მერანი-ტორპედო 1:2 - "ტორპედომ" თასი გაასამა [VIDEO]

AutoSharing Option
"ტორპედო" მესამედ გახდა საქართველოს თასის მფლობელი. 2002 წლის შემდეგ, როცა ქუთათურები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ტიტული აღარ ჰქონდათ მოგებული და თასის ფინალში გამარჯვებამ მათ 14-წლიან "მშრალ" სერიას წერტილი დაუსვა.
იხილეთ ვიდეო
მერანი-ტორპედო 1:2
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
დაჯილდოება
Sportall.Ge

არადა, "ტორპედომ" წლევანდელი საფეხბურთო სეზონი ისე ცუდად დაიწყო, თასის მფლობელად ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. ამ წარმატების მთავარ შემოქმედად ახალგაზრდა მწვრთნელი კახა ჩხეტიანი იქცა, რომლის ხელშიც გუნდი სულ სხვანაირად ათამაშდა და, რაც მთავარია, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ "ტორპედომ" კიდევ ერთი ჯილდო მოიგო...

მატჩის წინ
ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" გამართული
ფინალი "ტორპედოსთვის" თუ მეშვიდე იყო, მარტვილის "მერანი" დასკვნით სათასო მატჩში პირველად თამაშობდა. გიორგი მიქაძის გუნდი წლეულს სწორედაც "სათასო გუნდად" მოგვევლინა. პირველი ეტაპიდან მოყოლებული, მარტვილელებმა გზიდან ოთხი უმაღლესლიგელი (ბათუმის "დინამო", "დილა", "კოლხეთი" , "ჩიხურა) ჩამოიშორეს, გადამწყვეტ დაპირისპირებაშიც ბოლომდე იბრძოლეს, ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მეტოქეს არ დანებდნენ, მაგრამ... ძალები აღარ ეყოთ.

საქართველოს ჩემპიონატისა და თასის გათამაშების კვალობაზე, მართლაც კარგი და დაძაბული მატჩი გამოვიდა. რაც მთავარია, ქომაგები ლამაზი გოლებისა და ბოლო წუთებამდე შენარჩუნებული ინტრიგის მოწმენი გახდნენ.

გამარჯვების მოლოდინში, ზესტაფონში მრავლად ჩავიდა ორივე გუნდის გულშემატკივარი. მათ ფეხბურთს მონატრებული ადგილობრივი ქომაგიც დაემატა და ტრიბუნები ბოლომდე შეივსო. სტადიონი ფინალს სრულ მზადყოფნაში შეხვდა. ხასხასა მინდორი და კარგი საფეხბურთო ატმოსფერო საინტერესო ჯახის წინაპირობას იძლეოდა...

მატჩი
"ტორპედომ" მატჩი აქტიურად დაიწყო და დებიუტშივე შეეძლო დაწინაურება - ბექა ტუღუში ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერადაც დასცხო, თუმცა დავით კუპატაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ქუთაისელები ბევრს მოძრაობდნენ და მეტოქის ნახევარზე აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ. მარტვილელებს კი სივრცეები არ რჩებოდათ და ბურთის მოსაპოვებლად ხშირად უხეშობის ზღვარზე თამაშობდნენ.

ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდისას, "მერანი" მარჯვენა ფლანგზე დაჯარიმდა. "სტანდარტული" შოთა ბაბუნაშვილმა შეასრულა და ბურთი გიორგი გურულს დაასვა თავზე - ზუსტი დარტყმა და "ტორპედო" დაწინაურდა.

ქუთაისელებს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ. ისინი მოედნის ცენტრს აკონტროლებდნენ და ძირითადად, ფლანგებიდან უტევდნენ. ჩვეული აქტიურობით გამოირჩეოდნენ ვაჟა ტაბატაძე, გიორგი ქიმაძე და გრიგოლ დოლიძე. აღარაფერს ვამბობთ ტუღუშზე, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით მეტოქეს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა.

ამ აქტიურობას ჯილდოდ მოჰყვა გოლი, რომელიც 37-ე წუთზე გავიდა - ტუღუშმა დაახლოებით 23 მეტრიდან პენალტივით შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთმა "ცოცხალ კედელს" გადაუფრინა და კუპატაძე უძლური აღმოჩნდა - 0:2. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ტუღუში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სპეციალური პრიზი მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.

...თუკი პირველ ტაიმში "ტორპედო" მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა, მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა. როგორც ჩანს, შესვენებისას მიქაძემ შეგირდები კარგად "მოქოქა". თამაშის განახლებისთანავე, "მერანი" უფრო აქტიური და მოტივირებული გამოჩნდა. შოთა ჯიქიას ნაცვლად შეცვლაზე შესული ზვიად ქანთარიაც აქტიურად ჩაერთო თამაშში. მარტვილელები ცენტრიდანაც სახიფათოდ უტევდნენ და ფლანგებზეც გააქტიურდნენ.

აქ განსაკუთრებით ლაშა ჩალაძის ძალიან კარგი თამაში უნდა გამოვყოთ - მარტვილელთა მარცხენა მცველმა თავისი სწრაფი დრიბლინგებით ტორპედოელებს მოსვენება დაუკარგა. სწორედ მისი წაქცევის გამო დაინიშნა ის სახიფათო საჯარიმო, რომელიც ნიკა საბანაძემ გოლად აქცია. "მერანის" ფორვარდმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში იცავდა "ტორპედოს" ღირსებას, კარში ძალზე უხერხულად დაარტყა და ბურთი მიწიდან ასხლეტით გაეხვია ბადეში - 1:2.

საბანაძის გოლმა მატჩს ინტრიგა დაუბრუნა და მარტვილელთა გულშემატკივარიც გამოაცოცხლა. "მერანმა" მეტოქეზე დაწოლა გააძლიერა. სახიფათოდ ურტყამდა ქანთარია. პირველი ტაიმისგან განსხვავებით, საბანაძეც გაცილებით აქტიური იყო. "ტორპედოს" კი, თითქოს, ძალები გამოეცალა. ალბათ, ეს იმის ბრალიც იყო, მთელი პირველი ტაიმი აქტიური პრესინგი რომ ითამაშა...

ქუთაისელებმა თანდათან შეცდომებსაც უხშირეს და კინაღამ დაისაჯნენ. კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, რომელმაც მცველებს დრიბლინგით ჩაუქროლა და კარშიც ძლიერად დაარტყა - ქუთაისელები კვასხვაძემ იხსნა.

მატჩის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე კი ტორპედოელებს საქმის მოთავება შეეძლოთ - ტუღუშის დარტყმული მცველს მოხვდა და ბურთი კარშიც წავიდა, მაგრამ კუპატაძემ რეაგირება მოასწრო და "ტორპედო" მხოლოდ კუთხურს გამორჩა.

მერე კუპატაძემ ანრი ჭიჭინაძის სახიფათო დარტყმაც გააუვნებელყო და მატჩს ინტრიგა ბოლო წუთამდე შეუნარჩუნა. "მერანმაც" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ქუთაისელებმა მეტოქეს მეტის საშუალება არ მისცეს და ფინალი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

მატჩის შემდეგ
"ტორპედომ" თასის მოგება გულშემატკივრების ტრიბუნასთან იზეიმა. უსაზღვრო იყო რიონისპირელთა ემოციები და სიხარული. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გამარჯვებულებს თასი და ოქროს მედლები ჩამოურიგა, ბოლოს კი ტორპედოელებმა ფოიერვერკის ფონზე ტროფეი აღმართეს და ზეიმი კარგა ხანს გააგრძელეს. ჩვენ კი გამარჯვებულთა მწვრთნელი კახა
ჩხეტიანი მოვიხელთეთ და კომენტარი ვთხოვეთ:

"ვულოცავ "ტორპედოს" გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც საამისოდ ყველაფერი გააკეთეს! ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და ვფიქრობ, ნეიტრალურმა გულშემატკივარმაც ისიამოვნა. "მერანი" კარგი გუნდია, ბოლომდე იბრძოლა, თუმცა, ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ახლა უკვე "დინამოსთან" ჩემპიონატის მატჩზე გადავერთვებით".

- გუგა ფალავანდიშვილი: მიხარია, რომ ქუთაისისთვის დიდი საქმე გავაკეთეთ
- როინ კვასხვაძე: ბედნიერი ვარ, "ტორპედოსთან" ერთად თასს რომ დავეუფლე

საქართველოს თასი. ფინალი
22.11. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 4500 მაყურებელი
მერანი (მარტვილი)-ტორპედო (ქუთაისი) 1:2
გოლები: 0:1 გურული (16. ბაბუნაშვილის პასით), 0:2 ტუღუში (37), 1:2 საბანაძე (54)
მერანი: კუპატაძე, მელიავა, გიორგაძე, ორბელაძე, ჩალაძე, ტეიდი, ციმაკურიძე, შულაია, ჯიქია, წყაროზია, საბანაძე,
შეცვლები: 46. ჯიქია - ქანთარია, 72. წყაროზია - გეგია, 90. მელიავა - წოწონავა.
სათადარიგოები: მამალაძე, ჩუბითიძე, გეწაძე, ჯიჯელავა.
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
ტორპედო: რ. კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, დოლიძე, ბაბუნაშვილი, ტუღუში, კაპანაძე.
შეცვლები: 72. ბაბუნაშვილი - საღრიშვილი, 79. კაპანაძე - ნერგაძე, 87. დოლიძე - ბენაშვილი.
სათადარიგოები: ქვილითაია, წილოსანი, ბურჯანაძე, კვერნაძე.
მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტორპედომ აქედანვე უნდა დაიწყოს ევროტურნირებისთვის მზადება გუნდს გაძლიერება აუცილებლად დაჭირდება,თან მანამდე დრო საკმაოა და კარგი იქნებოდა ძლიერი გუნდით ევროტურნირებზე გამოსვლა.მიზანი აქედანვე უნდა დაისახონ,თორემ ევროტურნირებამდე 2 კვირით ადრე გაკეთებულ გუნდებს კარგად ვიცით იქ რა ემართებათ ხოლმე.წარმატებები ტორპედოს ამ გუნდს სულით და გულით ვგულშემატკივრობ.ტორპედო ყოველთვის წარმატებული კლები უნდა იყოს ქართული საზომებით ეს ქართულ ფეხბურთს ჭირდება.
bebeto
20:06 24-11-2016
0
Kargit raa.. merani ro batums, gors da sachxeres gaagdebss. Vitom roo gaagdooo da pederacias ro dzinavss da mkvdar qutais finalshi ro etamashebaa ai mashin aris chaobshi qartuli pexburtiii... ubralod davit yipians pativs ar scemen ase gamodis is kargi gundebiii romlebic merantan maimunobenn..
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული