან. "გურიის" თავკაცებმაც ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, ორივე მატჩი ზესტაფონში ეთამაშათ.

ამით ზედმეტ ხარჯებსაც ასცდნენ - სტადიონის ქირაობა საკმაოდ ძვირი ჯდება.

სწორედ ორივე მატჩის ფეროელთა ქალაქში ჩატარებამ "გურიის" შანსებიც შეამცირა და ბევრს ათქმევინა - ლანჩხუთელებს თასი არ აინტერესებთო. თუმცა მწარედ მოტყუვდნენ...

მატჩი თემურ ლორიას გუნდის უპირატესობით დაიწყო. წინა მატჩის შემდეგ მრისხანე მეტოქის კომპლექსებიც აღარ შემორჩენოდათ მის შეგირდებს. უკვე მე-3 წუთზე ალეკო გოგობერიშვილმა სცადა გატანა, მაგრამ გამოცდილმა როინ კვასხვაძემ ბურთი კუთხურზე გადააგდო.

Sportall.Geთუმცა ორიოდ წუთში გოლიც გავიდა - ზედიზედ მოწოდებული მეხუთე კუთხურის შემდეგ მატჩის გამორჩეულმა მობურთალმა, ალეკო შენგელიამ მიხეილ კაკალაძეს საგოლედ უპასა - ფორვარდმაც (ისიც მთელი მატჩის განმავლობაში მეტად აქტიური იყო) ორი შეხებით ფეროელთა მეკარეს ბურთისთვის თვალი გააყოლებინა, 1:0.

ამას მოჰყვა "ზესტაფონის" მცველის იძულებითი გასროლა საკუთარი კარისკენ, მეკარემ თავით კუთხურზე გადააგდო კარისკენ აჭრილი ბურთი. შემდეგ იყო, იმავე შენგელიას ჩინებული შანსი რომ მიეცა, მაგრამ გურულთა მარჯვენაფლანგელმა კარში დარტყმის ნაცვლად (მეკარეს ახლო კუთხე დატოვებული ჰქონდა) პასის გაკეთება მოინდომა და იმერელმა მცველებმა განმუხტეს საგოლე ეპიზოდი.

მალევე მანვე ჩინებულად გაისროლა შორეულ ძელთან. მეკარე ვეღარაფერს გააწყობდა, მაგრამ ბურთი ცოტათი ასცდა კარს. ვერც გიგა კვერენჩხილაძემ მოასწრო კუთხის "ჩაკეტვა", თორემ გოლი გარდაუვალი იყო.

ამ ეპიზოდამდე და შემდეგ კი მასპინძლებმა ორი იშვიათი ხიფათი გოლებად აქციეს - ალჟირელმა ლეგიონერმა მოჰამედ რეკრუკმა კარგად ისარგებლა "გურიის" მცველების შეცდომებით. განსაკუთრებით პირველი გოლი "აჩუქეს" სტუმრებმა და თავისიანებს გაატანინა - ჯერ ალექს ბენაშვილმა გააყაიმა, ხოლო შემდეგ კუთხურიდან მოწოდებული გოლად ბოტი დემელმა აქცია. მანამდე, ანუ მეორე გოლამდე წამებით ადრე გიორგი ძაძამიამ თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

შედეგად, 30-ე წუთისთვის "გურია" უკვე 1:2-ს აგებდა.

თითქოს ფსიქოლოგიურადაც უნდა გატეხილიყვნენ პირველლიგელები, მაგრამ პირიქით მოხდა - მათ გამარჯვებისკენ საოცარი სწრაფვა გამოავლინეს და სამ წუთში ორჯერ აიღეს იმერელთა კარი.

ჯერ 33-ე წუთზე, კვერენჩხილაძემ მცველებს თამაშგარეს შექმნისას შეცდომა დააშვებინა. გურულთა მთავარმეგოლემ ბოლომდე იბრძოლა და პირითი ხაზიდან საჯარიმოში გაგზავნა, სადაც კაკალაძეს მეკარემ არ დაარტყმევინა, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილზე გაჩენილმა ლაშა ჩალაძემ ზუსტი დარტყმით თანაფარდობა აღადგინა.

სულ რაღაც სამი წუთი და იგივე კვერენჩხილაძესთან ბრძოლაში მასპინძლები დაჯარიმდნენ. სტანდარტი გოგობერიშვილმა შეასრულა. შეტევაში წასულმა დავით მაისაშვილმა, კარისკენ ზურგით მდგარმა, ერთი შეხებით თავური მაღალ კუთხეში ჩაახვია - 3:2.

თითქოს ამან გამოცდილი მასპინძლები დააბნია, თუმცა მათ გაყაიმების შანსი პირველ ტაიმშივე მიეცათ - სტუმრებს ყურადღება მოედნის მიღმა მყოფ წაქცეულ ფეხბურთელზე ჰქონდათ გადატანილი, როცა ჯარიმა ფეროელებმა სწრაფად გაითამაშეს და ორიოლ ლოსანოს თავურის შემდეგ ძაძამიამ შესაშური რეაქცია გამოავლინა.

ამას მოჰყვა დაძაბული, მაგრამ ხიფათებით ნაკლებად გამორჩეული მეორე ტაიმი. ზესტაფონელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა შეცვლაზე შემოსული გუნდის ახალწვეული ავთო ენდელაძე.

სევასტი თოდუას
თავკაცობით, "გურიის" დაცვამ მასპინძლებს გატანის საშუალება აღარ მისცა. ყველაზე რეალური შანსი კი მაინც ფეროელებს ზედ ბოლო წამებზე მიეცათ - მსაჯის საფინალო ჩასტვენამდე წამებით ადრე მეკარის ბაქანში ერთბაშად სამი ზესტაფონელი აღმოჩნდა დაუცველი, მაგრამ იმერლებმა შანსი ვერ გამოიყენეს.

მანამდე კი გამოსარჩევი იყო ბენაშვილის შორეული დარტყმა, როცა წინ გამოსულ ძაძამიასთვის თავზე გადაგდებას ლამობდა, თუმცა ცოტათი ააცილა, ისევე, როგორც შეტევაში წასულმა გიორგი კაჭკაჭიშვილმა, როცა მაღალ მოწოდებულზე თავით ყველას აჯობა. ერთხელ კი თოდუამ კარგად დაუფარა მეტოქეს.

გაცილებით უკეთესი შანსი კი ისევ გურულებს ჰქონდათ - საჯარიმოში შესულმა კაკალაძემ სიღრმიდან მიღებული გადაცემა კარისკენ უძლიერესად გაგზავნა. არავინ იცის, მოახერხებდა თუ არა კვასხვაძე რეაგირებას, მაგრამ კარისკენ მიმავალი ბურთი კვერენჩხილაძეს მოხვდა.

საბოლოოდ - 3:2 და "საშინაო" 0:1-ის ჯამში, 10-წლიანი პაუზის შემდეგ "გურია" პირველად გავიდა 1/4-ფინალში. სულ პირველად კი ეს გურულებმა 1990 წელს მოახერხეს. მაშინ პირველი ეროვნული თასიც მოიპოვეს.

წლების შემდეგ, ერთ-ერთი აღმასკომის სხდომაზე, როცა თასის მფლობელებზე საუბრობდნენ, ცხონებული იმედო დუნდუა დარბაზიდან ისვრის რეპლიკას - პირველად იყო "გურია"!

VideoSportall.Ge
ზესტაფონი - გურია 2-3


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურია-ზესტაფონი 0:1 - სტუმარმასპინძლობა ქართულ ფეხბურთში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა მიხვედრა უნდა. რა შუაშია დინამო ბათუმი და იმ შუაშია რომ ბათუმი თასიდან გამოვარდა და უმაღლესიდანაც ვარდება :)
გურია
20:54 05-03-2013
0
რა დიდი მიხვედრა უნდა რა შუაშია დინამო და დინამო ბატ> გამოვარდა თასიდან გურიამ ჩემპიონი გამოაგდო და თან ბათუმი ვარდება უმაღლესიდან. ახლა წავიდა ბოღმა კომენტარები რომ ადრე 90 იან წლებშჲ 5-0 გვიგებდნენ. თუ მასეა გურიას ბათუმი 1980იან წლებში შეხვედროდა და ნახავდით რაც იქნებოდა ანგარიში ,
fc guria
20:51 05-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული