დიეგო სიმეონე: სწორედ ასეთი მომენტები მაჩერებს ამ გუნდში

AutoSharing Option
პოპულარულ ესპანურ გაზეთ AS-თან ინტერვიუში "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ დაარწმუნა გუნდის ქომაგები, რომ ჯერჯერობით, წასვლას არ აპირებს, ისაუბრა ანტუან გრიზმანის მნიშვნელობაზე, კომენტარი გააკეთა "ატლეტიკოს" აბარგებაზე ყავლგასული, თუმცა ყველასთვის საყვარელი "ვისენტე კალდერონიდან"...

მოკლედ, საინტერესოა ინტერვიუა და სჯობს, მივყვეთ თანმიმდევრობით:

- "ატლეტიკო" პირველი კლუბია, რომელშიც დიეგოს სიმეონეს, როგორც მწვრთნელის რეალიზაცია მოხდა?
- უკვე 5 წელია "ატლეტიკოში" ვმუშაობ და დღემდე სიამოვნებით ვიღებ იმ ადრენალინს, რასაც ფეხბურთელები მაძლევენ.

დიახ, აქ მოხდა ჩემი რეალიზაცია, როგორც მწვრთნელის, მაგრამ ეს პროცესი ამით არ დასრულებულა, ის დღესაც
გრძელდება და საერთოდაც, საკუთარი თავის რეალიზაცია მუდმივი პროცესია. მე ვხედავ ბიჭების რეაქციას მარცხზე და სწორედ ასეთი მომენტები მაჩერებს ამ გუნდში.

- ძნელია პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვა?
- რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა "ატლეტიკოში" მოსვლის პირველივე დღიდანვე მძიმედ მაწევს მხრებზე. აქ არ მოვსულვარ როგორც შემდგარი მწვრთნელი, მოვედი, როგორც ამ კლუბის ყოფილი მოთამაშე, შეიძლება, გმირიც, რომელიც ერთ დროს ძალიან უყვარდა გულშემატკივარს... ყოველთვის ვგრძნობ ნდობას როგორც ქომაგების, ისე კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან.

- თუმცა ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ ფინალში მარცხის შემდეგ წასვლაზე ალაპარაკდით...
- როცა მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავედი და საპრესკონფერენციო დარბაზისკენ გავემართე, დავინახე "რეალის" მოზეიმე ფეხბურთელები... ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი და დღესაც არ მტოვებს ეს გრძნობა. მივხვდი, რომ წინ ძალიან ძნელი წელიწადი მელოდა და ვეღარ შევძლებდი, ძველებურად ძალების 100 პროცენტი დამეხარჯა გუნდისთვის...

- მაგრამ თქვენ დაძლიეთ ეს სირთულე...
- არა, ეს დაუძლეველი სირთულეა. მაშინ წასვლაზე ვლაპარაკობდი სწორედ ამ გრძნობების გამო და ეს გრძნობები გაგიზიარეთ თქვენ - პრესას, გულშემატკივრებს... სინამდვილეში, "ატლეტიკოდან" წასვლა რომ მინდოდეს, საამისოდ 35 მილიონ მიზეზს მოვძებნიდი. გარწმუნებთ, ნამდვილად მოვძებნიდი!

- "ატლეტიკოს" ნათელ მომავალში დარწმუნებული ხართ?
- ამაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი. ახლა ჩვენს კლუბს შესანიშნავი დროება უდგას, მაგრამ სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი. მალე ახალ სტადიონზე გადავალთ, გაიზრდება ბიუჯეტი, ღმერთის დახმარებით კვლავ მოვხვდებით ჩემპიონთა ლიგაში... მოკლედ, წინ მივდივართ.

- მაინც რატომ შეკვეცეთ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი ორი წლით?
- ჩავთვალე, რომ ჩემთვისაც და კლუბისთვისაც ასე ჯობდა. ეს ძნელი ასახსნელია... საერთოდ, გრძელვადიანი კონტრაქტი კლუბისთვის პრობლემაა და ვფიქრობ, ამით "ატლეტიკოს" ტვირთი ცოტათი მაინც შევუმსუბუქე.

- სამწვრთნელო შტაბი გააფრთხილეთ თუ თქვენმა ასისტენტებმა ამაზე არაფერი იცოდნენ?
- რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდნენ. ის, ვინც ფიქრობს, რომ მავიწყდება ხალხი, ვინც გვერდით მიდგას, ესე იგი ცუდად მიცნობს. რომ იცოდეთ, პირველ რიგში ვზრუნავ იმათზე, ვინც ჩემს გარშემოა და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავ ჩემს პრობლემებს.

- შეგიძლიათ, გარანტია მისცეთ "ატლეტიკოს" ფანებს, რომ მომდევნო სეზონშიც ამ გუნდის მწვრთნელი იქნებით?
- უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ვრჩები. და ვრჩები განა იმისთვის, რომ ვუყურო თავდაუზოგავ ბრძოლას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის, ან ხუანფრანის, გაბის, კოკეს, გოდინისა თუ საულის პროგრესს, აქ მთავარი ახალი შემსრულებლები არიან. გინახავთ ლუკას ერნანდესის თამაში? იცით, რა ბიჭია?! ფანტასტიკური მომავალი აქვს და ის მხოლოდ ერთ-ერთია. ახლა გესმით, საიდან მოდის ჩემი დარჩენის მოტივაცია?

- გამეიროს თამაშით კმაყოფილი ხართ?
- ვგრძნობ, რომ ის სწორ გზაზეა. ამ სეზონში მან უკვე 14 გოლი გაიტანა და დარწმუნებული ვარ, ეს არ არის მისი შესაძლებლობების ზღვარი.

- მისგან მეტს ელოდით?
- ის შესანიშნავადაა შეთამაშებული გრიზმანთან. ჩვენმა მეტოქეებმა იციან, რომ გამეირო-გრიზმანის წყვილის შეჩერება ძალიან რთული ამოცანაა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ დიეგო კოშტას დაბრუნების შემთხვევაში, "ატლეტიკოს" უკეთესი სეზონი ექნებოდა?
- შეიძლებოდა, ყოფილიყო უკეთესიც ან თუნდაც - უარესი. ზუსტად ვერ იტყვი. ერთი რამ კი ნათელია, რომ დიეგო კოშტა ბრწყინვალე ფორმაშია და თუ "ჩელსი" დღეს წარმატებული გუნდია, ამაში მისი დიდი დამსახურებაცაა.

- შეგიძლიათ, თქვათ, რატომ ჩაიშალა დიეგო კოშტას დაბრუნება?
- მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ "ატლეტიკომ" ყველაფერი გააკეთა ამ ტრანსფერისთვის. ვიცი, რომ თავად დიეგოც ცდილობდა, ხელი შეეშველებინა ამ პროცესისთვის, მაგრამ... სამწუხაროდ, არ გამოვიდა.

- ანუ, თქვენ ადასტურებთ, რომ კოშტას "ატლეტიკოში" დაბრუნება სურდა?
- დიახ, ნამდვილად ასე იყო - ძალიან უნდოდა დაბრუნება.

- რას ნიშნავს "ატლეტიკოსთვის" ანტუან გრიზმანი?
- ის პირველი ითავისებს ჩემს იდეებს. საკმარისია ერთი სიტყვა და მისთვის მაშინვე ყველაფერი გასაგებია, მერე კი ამ მოთხოვნებს ბრწყინვალედ ასრულებს მოედანზე. ეს უბრალოდ დაუჯერებელია!

- არის იმის რისკი, რომ გრიზმანი "ატლეტიკოს" დატოვებს?
- რა თქმა უნდა, არის. "ატლეტიკოს" მისი შენარჩუნების არანაირი გარანტია არ აქვს.

- თქვენ ელაპარაკეთ მას ამის თაობაზე?
- გასულ ზაფხულს ვილაპარაკეთ. მან დამიჯერა და დარჩა.

- ანუ, ის დარჩა იმიტომ, რომ დარჩით თქვენ?
- მე მისთვის არაფერი დამიძალებია და საერთოდ, ამ საქმით არც ვარ დაკავებული. "თუ დარჩები შენ, მაშინ დავრჩები მეც" - მითხრა მან სიტყვა-სიტყვით. თუმცა არ ვიცი, რა იქნება მომავალში. გრიზმანი ბრწყინვალე ფეხბურთელია და თან - იმ ტიპის ფეხბურთელი, რომელმაც თავად უნდა მიიღოს წასვლის ან დარჩენის გადაწყვეტილება.

- გაიტანი, ვიეტო, ჯექსონ მარტინესი... რამდენად დიდია მწვრთნელის პასუხისმგებლობა იმაში, რომ ამ ფეხბურთელებს "ატლეტიკოში" კარიერა ვერ აეწყოთ?
- პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც გუნდში ხდება. ახლა ხვდებით, რა ბედნიერი ვყოფილვარ?!

- როცა გუნდში ფერნანდო ტორესს აბრუნდებით, ის გინდოდათ როგორც ფეხბურთელი, თუ როგორც - "ატლეტიკოს" საკულტო ფიგურა?
- ცხადია, ჩვენ გვაინტერესებდა ტორესი, როგორც - ფეხბურთელი. მაშინ თავდასხმაში მთავარ დამრტყმელ ძალად მანჯუკიჩი გვყავდა, დიეგო კოშტა უკვე წასული იყო. სწორედ მათი მსგავსი ფორვარდი გვჭირდებოდა და ამიტომაც შევარჩიეთ ტორესი.

- გააგრძელებთ მასთან კონტრაქტს?
- ახლა შეუძლებელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

- განა, მან არ დაიმსახურა ახალი კონტრაქტი?
- როგორც გუნდისთვის იქნება აუცილებელი, ისე ვიმოქმედებთ. დასრულდება სეზონი, დავსხდებით, დავილაპარაკებთ... კიდევ ერთხელ ვამბობ - პირველ რიგში "ატლეტიკოს" ინტერესებია.

- მალე ახალ სტადიონზე გადახვალთ. არ მოგენატრებათ "ვისენტე კალდერონი"?
- ეს არის არენა, რომელიც ადამიანებზე გავლენას ახდენს. აქ მზის სხივიც კი რაღაც უცნაური და უჩვეულო კუთხით ეცემა, ატმოსფეროც განსხვავებულია, ამ ბანერებსაც და დროშებსაც განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ... იმედი მაქვს, ანალოგიური სიტუაცია იქნება "ვანდა მეტროპოლიტანოზეც"... და მაინც, "ვისენტე კალდერონი", ყოველთვის მომენტრება, იმიტომ, რომ ის გულში რჩება. მე ხომ აქ ფეხბურთელობის დროსაც არა ერთი დაუვიწყარი წუთი მაქვს გატარებული... რა ვიზამთ, განვითარებაც აუცილებელია და ეს ყველას გვესმის.

- შესაძლებელია, რომ სიმეონემ "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფის გარეშე დატოვოს?
- ვიტყვი მხოლოდ ერთს: ბედნიერი ვარ, რომ "ატლეტიკოს", ჯერჯერობით, კიდევ შესწევს მსოფლიოს უდიდეს კლუბებთან მეტოქეობის ძალა.

დოსიე
დიეგო პაბლო სიმეონე გონსალესი
დაიბადა 1970 წლის 28 აპრილს ბუენოს აირესში (არგენტინა)
სათამაშო პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი

ფეხბურთელის კარიერა
1987-90 ველესი 76 (14)
1990-92 პიზა 55 (6)
1992-94 სევილია 64 (12)
1994-97 ატლეტიკო 98 (21)
1997-99 ინტერი 57 (11)
1999-03 ლაციო 90 (15)
2003-05 ატლეტიკო 36 (2)
2005-06 რასინგი 37 (3)

ნაკრებში
1989 არგენტინაU20 4 (1)
1996 არგენტინაU23 6 (1)
1988-02 არგენტინა 106 (11)

სამწვრთნელო კარიერა
2006 რასინგი
2006-07 ესტუდიანტესი
2008 რივერ პლეიტი
2009-10 სან ლორენსო
2011 კატანია
2011 რასინგი
2011- ატლეტიკო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული