ყველაფერი იტალიური ტრანსფერების შესახებ

AutoSharing Option
სანამ საფეხბურთო ევროპა სანაკრებო მატჩებმა მოიცვა და ეროვნულ ჩემპიონატებში პაუზაა გამოცხადებული, შეგვიძლია კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იტალიურ ტრანსფერებს და გარკვეული ანალიზიც გავაკეთოთ. მაშ ასე, ყველაფერი კალჩოს 2013 წლის საზაფხულო ტრანსფერების შესახებ...

5 მთავარი ტრანსფერი
კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი - იუვენტუსი, 9 მლნ. ევრო)
კარლოს ტევესმა ისე მოიარა მანჩესტერული გრანდები, რომ არც სიტიში და არც "იუნაიტედში" საკუთარი შესაძლებლობები სრულად არ უჩვენებია. გულაცრუებულს კარიერის დასრულება ჰქონდა განზრახული, როდესაც ტურინული ვარიანტი გამოუჩნდა და გადაწყვეტილებაც მყისვე მიიღო. სეზონის სტარტით თუ ვიმსჯელებთ, კარლიტოსმა სწორი არჩევანი
გააკეთა და არც პიემონტელებს გადაუყრიათ ჰაერში 9 მილიონი ევრო.

გონსალო იგუაინი (რეალი - ნაპოლი, 37 მლნ. ევრო)
თუ გონსალო იგუაინის სტატისტიკას გადავხედავთ თუნდაც მადრიდის "რეალში", ამ კაცს გოლის გატანა უდავოდ ეხერხება და სულაც არ არის გამორიცხული, ნეაპოლელ ტიფოზებს თავი ედინსონ კავანიზე არანაკლებ შეაყვაროს. იგუაინმა სერია A-ს მიმდინარე გათამაშების პირველი ორი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, გოლიც გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა და არც უკანახაზელთა დახმარებას თაკილობდა.

მარიო გომესი (ბაიერნი - ფიორენტინა, 15.5 მლნ. ევრო)
ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი შენაძენი "ფიორენტინამ" გააკეთა, როდესაც "ბაიერნიდან" მარიო გომესი გადაიბირა. გოლების მანქანა, რომელიც იტანდა ყველგან, სადაც თამაშობდა. მარიოს სპარინგ-მატჩებში ცოტა გაუჭირდა, სერია A-ს პირველ ტურშიც შებოჭილი იყო, აი გასულ უქმეებზე კი გაიხსნა და დუბლი შეასრულა.

რიკარდო კაკა (რეალი - მილანი)
როგორც "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რიკარდო კაკას ტრანსფერით "მილანს" ტექნიკა შეემატა. ალეგრის არ დასცდენია: სისწრაფე, არადა, იყო დრო, რიკი ელვის სიჩქარით დარბოდა და ამ კომპონენტში, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში. ასეა თუ ისე, ბრაზილიელი შემტევის სახით, "მილანს" დიდი ძალა დაემატა.

კევინ სტროტმანი (პსვ - რომა, 16.5 მლნ. ევრო)
თუ კაკამ საუკეთესო წლები უკან მოიტოვა, კევინ სტროტმანს ჯერ ყველაფერი წინ აქვს. პსვ-სა და ჰოლანდიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი "რომაში" აღმოჩნდა, რაც უდავოდ გააძლიერებს დედაქალაქურ გუნდს. მთავარია, კევინმა მალე აუღოს ალღო იტალიურ ფეხბურთს.

5 მთავარი შიდა იტალიური ტრანსფერი
ადემ ლიაიჩი (ფიორენტინა - რომა, 11 მლნ. ევრო)
ადემ ლიაიჩს "ფიორენტინასთან" კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურებოდა და რადგან მის გახანგრძლივებას არ დათანხმდა, კლუბის მესვეურებმა მყისვე მოიშორეს - მიზეზი გასაგებია, მომავალ ზაფხულს ადემი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა "ვიოლას" და ფლორენციელები მასში ცენტსაც ვერ მიიღებდნენ. ლიაიჩს ევროპის ტოპ კლუბში სურდა გადასვლა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, "მილანმა" და კიდევ რამდენიმე გრანდმა სოლიდური თანხის გადახდა იუარეს. საბოლოოდ, ადემი "ჯალოროსიში" აღმოჩნდა და უკვე გაიტანა კიდეც პირველი გოლი ახალი გუნდის შემადგენლობაში.

მაურო იკარდი (სამპდორია - ინტერი, 6 მლნ. ევრო)
მაურო იკარდი ჯერ იმაზე ყალიბდებოდა, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში სურდა თამაში თუ "სკუადრა აძურაში", შემდეგ კი კლუბის არჩევისას დაიბნა და ჯერ "სამპდორიას" გამოუცხადა ნდობა, შემდეგ კი "ინტერში" გადაბარგდა. მოკლედ, ავად თუ კარგად, მაურო ჩამოყალიბდა და ეს ახალგაზრდა არგენტინელი ფორვარდი კარიერას მილანურ გრანდში აგრძელებს. ერთი კია, ისეთი რიხით ვეღარ ასპარეზობს, როგორც გასული სეზონის პირველ ნახევარში.

ანჯელო ოგბონა (ტორინო - იუვენტუსი, 13 მლნ. ევრო)
ანტონიო კონტე "იუვენტუსს" სამი მცველით ათამაშებს და როდესაც ანდრეა ბარცალი, ლეონარდო ბონუჩი ან ჯორჯო კიელინი სხვადასხვა მიზეზით თამაშს ტოვებდა, ტურინული გრანდის მწვრთნელი რთულ მდგომარეობაში ვარდებოდა - ხან ნომინალურ ნახევარმცველ ლუკა მარონეს ათამაშებდა დაცვაში, ხანაც ფლანგის მცველებს აყენებდა ცენტრში. ანჯელო ოგბონამ წესით ეს პრობლემა უნდა აღმოფხვრას და დღევანდელი გადასახადიდან, მასში გადახდილი 13 მილიონი ევრო გამართლებულია.

ანტონიო კასანო (ინტერი - პარმა)
მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კასანო ისაკ ბელფოდილის ხურდაში მოჰყვა და "პარმაში" ისე აღმოჩნდა, მთავარ შიდა ტრანსფერებში სწორედ კასანო უნდა შევიყვანოთ და არა იგივე ბელფოდილი. მიზეზი მარტივია: ისაკს ჯერ დასამტკიცებელი აქვს ყველაფერი, ანტონიო კი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი და ნამდვილი ვარსკვლავია. წესით, კასანტამ უნდა გააძლიეროს "პარმა", დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

მეჰდი ბენატია (უდინეზე - რომა, 13.5 მლნ. ევრო)
"რომა" დაცვის გაძლიერებას ლამობდა და მეჰდი ბენატიას სახით, მაღალი დონის უკანახაზელი შეიძინა. მაროკოელი წლების განმავლობაში იცავდა "უდინეზეს" ღირსებას, თავი არ შეურცხვენია და 13.5 მილიონი ევროც ამად დაედო ფასად. თანხა სოლიდურია, მეჰდიზე დიდი ავანსებია გაცემული და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან.

5 მთავარი დანაკარგი
ედინსონ კავანი (ნაპოლი - პსჟ, 64.5 მლნ. ევრო)
"ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს არ სურდა ედინსონ კავანის გაყიდვა, მაგრამ ამოქმედდა კონტრაქტში ჩადებული პუნქტი, რომლის თანახმადაც 64 მილიონი ევროს გადამხდელი კლუბი ურუგვაელ ფორვარდს უპრობლემოდ შეიძენდა. ბუნებრივია, ამას თავად ფეხბურთელის თანხმობაც სჭირდებოდა და კავანიმაც ნეაპოლს პარიზი არჩია. საფრანგეთის დედაქალაქს არაფერი დაეწუნება და ალბათ ბევრი რამითაც სჯობია ნეაპოლს, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით თუ გაამართლებს ედინსონის არჩევანი, ამას დრო გვიჩვენებს.

სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა - მან. სიტი, 26 მლნ. ევრო)
სტევან იოვეტიჩი უდავოდ გამორჩეული ნიჭის პატრონია, მაგრამ ტრავმიანობა სჩვევია და გამომდინარე აქედან, 26 მილიონი ევროს გადახდით ინგლისელებმა გვარიანად გარისკეს. ფლორენციაში ჩერნოგორიელი ნახევარ სეზონს მაინც ლაზარეთში ატარებდა და თუნდაც ამ ლოგიკით, მისი გასხვისება იტალიელებისთვის დიდი ტრაგედია არ უნდა იყოს. მით უმეტეს, ტროსკანურმა კლუბმა სანაცვლოდ არაერთი ფეხბურთელი, მათ შორის მარიო გომესი გადაიბირა.

კევინ პრინს ბოატენგი (მილანი - შალკე, 10 მლნ. ევრო)
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, "მილანმა" პსვ-ს სამი უპასუხო გოლი გაუტანა, რომელთაგან ორი კევინ პრინს ბოატენგის ანგარიშზეა. ყველაფერ ამის შემდეგ, განელი ნახევარმცველის "მილანიდან" "შალკეში" გადაბარგება ცოტა მოულოდნელი იყო. გერმანელებმა 10 მილიონი ევრო გადაიხადეს და პრინციც თავისთან წაიყვანეს.

ერიკ ლამელა (რომა - ტოტენჰემი, 30 მლნ. ევრო)
ერიკ ლამელას სატრანსფერო საგა კარგა ხანს გაიწელა და საბოლოოდ, მისი "ტოტენჰემში" გადაბარგებით დასრულდა. რომაელებმა არგენტინელს საბოლოოდ მაშინ გაუშვეს ხელი, როდესაც ადემ ლიიჩის ტრანსფერი გაჩარხეს და ამით, ერიკს შემცვლელი მოუძებნეს. ლამელა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც კალჩოს ნამდვილად დააკლდება.

პაბლო დანიელ ოსვალდო (რომა - საუთჰემპტონი, 15.1 მლნ. ევრო)
პაბლო დანიელ ოსვალდო არა მარტო სერია A-ს და კერძოდ "რომას", შესაძლოა იტალიის ეროვნულ ნაკრებსაც დააკლდეს. ჯერ ერთი, "საუთჰემპტონი" არაა ის გუნდი, საიდანაც "სკუადრა აძურაში" ფართოდ გაგიღებენ კარს და მეორე, ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაცია არც თუ იოლი საქმეა. საინტერესოა, როგორ განვითარდება გაიტალიელებული არგენტინელის საფეხბურთო კარიერა.

5 ყველაზე უცნაური ტრანსფერი
ინოსენტი ემეგარა (სიენა - ლივორნო, 1 მლნ. ევრო)
ინოსენტი ემეგარა "სიენაში" გასული სეზონის მეორე ნახევარში გამოჩნდა და მალევე მოერგო იტალიურ ფეხბურთს. ნიგერიელმა ფორვარდმა ტოსკანურ გუნდში 12 შეხვედრა გამართა და 7 გოლი გაიტანა, რამაც მის მიმართ არაერთი კლუბის ინტერესი გამოიწვია. გამომდინარე აქედან, მოულოდნელი და მეტად უცნაური გახლდათ მისი "ლივორნოში" გადაბარგება და თანაც, 1 მილიონ ევროდ. წესით, ემეგარას უკეთესი ვარიანტები უნდა ჰქონოდა.

ალესანდრო მატრი (იუვენტუსი - მილანი, 12 მლნ. ევრო)
მთელი ზაფხულის განმავლობაში საუბრობდნენ, რომ ალესანდრო მატრის გადაბირება "ნაპოლის" მესვეურებს სურდათ. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში თითქოს მომწიფდა კიდეც ჩრდილო-სამხრეთული გარიგება, მაგრამ საბოლოოდ, მატრიმ "მილანში" ამოჰყო თავი. მიზეზი ალბათ ჯამპაოლო პაცინის მძიმე ტრავმაა, მაგრამ ამ შეთანხმებამ მაინც ბევრი გააკვირვა.

მორგან დე სანკტისი (ნაპოლი - რომა, 0.5 მლნ. ევრო)
"რომას" მესვეურები ჰოლანდიელ კიპერ მარტინ სტეკელენბურგს შეელიენ და მისი შემცვლელის ძიებისას, ყველაზე ხშირად ჟულიო სეზარის ვარიანტს ასახელებდნენ. მოკლედ, "ჯალოროსის" ექსტრა კლასის მეკარე სჭირდებოდა და ხელში მორგან დე სანკტისი შერჩა. ამ უკანასკნელს კლასი არ დაეწუნება, მაგრამ 37 წლისაა და საუკეთესო წლები რომ უკან აქვს მოტოვებული, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. რჩება შთაბეჭდილება, რომ რომაელებს რამდენიმე ფრონტზე მოეცარათ ხელი და ფორსმაჟორში ჩავარდნილებს, შერჩათ ის, ვინც შერჩათ.

მარკინიოსი (რომა - პსჟ, 31 მლნ. ევრო)
მარკინიოსი მხოლოდ 19 წლისაა და უდავოდ ნიჭიერი მცველია, მაგრამ 31 მილიონი ევრო? - არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ პარიზელებმა აშკარად გადაამეტეს და ამ გარიგებითაც ალბათ უფრო "რომა" დარჩა მოგებული, ვიდრე პსჟ. ვერ გეტყვით, რას ითამაშებს მომავალში მარკინიოსი, მაგრამ აქამდე რომ 31 მილიონის არაფერი გაუკეთებია, ცხადზე უცხადესია. ბრაზილიელ მცველში ამხელა თანხის გადახდა მეტად უცნაური ამბავია.

ალეკსანდრ იაკოვენკო (ანდერლეხტი - ფიორენტინა)
"ფიორენტინამ" სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურა და გვარიანადაც გაძლიერდა, მაგრამ ჯერ ისევ გაურკვეველია რაში სჭირდებოდა ვინჩენცო მონტელას უკრაინელი ნახევარმცველი ალეკსანდრ იაკოვენკო? - ურიგო მოთამაშე არაა, ბურთსაც გააგორებს და კარშიც დაარტყავს, მაგრამ ასეთ მძაფრ კონკურენციაში მას ალბათ არაფერი ესაქმება.

5 ტრანსფერი მომავალზე გათვლით
ტინ ედვაი (დინამო ზ. - რომა, 5 მლნ. ევრო)
17 წლის ხორვატი მცველი, რომელიც გამოირჩევა ფიზიკური მონაცემებით, დასწრებაზე კარგი თამაშით და გრძელი გადაცემებით შეტევების წამოწყებით. ამბობენ, რომ ახლო მომავალში დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

ანტე რებიჩი (სპლიტი - ფიორენტინა, 4.5 მლნ. ევრო)
ასევე ხორვატი ფეხბურთელი, ამჯერად ფორვარდი, რომელიც იშვიათი უნარით გამოირჩევა იყოს ტექნიკური და ამავდროულად, ტარანის ტიპის. ამით, ის ზლატან იბრაჰიმოვიჩს მოგაგონებთ. ანტე რებიჩმა შესანიშნავად ითამაშა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მასზე მონადირე კლუბებიდან კი "ფიორენტინა" აირჩია.

ბრუნო ფერნანდეში (ნოვარა - უდინეზე, 2.5 მლნ. ევრო)
18 წლის პორტუგალიელი შემტევი, რომელსაც საოცარი ტექნიკა და დრიბლინგის უნარი აქვს. ამასთან, გამოირჩევა უნივერსალური თვისებებით და რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. "უდინეზეს" მესვეურებს ტალანტების ამოცნობა არ ეშლებათ და რადგან მასში სოლიდური თანხაც გადაიხადეს, ე.ი. ნამდვილ ტალანტთან გვაქვს საქმე.

ხუან იტურბე (პორტუ - ვერონა)
20 წლის არგენტინელი ნახევარმცველი, რომელსაც "ინტერი" დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და იმდენი ქნა, სანამ ფეხბურთელმა "ვერონაში" არ ამოჰყო თავი. შესაძლოა ასე უკეთესიც იყოს, მეტი სათამაშო დრო ექნება და თუ თავიც გამოიჩინა, გრანდები კიდევ გამოჩნდებიან.

ბრაიან პერეა (დეპორტ. კალი - ლაციო, 2 მლნ. ევრო)
ბურაქ ილმაზის ჩაშლილი ტრანსფერი ბრაიან პერეას უტოვებს შანსს ამავე სეზონში ითამაშოს "ლაციოს" მთავარ გუნდში. ახალგაზრდა კოლუმბიელი ფორვარდი ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკურია, თუმცა მომენტების რეალიზებაში აშკარად მოიკოჭლებს. თუ ამ კომპონენტში მოუმატებს, მისგან ბრწყინვალე თავდამსხმელი დადგება.

5 არშემდგარი ტრანსფერი
ბურაქ ილმაზი (გალათასარაი - ლაციო)
"გალათასარაის" და თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი ფორვარდი ერთი ფეხის ნაბიჯზე იყო "ლაციოსთან", მაგრამ ბოლო მომენტში, ტრანსფერი ჩაიშალა. მიზეზი? - "გალას" მესვეურებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, ბურაქს არ გავყიდითო...

კეისუკე ჰონდა (ცსკა მ. - მილანი)
მთელი ზაფხულის განმავლობაში გვესმოდა კეისუკე ჰონდას ცსკა-დან "მილანში" გადასვლის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. იანვარში იაპონელი თავისუფალი აგენტი ხდება და ლომბარდიულ გრანდში უსასყიდლოდ გადავა, ამიტომ, მილანელებმა მოსკოველთა მოთხოვნილი თანხის, 5 მილიონი ევროს გადახდა იუარეს.

ფაბიო კვალიარელა (იუვენტუსი - ვესტ ჰემი)
ფაბიო კვალიარელა რომ "იუვენტუსს" დატოვებდა, სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისშივე ითქვა, მაგრამ სიტყვები სიტყვებად დარჩა... ფაბიოს გადაბირება ინგლისურ კლუბებს სურდათ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ჯერ "სანდერლენდი" იუარა, შემდეგ კი "რედინგი". საბოლოოდ, "ვესტ ჰემში" გადასვლას დაყაბულდა, მაგრამ აქ უკვე ლოდონელებმა იუარეს ტურინელთა მოთხოვნილი 10 მილიონი ევროს გადახდა. შედეგად, კვალიარელა "იუვენტუსის" ფეხბურთელია.

რაჯა ნაინგოლანი (კალიარი - ინტერი)
ახალგაზრდა ბელგიელი ნახევარმცველის გადაბირება უკვე წლებია სურთ იტალიური ფეხბურთის გრანდებს, მაგრამ მის "კალიარიდან" აბარგებას არ დაადგა საშველი. ამ ზაფხულს, მიზანთან ახლოს "ინტერი" იყო, რაჯას სანაცვლოდ 8 მილიონ ევროსაც იხდიდა, მაგრამ სარდინიელებმა ორი იმდენი მოითხოვეს. მოკლედ, ნაინგოლანი ისევ "კალიარიში" ითამაშებს და არის ეჭვი, რომ მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნება. ვნახოთ...

მარკო ბორიელო (რომა - ჯენოა)
მარკო ბორიელომ გასული სეზონი იჯარის წესით "ჯენოაში" გაატარა და ამ ზაფხულს, მისი გამოსყიდვის საკითხი დადგა დღის წესრიგში. გენუელებმა ბევრი ივაჭრეს რომაელებთან, მაგრამ თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და მარკოც "ჯალოროსიში" დარჩა. "რომას" მთრავარი მწვრთნელი ბორიელოს აძლევს სათამაშო დროს და ალბათ, თავად ფეხბურთელისთვის მოვლენათა ამგვარი განვითარება მისაღები იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტეს 10 რჩევა კარლოს ტევესს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული