ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2 - ღირსეული "ვეტერინარები"

AutoSharing Option
ხშირად, გუნდის პირველ ლიგაში დაქვეითება მისი კიდევ უფრო უკუსვლის მიზეზი გამხდარა. საბედნიეროდ, "ვიტ ჯორჯიას" ასე არ დაემართა. გუნდი ისევ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას უმიზნებს, სეზონი დამაიმედებლად დაიწყო და ეროვნული თასის გათამაშებაშიც ღირსეულად ჩაერთო - ჯერ იყო და უმაღლესი ლიგის დებიუტანტი "საბურთალო" გამოაგდო, ახლა კი შანსი აქვს, იგივე ბათუმის "დინამოსთან" გაიმეოროს.

თამაში უხვგოლიანი გამოდგა და ანგარიშიც სწრაფად გაიხსნა. ფლანგიდან ანზორ სუხიაშვილის გადაცემა ვაკო თევდორაძემ დააგვირგვინა - 0:1.

ვეტერინარებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. მარჯვენა ფლანგზე მოკლე პასებით გათამაშებული შეტევა კახა კახაბრიშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა
- 1:1.

რატომღაც, ამის მერე ბათუმელებს "ჩაეძინათ". აშკარა იყო, ისინი შეხვედრას სათანადოდ არ მოეკიდნენ. უპირატესობა მასპინძლებმა იგდეს ხელთ და მეტოქეს სულ უფრო მწვავედ შეუტიეს. ისინი სწრაფად თამაშობდნენ და ფლანგებს აქტიურად იყენებდნენ. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში დაწინაურების რეალური შანსიც მიეცათ, როცა მარცხენა ფლანგიდან გადაცემის შემდეგ ზურაბ ღირდალაძემ ბურთს თავი დაუხვედრა, მაგრამ მიზანს ააცილა.

ვიტელებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. მცველებს ისევ ღირდალაძე გაექცათ, მაგრამ ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან მეკარე მიხეილ ალავიძეს ვერ აჯობა, დამატებაზე კი მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

"ვიტ ჯორჯიამ" მაინც გაიტანა. კუთხურის შემდეგ, ბურთი ივანე ხაბელაშვილს მიუგორდა და ამანაც ახლო მანძილიდან ძლიერი "გასროლით" კარის ბადე შეარხია - 2:1.

მალე თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი კახაბრიშვილს მიეცა, მისი თავურის შემდეგ ბურთი კარისკენ წავიდა, მაგრამ ბათუმელთა მცველმა ხაზიდან გამოიტანა.

სტუმართა დაცვა ერთხელაც ჩავარდა. უხეიროდ მოგერიებულ ბურთს საჯარიმოს ხაზთან ერეკლე ლებანიძე დაეუფლა, რომლის ძლიერმა დარტყმამ ბათუმელები კიდევ ერთხელ დაამწუხრა - 3:1.

შემდეგ მასპიძლებს დაღლა დაეტყოთ, სტუმრები კი მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდნენ და თამაში კიდევ უფრო საინტერესოდ გაგრძელდა. დინამოელებს ანგარიშის შემცირებისა და გათანაბრების რეალური შანსებიც ჰქონდათ. მაგალითად, გიორგი ბერიაშვილმა საჯარიმოსთან ბურთი კარგად მიიღო, ორი მეტოქე ერთი მოძრაობით ეფექტურად ჩამოიშორა და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მეკარე ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დაუხვდა.

მერე საპასუხო კონტრშეტევა წამოიწყეს ვიტელებმა, ლევან საბაძე საჯარიმოსკენ დაიძრა და სახიფათოდ შეუტია, მაგრამ ალავიძემ დროულად რეაგირება მოასწრო.

ბათუმელებმა კი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს. მარჯვენა ფლანგიდან ბადრი ტეტუნაშვილმა შეტევა შორეული გადაცემით მარცხენა ფლანგზე თევდორაძეს გაუგრძელა, მან კი - ლუის მედინას. პორტუგალიელ ლეგიონერს მცველი გადაეფარა, მაგრამ დამატებაზე ვერ ივარგა - 3:2.

ბოლო წუთზე "ვიტ ჯორჯიას" ორბურთიანი უპირატესობის აღდგენის შანსი მიეცა. ლუკა თათხაშვილმა ბურთი მოედნის ცენტრში ჩაჭრა, თითქოს, გადაცემას აპირებდა, მაგრამ კარისკენ დაიძრა და ძლიერადაც დასცხო - რომ არა ალავიძის კარგი ნახტომი, ბათუმელთა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეირხეოდა.

საბოლოოდ, შეხვედრა "ვიტ ჯორჯიას" მოგებით 3:2 დასრულდა, რაც საპასუხო შეხვედრაში შანსს ორივე გუნდს უტოვებს. ასე რომ, ქობულეთის მატჩი დამაინტრიგებელი უნდა იყოს.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები
16.09. მცხეთა. მცხეთა პარკი
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2
გოლები: 0:1 თევდორაძე (10. სუხიაშვილის პასით), 1:1 კახაბრიშვილი (13), 2:1 ხაბელაშვილი (57), 3:1 ლებანიძე (63), 3:2 ლუის მედინა (78. თევდორაძის პასით)
ვიტ ჯორჯია: შეროზია - თათხაშვილი, კალანდია, ჩიტიშვილი, საბაძე - ვაზაგაშვილი, ლებანიძე (81. მათიაშვილი) - კახაბრიშვილი (75. ქარელი), კურდღელაშვილი (63. კამლაძე), ხაბელაშვილი - ღირდალაძე.
სათადარიგოები: ისერგიშვილი, მერაბიშვილი, დანელია, გოგოლაშვილი
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
დინამო: ალავიძე - ქავთარაძე, მგელაძე, გოგიტიძე, სუხიაშვილი - შონია, ვარშანიძე (72. ჩირიკაშვილი) - დიასამიძე (61. ლუის მედინა), თევდორაძე, ჭკუასელი (46. ტეტუნაშვილი) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: ტაკიძე, კვანტალიანი, ქათამაძე, აბუსელიძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილებები: ვარშანიძე (72), საბაძე (80)
არბიტრი: ხ. გაგნიძე.

სხვა მატჩები
თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 ჯიღაური (39. იაშვილის პასით)

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-ლიახვი (ცხ) 3:0
გოლები: 1:0 შერგელაშვილი (32), 2:0 რაჟამაშვილი (48), 3:0 მარკოზაშვილი (90).

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-ზუგდიდი 1:2
გოლი: 0:1 ბულია (32) 1:1 მოდებაძე (58), 1:2 თუთბერიძე (90).

ჭიათურა. თემურ მაღრაძე
ჭიათურა-ტორპედო 0:1 [VIDEO]
გოლი: 0:1 კირკიტაძე (73).

ლანჩხუთი. ევგ. შევარდნაძე
გურია-სიონი 0:2
გოლები: 0:1 მიქაბერიძე (15), 0:2 მანჯგალაძე (90).

ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ცხინვალი 3:1
გოლები: 0:1 ლექვთაძე (2), 1:1 ჩალაძე (27), 2:1 გუგუჩია (60), 3:1 ჩელებაძე (71).

ქუთაისი. ტორპედო
საპოვნელა-ჩიხურა 0:2
გოლი: 0:1 სარდალიშვილი (21), 0:2 ჭანკოტაძე (89).

საქართველოს თასის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრები 27 და 28 სექტემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული