მისმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და სამი ათასამდე გულშემატკივრის ქომაგობით შეგულიანებულმა მასპინძლებმა ლამის მე-4 წუთზე მოახერხეს ანგარიშის გახსნა - მარჯვენა ფრთიდან ხუჭუამ ჩააწოდა, მაგრამ ბაჯელიძის სახიფათო თავური კარს ცოტათი ასცდა.
მართალია, ამის შემდეგაც რამდენიმე წუთი
სამაგიეროდ, სტუმრებმა დაახლოებით მე-20 წუთისთვის თამაშის გათანაბრებაც მოახერხეს და უფრო ხეირიანი შეტევები განახორციელეს - სამწუთიან მონაკვეთში ფონიავა ორჯერ დაემუქრა მასპინძლებს: პირველად - საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული კარს ააცილა, მეორედ კი, თითქმის იმავე პოზიციიდან გატანა უკვე "შუქურას" მეკარემ არ დაანება.
სულ მალე სტუმრებმა გაიტანეს კიდეც - ბენაშვილმა საჯარიმო ჩააწოდა, გაგა ჩხეტიანმა კი თავი გაჰკრა ბურთს, რომელიც ხარიხას მოხვდა, იქიდან ასხლეტილი კი შეტევაში წასულმა გაბუნიამ კარის ბადეში მოათავსა... მაგრამ ლაინსმენმა მარტვილელ მცველზე თამაშგარე დააფიქსირა, რასაც სტუმრების გულისწყრომა მოჰყვა.
ამის მერე იყო კუჭუხიძის კარგი რეიდი, თუმცა საჯარიმოში შესულმა მახვილი კუთხიდან კარს ცოტათი ააცილა.
ტაიმის ბოლოსკენ მასპინძლები გამოცოცხლდნენ - პირველი ხიფათის მსგავსად, ხუჭუას გადაცემის შემდეგ ბაჯელიძის თავური ამჯერადაც ასცდა კარს. იქვე, იმავე ხუჭუას ჩაწოდებულზე, მასპინძლებმა მერანელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ვერ იხეირეს.
მეორე ტაიმი გაცილებით უინტერესო სანახავი გამოდგა, რაც ერთგვარად გადაფარა მასპინძელთა ფანკლუბის აქტიურობამ. აშკარა იყო, ქომაგი გოლს ითხოვდა, ამიტომ შეროზიამ წინა ხაზი გიორგი ჩელებაძითა და გამოცდილი მიხეილ კაკალაძით გააძლიერა.
ამის მიუხედავად, მასპინძლებს ხეირიანი შეტევის განხორციელება უჭირდათ. ხიფათს ვერც სათამაშო უპირატესობის მქონე "მერანი" ქმნიდა, თუმცა ბოლოსკენ, შოთა ბაბუნაშვილის მონაწილეობით, სტუმრებს სამი კარგი შანსი მაინც მიეცათ - გამოცდილ მობურთალს ერთხელ ცოტათი აუცდა, ხოლო ორჯერ გატანა თემურ კაკალაძემ არ დაანება.
განსაკუთრებით გამორჩეული ბოლო ეპიზოდი იყო, როცა მერანელი თითქმის მეკარის ბაქნიდან ურტყამდა.
"ჩემი სადებიუტო თამაში იყო. შედეგითაც და ბიჭების გარჯითაც კმაყოფილი ვარ. მოგებაც შეგვეძლო, ერთხელ გავიტანეთ კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. 0:0 ის ანგარიშია, რაც საპასუხო შეხვედრაში ჩვენ გვაძლევს უპირატესობას", - აღნიშნა ნამატჩევს ზურაბ იონანიძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"