პირველი მატჩი "სიონმა" ამჯერადაც "მიხეილ მესხზე" გამართა. არადა, სათასო მნიშვნელობით, ეს სტადიონი ხომ "ჩიხურასთვის" უფრო იღბლიანია?! წინა სეზონის სუპერთასი სოსო ფრუიძის შეგირდებმა სწორედ ვაკის არენაზე ასწიეს და საქართველოს თასის ბოლო ფინალიც ამ მოედანზე ითამაშეს.
"ჩიხურას" ამჯერადაც გაუმართლა და საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს სტუმრად გატანილი ერთი გოლით ისტუმრებენ, თუმცა არც "სიონი" ჩანს ჯაბანი. იმავე ალბათობით, როგორც "ჩიხურამ" "სიონს" თბილისში გაუტანა, ბოლნისელებსაც შეუძლიათ ზემო იმერეთში გატანა, მით
მატჩის დაწყების წინ "სიონის" ფეხბურთელებმა, საქართველოს დროშასთან ერთად, კიევში განვითარებული მოვლენების სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშაც გაიტანეს.
პირველ ტაიმში "სიონის" თავდამსხმელებმა სტუმრებს ერთი-ორჯერ ძალიან მწვავედ შეახსენეს თავი, ხოლო მეორის დასაწყისში გაუტანეს კიდეც. ბოლნისელთა შედეგიან იერიშში თითქმის ყველა შემტევი მონაწილეობდა, რაც ბოლოს ჯარიმით, ხოლო იქიდან ჯერ კოკა მიკუჩაძის, საბოლოოდ კი ზვიად ლობჯანიძის ზუსტი დარტყმით დასრულდა.
არადა, მანამდე "ჩიხურას" შეეძლო დაწინაურება. ჯერ იყო და, კუთხურის შემდეგ ვაჟა ლომაშვილმა ისეთი შანსი გაანიავა, კაცი უკეთესს ვერც ინატრებდა; მერე კი ჯაბა ჯიღაურს უმტყუნა მიზანმა.
გოლის გარდა, "მასპინძლებს" კონტრშეტევაზე ერთი ძალიან კარგი მომენტიც შეექმნათ, მაგრამ კახელიშვილი უგულავას პასს ვერ შესწვდა.
იგრძნობოდა, რომ "სიონი" საკუთარი კარის "მშრალად" შენახვაზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე შეტევაზე. ასეთია თასზე თამაშის სპეციფიკა. ამიტომ ბოლნისელთა მწვრთნელი ლადო ბურდული შეგირდებს მაინცდამაინც წინისკენ არ "მიერეკებოდა" - "სიონი" თავის შანსს ელოდა...
ელოდა და მიიღო კიდეც, როცა დაწინაურდა და კიდევ ერთხელ მაშინ შეეძლო წინ გასვლა, როცა გიორგი განუგრავას მიერ წამოწყებული კონტრშეტევა მეკარე რევაზ თევდორაძემ ჩაშალა.
მოკლედ, "სიონი" პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობდა, იმ გათვლით, რომ მინიმალური ანგარიშით მოგება ნახევარზე მეტად გაკეთებულ საქმედ ჩაეთვლებოდა. მით უმეტეს, "ჩიხურა", რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, მეორე ტაიმის შუისკენ ოდნავ მოეშვა და შეიქმნა წინაპირობა, რომ ბოლნისელები შეხვედრას მოგებამდე მიიყვანდნენ.
...და ზუსტად ამ დროს, საჩხერელებმა ერთხელაც იფეთქეს და ზედიზედ რამდენიმე დარტყმის შემდეგ მირზა მერლანს ის გოლი გაუტანეს, "ოქროს ფასი" რომ შეიძლება ჰქონდეს - ილია კანდელაკმა ელგუჯა გრიგალაშვილი დარტყმის მომენტში წააქცია და დაინიშნა პენალტი, რომელიც კიდევ ერთმა ყოფილმა დინამოელმა, ლევან ხმალაძემ ზუსტად შეასრულა.
ამ გოლმა დატოვა ის ინტრიგა, რაზეც დასაწყისში ვთქვით. ამათში გამარჯვებულის გარკვევას კიდევ ერთი 90 წუთი სჭირდება და სტადიონზე წამსვლელები ერთ ნახევარ საათსაც თუ გაითვალისწინებენ, არაფერს დაკარგავენ. ისეთი მეტოქეების მატჩია, 120-წუთიან ბრძოლას ნუ გამორიცხავთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"