"ბარსელონა": ვითომ, მართლა ყველაფერი რიგზეა?

AutoSharing Option
"ბარსელონას" კრიზისი თვალნათელია. "პარი სენ-ჟერმენთან" განადგურება ამისი ნათელი სიგნალი გახლდათ, მაგრამ ლუის ენრიკეს ბიჭებს ამ სეზონში სხვა შეხვედრებშიც უჭირდათ და ეს ლა ლიგაში "ლეგანესთან" მატჩშიც გამოჩნდა, როდესაც "ბარსას" აუტსაიდერის დასამარცხებლად ბოლო წამებზე დანიშნული პენალტი დასჭირდა.

შედეგად, ჩემპიონთა ლიგიდან "კამპ ნოუს" ბინადრები თითქმის გამოვარდნენ, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის "რეალს" გვარიანად ჩამორჩებიან (ქულა და "რეალს" რეზერვში ორი მატჩი აქვს). შესაბამისად, მხოლოდ ქვეყნის თასი რჩება, სადაც "ბარსა" ფავორიტია და ეს ტიტული რომც მოიგოს, ფანებს ეს ბუნებრივია, არ დააკმაყოფილებთ.

ფეხბურთელებშიც ვერ არის იდეალური განწყობა.
ლეო მესიმ "ლეგანესთან" გამარჯვების გოლი სულაც არ აღნიშნა, არგენტინელი ხასიათზე ვერ არის. იქით მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არ იღებს კრიტიკას, ვერ გავიგე, რატომ გვისტვენდნენ და წარმატებებს ასე მალე რატომ ივიწყებენო. ჟერარდ პიკემ ყველას შეახსენა, რომ "ბარსამ" ლუის ენრიკეს ხელში შესაძლო 10 ტიტულიდან 8 მოიპოვა.

მწვრთნელი ირწმუნება, ანდრე გომეში მალე შევა ფორმაში და გუნდის ფანებს აჯერებს, რომ ეს ტრანსფერი წარუმატებელი არ არის. ალეიშ ვიდალმა სერიოზული ტრავმა მიიღო, ნეიმარის დაუსრულებელი პროცესიც გრძელდება და ერთი სიტყვით, "კამპ ნოუზე" ქაოსია.

"ლეგანესთან" მატჩის მერე ლუჩოსა და მის ბიჭებს ძალიან ცუდი პრესა ჰქონდათ. თუ "მარკასა" და AS-ის კრიტიკა არ გვაკვირვებს, "ბარსა" კატალონიურმა ჟურნალ-გაზეთებმაც "დაპრესეს". ამან კიდევ უფრო გააღვივა მითქმა-მოთქმა ლუის ენრიკეს სავარაუდო წასვლის შესახებ, მაგრამ კლუბის ბანაკში განწყობა აშკარად სხვანაირი ჩანს.

"თავდაჯერება კვლავაც არ გვაკლია, საკუთარი შესაძლებლობებისაც გვჯერა და მწვრთნელისაც. ვფიქრობ, პარიზული ფიასკო ერთჯერადი მოვლენა გახლდათ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს თამაშებში პოტენციალს ისევ გამოვავლენთ და ძველებურად ავთამაშდებით.

რასაკვირველია, 0:4-ის ამოქაჩვა რთული იქნება, მაგრამ შანსი არის და ბოლომდე ვიბრძოლებთ. რწმენა არ უნდა დავკარგოთ და მუშაობა გავაგრძელოთ, სამუშაო ყოველთვის ბევრია" - განაცხადა ანდრეს ინიესტამ, რომლისთვისაც "ლეგანესთან" მატჩი პრიმერადივიზიონში მე-400 გახლდათ.

ლუის ენრიკე: "ფანების წინაშე ანგარიშვალდებული მე ვარ და პასუხიმგებლობასაც ყველაფერზე მე ვიღებ. ვიცი, ეს ძნელია, მაგრამ ახლა ფეხბურთელებს სიყვარული, გამხნევება და მხარში დგომა სჭირდებათ და არა სტვენა. არ მესმის, რატომ უსტვენდნენ ანდრე გომეშს. საკუთარი ფეხბურთელისთვის ასეთი ობსტრუქციის მოწყობა უაზრობაა და ეს ძალიან მაღიზიანებს".

"ბარსას" ფანების არცთუ მცირე ნაწილი "ლუჩოს" მუშაობით უკვე ძალიან უკმაყოფილოა და, თითქოს, მისი წასვლა გადაწყვეტილი ჩანდა.

ახსენებენ კიდეც სავარაუდო მომსვლელებს - ხან ერნესტო ვალვერდეს, ხან ხორხე სამპაოლის, ხან რონალდ კუმანს… და ასე შემდეგ. თუმცა კატალონიელთა პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ ამბობს, რომ გუნდისთვის პრიორიტეტული ლუის ენრიკეს დარჩენაა და არანაირი სათადარიგო გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს.

"ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აპრილში დავიწყებთ, დრო გვაქვს. ჩვენი პრიორიტეტი თანამშრომლობის გაგრძელებაა, სარეზერვო გეგმა კი არ გვაქვს. რაც შეეხება მესის, ფანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ - ლეოს სურს დარჩენა და ჩვენც გვინდა, რომ ის დარჩეს. ყველაფერი კარგად მიდის" - თქვა ბარტომეუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგანესთან ბარსამ უბრალოდ ისეირნა,ასეთი ქაოსური თამაში,არა თამაში კი არა წამება,ამ გუნდს არ ეკადრება.უბრალოდ რა უნდა გაეკეთებინათ არ იცოდნენ.
სოსო
20:02 22-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული