ნიკა კვასხვაძე: "სიონის" შეტევა უფრო ძლიერია, ვიდრე დაცვა...

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" ძნელად წასაქცევი გუნდია და თასის ფინალში გასვლის კარგი შანსიც აქვს.

"ჩიხურა" 23 აპრილს ბოლნისის "სიონს" დაუხვდება და წინასამატჩო კომენტარი საჩხერელთა ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს, ნიკა კვასხვაძეს ვთხოვეთ.

25 წლის კვასხვაძე შემტევია. ბოლო დროს თავდამსხმელის უკან, დაახლოებით პლეიმეიკერის პოზიციაზე თამაშობს, მანამდე კი ფლანგიდან ამწვავებდა იერიშებს.

მას არაერთი საჭირო გოლი აქვს გატანილი მიმდინარე სეზონში და ცხადია, "სიონთან" სათასო დაპირისპირებაშიც მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ წაუვა თამაში...

- ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში "სიონი" შინ 0:3 დამარცხდა "ვიტ ჯორჯიასთან" და გამოჩნდა, რომ უნაკლო გუნდი
ნამდვილად არ არის...

- გასაგებია, მაგრამ ჩვენ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩით არ ვაფასებთ "სიონის" ძალას. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ "სიონმა" თასის მეოთხედფინალში ისეთი ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება მოახერხა, როგორიც ქუთაისის "ტორპედოა".

თასზე "სიონი" გაცილებით უფრო მობილიზებული იქნება, ვიდრე "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის დროს იყო.

- "სიონთან" პირველ შეხვედრაში რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ?
- გოლი არ უნდა გავუშვათ - ეს იქნება მთავარი.

- არცთუ დიდი ხნის ამბავია - ჩემპიონატში სტუმრად "დინამოსთან" 0:3 რომ დამარცხდით, მატჩის შემდეგ თქვენი მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ამბობდა, უმაღლესი ლიგის გუნდს მეტი თავმოყვარეობა მართებდა, მიუხედავად დანაკლისისა, ასე არ უნდა გვეთამაშაო. როგორ ფიქრობ, ეს ფეხბურთელების მხრიდან კონცენტრაციის დაკარგვის ბრალი იყო?
- კონცენტრაციის დაკარგვა - "ჩიხურას" ასეთი პრობლემა არ აქვს, უბრალოდ, "დინამოსთან" ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი გვაკლდა.

"ჩიხურა" გუნდურ ფეხბურთს თამაშობს, ცალკეულ მოთამაშეებზე დამოკიდებულნი არ ვართ და როცა ექვსი მოთამაშე გამოგვაკლდა, ამან ძალიან უარყოფითად იმოქმედა ჩვენზე, თუმცა მაინც არ უნდა წაგვეგო ასე...

- ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე ხართ - სეზონის ბოლოს აქცენტს უფრო თასზე გადაიტანთ?
- არა, ორივე ტურნირში ერთნაირი მონდომებით ვიბრძოლებთ, ჩემპიონატიდანაც ხომ შეგვიძლია ევროტურნირზე მოხვედრა.

- რა იქნება "ჩიხურას" კოზირი "სიონთან" სათასო დაპირისპირებაში? ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპზე ბოლნისელთა გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა...
- ჩემი აზრით, "სიონის" შეტევა უფრო ძლიერია, ვიდრე დაცვა - ვეცდებით, ეს გამოვიყენოთ...

ნიკა კვასხვაძე: ამის გამოყენებას ვეცდებით... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს თასი. პირველი ნახევარფინალური მატჩების წინათქმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული