მით უფრო, რომ "კოლხეთს" ამ სეზონში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზანი აქვს, ვიდრე თასზე წარმატებული ასპარეზობაა: ზაზა ინიაშვილის გუნდი პირველ ლიგაში თავისი ზონის უპირობო ფავორიტია და უმაღლესში დაბრუნებაც, წესით, არ უნდა გაუჭირდეს.
25 სექტემბრის მატჩამდე "კოლხეთს" პირველ ლიგაშიც აბსოლუტური შედეგი ჰქონდა (ოთხიდან ოთხი მოგება) და თასის წინა ეტაპზეც ორივე მატჩში გაიმარჯვა.
და აი, ახალი სეზონის პირველი მარცხიც: ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარებულ მატჩში "მეტალურგმა" ორი
აქვე ისიც ვთქვათ, რომ მასპინძელთა თავკაცმა გელა სანაიამ ძირითად შემადგენლობაში გარკვეული როტაცია მოახდინა (ძირითადში პირველად გამოჩნდა ახალგაზრდა მარცხენა მცველი თედო კაკულია), "კოლხეთი" კი, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგა.
სხვათა შორის, ვიდრე "მეტალურგი" პირველ გოლს გაიტანდა, "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელს ერთობ ორიგინალური განლაგება ჰქონდა მოფიქრებული: სამი მცველის წინ ორი ჩამშლელი (ახალგაზრდა გია ჩადუნელი და გამოცდილი გიორგი კრასოვსკი) მოქმედებდნენ, შემდეგ "ეშელონს" შეტევაზე ორიენტირებული ოთხი ნახევარმცველი წარმოადგენდა, წინა ხაზზე კი გუნდის ახალწვეული ზვიად ქანთარია მოქმედებდა. თუმცა შემდეგ "კოლხეთი" ოთხმცველიან ტაქტიკაზე "გადაერთო", მაგრამ სტუმრებს ამან ვერ უშველათ.
იმის მიუხედავად, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და "კოლხეთის" მეკარეს ლაშა ძაგანიასაც რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოუხდა, სტუმრებმა მაინც მოახერხეს და რამდენჯერმე ახლოსაც იყვნენ მიზანთან.
განსაკუთრებით კი, დათა სიჭინავას არ უმართლებდა: გარკვეული პაუზის მერე "კოლხეთში" დაბრუნებულმა შემტევმა ორჯერ შორიდან შეასრულა თავისი "საფირმო" საჯარიმოები და ორჯერვე ბურთი "მეტალურგის" კარის ხარიხას მოხვდა!
ერთ ეპიზოდში კი სტუმრებმა გოლიც გაიტანეს, მაგრამ დამხმარე მსაჯს ალამი უკვე აღმართული ჰქონდა, - ანუ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა; კიდევ იმ მომენტის აღნიშვნაც გვინდა, სიჭინავა მოხდენილი ფინტებით მარცხენა ფლანგზე რომ გაიჭრა, მაგრამ მის სახიფათო გამჭოლ გადაცემას პარტნიორებმა ვერ მიუსწრეს.
აი, რაც შეეხებათ მასპინძლებს, პირველ ტაიმში გოგა ფიფიას სახიფათოდ შესრულებული ჯარიმაა აღსანიშნავი და ირაკლი სიხარულიძის მშვენიერი რეიდი, თუმცა ორივე ეპიზოდში სტუმრები გადარჩნენ. ფიფია, საერთოდაც, გამორჩეული გახლდათ მასპინძელთა შემადგენლობაში და მის ჩინებულ ფლანგურ გარღვევას მოჰყვა კიდეც პირველი გოლი - დავით კირკიტაძემ ახლო მანძილიდან ბურთი თავით, ვარდნაში გადაგზავნა სტუმართა კარში.
მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი სიხარულიძეს ზედიზედ ორჯერ შეექმნა ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ ორჯერვე ლაშა ძაგანიამ იყოჩაღა.
თუმცა "კოლხეთის" მეკარე უძლური გახლდათ იმ ეპიზოდში, როცა რევაზ გეწაძემ თავის "საფირმო ცაციათი" საჯარიმო ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს საპასუხო მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა მოუტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"