ტორპედო-ჭიათურა 6:1 - ხასიათი გამოიკეთეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალექსანდრ შტელინის შეგირდებმა "ჭიათურასთან" საპასუხო შეხვედრა დიდი ძალისხმევის გარეშე მოიგეს და თასის მეოთხედფინალში გავიდნენ.

ქუთათურებმა, რომელთაც პირველი მატჩი 1:0 ჰქონდათ მოგებული, თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, პირველი ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს.

მასპინძლები სწრაფი გოლით დააწინაურა გიორგი კახელიშვილმა, რომელმაც მოგვიანებით ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.

რიონისპირელები ბევრს უტევდნენ და ტაიმის მიწურულს გიორგი კუხიანიძემ ლამაზი დარტყმით მეორე გოლი გაიტანა.

თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. მატჩი სამიოდე წუთის განახლებული იყო, როცა შოთა ბაბუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ ანრი ჭიჭინაძემ თავური
დარტყმით "ტორპედოში" სადებიუტო გოლი გაიტანა. შემდეგ თავი გიორგი ქიმაძემ გამოიჩინა, რომელმაც მინდია ბობღიაშვილს ძალზე მახვილი კუთხიდან გაუტანა.

ქიმაძის კარგ თამაშს მოჰყვა ქუთაისელთა მეხუთე გოლიც - მან მარცხენა ფლანგზე გაილაღა და დათა სიჭინავას ცარიელ კარში გაატანინა.

სტუმრებმა მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს - თავი შეცვლაზე შესულმა ლევან კუჭაშვილმა გამოიჩინა.

თუმცა ტორპედოელებმა ქვედალიგოსანს ესეც არ შეარგეს - მატჩის მიწურულს გია ნერგაძემ ახლო მანძილიდან დალაშქრა ბობღიაშვილის კარი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ეროვნულ ჩემპიონატში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ ქუთაისელებმა თასის მერვედფინალში გამარჯვებით ხასიათი გამოიკეთეს და "გურიასთან" ჩემპიონატის უახლოესი ტურის მატჩს კარგ განწყობაზე შეხვდებიან.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
27.10. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-ჭიათურა 6:1

გოლები: 1:0 კახელიშვილი (11), 2:0 კუხიანიძე (42), 3:0 ჭიჭინაძე (48. ბაბუნაშვილის პასით), 4:0 ქიმაძე (58. ბრეგვაძის პასით), 5:0 სიჭინავა (72. ქიმაძის პასით), 5:1 კუჭაშვილი (81), 6:1 ნერგაძე (88. ფურცხვანიძის პასით)
ტორპედო: ხაინდრავა - ტაბატაძე, ნერგაძე, ჭიჭინაძე (60. ნაცვლიშვილი), ბრეგვაძე - კახელიშვილი (33. სიჭინავა), კლიმიაშვილი, ნერგაძე, ბაბუნაშვილი, კუხიანიძე (65. ფურცხვანიძე), ქიმაძე - კვერნაძე.
სათადარიგოები: გეგუჩაძე, ნიკონოვი, გოგუაძე, კაპანაძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
ჭიათურა: ბობღიაშვილი - სამყურაშვილი (61. ბარბაქაძე), ცუცქირიძე, ჯობინაშვილი, გაფრინდაშვილი - ნადირაძე, სევასტოპულო, ლობჟანიძე (72. კუჭაშვილი), ნემსაძე, ნიჟარაძე - ხაჭიპერაძე (46. ცაგარეიშვილი).
სათადარიგოები: ნადირაძე, ზაქარაშვილი
მწვრთნელი: ბადრი ბრეგვაძე
გაფრთხილება: კლიმიაშვილი (56), ცუცქირიძე (74), კვერნაძე (78)
არბიტრი: პ. მაჭარაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული