"ბარსელონა": ალკანტარა არ გამოდის, დეულოფეუ კი, პიკე დაისაჯა

AutoSharing Option
ტიაგო ალკანტარა "ბარსელონაში" დაბრუნებას არ აპირებს. სავარაუდოდ, იგი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ეს მისი სხვა მსურველებისთვისაც ცუდი ამბავია.

მიუნხენელებთან მის მოქმედ შეთანხმებას ვადა 2019 წლის ზაფხულში გასდის და საუბარი კონტრაქტის კიდევ 2 წლით გახანგრძლივებაზეა. ამ თემაზე კომენტარი "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა რობერტ ფერნანდესმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ალკანტარა შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ხელში ჩაგდება, ფაქტობრივად, შეუძლებელიაო.

ფერნანდესმა ჟერარდ დეულოფეუს შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა და, როგორც ჩანს, ამის შანსი უფრო დიდია. დეულოფეუ "ევერტონის" მერე, იჯარის წესით, "მილანში" თამაშობს და კარგად გამოიყურება. "როსონერი" მის
დატოვებაზე უარს არ იტყოდა, მაგრამ სიტყვა "ბარსაზეა".

"ჩვენ ჟერარდის დაბრუნების შანსი გვაქვს და ეს შესანიშნავია. მიხარია ის, რომ მისი კარიერა კარგად მიდის. "ევერტონში" ის არც ისე ხშირად თამაშობდა, მაგრამ "მილანში" სათამაშო პრაქტიკაც აქვს, კარგად გამოიყურება და ნაკრებში ადგილი დაიბრუნა. მასზე დაკვირვებას ვაგრძელებთ და ყველაზე კარგი ის არის, რომ 12 მილიონ ევროდ შეგვიძლია მისი გამოსყიდვა" - აღნიშნა ფერნანდესმა.

"ბარსელონას" ინტერესი? აწმყოთი რომ არ ვცხოვრობდე, გავგიჟდებოდი. ფეხბურთში ვისწავლე, თუ როგორ დავივიწყო წარსული და მივიღო მომავალი. ამ წუთას მხოლოდ "მილანზე" და ესპანეთის ნაკრებზე ვფიქრობ. მილანში ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, აქ თამაშს გავაგრძელებ. როდესაც აქ გადმოვედი, თავდაჯერების ახალი მუხტი მივიღე. გაცილებით უკეთ ავთამაშდი და უკვე ნაკრებშიც გამომიძახეს, რაც ჩემთვის სიურპრიზი იყო. ამით ვამაყობ" - თქვა თავად დეულოფეუმ.

სპორტულმა დირექტორმა ფანებს ისიც შეუთვალა, ლიონელ მესისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება კარგად მიდის და არაფერზე ინერვიულოთო. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საუბრები იმის შესახებ, რომ თითქოს, ლუის ენრიკეს ნაცვლად "ბარსას" მთავარ მწვრთნელად ტურინის "იუვენტუსიდან" მასიმილიანო ალეგრი მიდიოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ბარსელონას" კაპიტანი ანდრეს ინიესტა იხსენებს, რომ თავის დროზე, ახლა უკვე მისთვის ასე ძვირფას გუნდში გადასვლა სულაც არ უნდოდა:

"თავიდან "ბარსელონაში" გადასვლა არ მსურდა. პატარა ვიყავი და ამის გამო შორს წასვლა და ოჯახთან განშორება მომიხდა, რაზეც ვნერვიულობდი. მერე ამას, როგორც გამოწვევას, ისე შევხედე, მამას ვესაუბრე და ყველაფერზე შევთანხმდით. თუმცა დედა წინააღმდეგ რომ წასულიყო, უმალვე სახლში დავბრუნდებოდი. ძალიან მძიმე თვეები იყო. თუმცა ყველამ გამამხნევა, ოჯახი გვერდში დამიდგა და სიტუაციაც დალაგდა" - იხსენებს ინიესტა.

ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ "ბარსელონას" მცველი ჟერარდ პიკე 3 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ პიკე მსაჯებს ხშირად აკრიტიკებს და მაგალითები მოჰყავს ხოლმე, თუ როდის და როგორ დაიჩაგრა "ბარსელონა". ამის შესახებ იგი, როგორც წესი, სოციალური ქსელის დახმარებით საუბრობს ხოლმე.

1500 ევრო პიკეს სასამართლომ დააკისრა, ხოლო კიდევ 1500 - ფედერაციის კომიტეტმა. ცხადია, ამ თანხის გადახდა "ბარსას" მცველისთვის პრობლემა არ იქნება და სავარაუდოდ, იგი გამოთქმისგან თავს მაინც არ შეიკავებს ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მწვრთლენად კიმ ჩერ ინი. ია თუ გვიშველის.
giorgi
09:57 25-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული