საქართველოს თასი: ყველა მერვედფინალისტი ცნობილია

AutoSharing Option
24 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა.

ყველაზე დაძაბული შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა. "ბაიას ბაზაზე" ადგილობრივი "ოდიში 1919" და "გარდაბანი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. დამატებით დროში კვლავ ზუგდიდელები დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს გარდაბნელებმა გათანაბრება მოახერხეს. მასპინძლები ამ გოლმაც არ დააბნია და შეხვედრის ბოლო, 120-ე წუთზე ირაკლი ღიბრაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

დამაჯერებლად იმარჯვა "ბორჯომმა". კობა თედიაშვილის გუნდმა საკუთარ მოედანზე "საპოვნელას" უმასპინძლმა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძლებმა შეხვედრის ბედი
პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს და დარჩენილ დროში მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.

შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს ხობის "კოლხეთიც". გია გურულის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე უმაღლესლიგელი "ცხინვალი" მიიღეს და 2:0 გაიმარჯვეს. გოლები ბექა ბაკურაძისა და ცოტნე ბუკიას ანგარიშზეა.

საქართველოს თასი. I ეტაპი
24 აგვისტო
ხობი. ცენტრალური.
კოლხეთი (ხ)-ცხინვალი 2:0

ბორჯომი. "ჯემალ ზეინკლიშვილი"
ბორჯომი-საპოვნელა 4:0

ზუგდიდი. "ბაიას ბაზა"
ოდიში1919-გარდაბანი 3:2

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის 9 შეხვედრა 23 აგვისტოს გაიმართა.

- საქართველოს თასი: მერვედფინალის მონაწილე 9 გუნდი ცნობილია

პირველი ეტაპის 12 გამარჯვებული გუნდი მერვედფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც მათ ის გუნდები დაემატებიან, რომლებიც საქართველოს ევროთასებზე წარმოადგენდნენ. თასის გათამაშების ამ ეტაპის კენჭისყრა 30 აგვისტოს გაიმართება.

წყარო: GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული