ერნესტო ვალვერდეს კი ლაპარაკი არ ეშლება, მან კარგად იცის ჟურნალისტიკის ფასი. მას უყვარს ფეხბურთზე ლაპარაკი, იქცევა თავაზიანად, ზრდილობიანად და სხვებისგანაც იმავეს ითხოვს.
53 წლის წიგნის მოყვარული და ფოტოგრაფიის ენთუზიასტი არასოდეს მიგიშვებს საჭიროზე ახლო დისტანციაზე. ცნობილია, რომ ვალვერდე კბილებით იცავს თავის ფეხბურთელებს და მათ გამო ტყუილის თქმაც შეუძლია. ის ნამდვილი ლიდერია
ვალვერდეს ტაქტიკაზე ამის თქმა შეიძლება - ის საკმაოდ კარგად ლავირებს და ცდილობს, ტაქტიკა მოარგოს ფეხბურთელებს და არა პირიქით. ვალვერდე მაქსიმალურად ცდილობს, შემტევი ფეხბურთი ითამაშოს და რაც შეიძლება ახლოს მეტოქის კართან მოაწყოს პრესინგი. 4-2-3-1 და 4-4-2 - ყველაზე ხშირად ამ სისტემებს იყენებს, თუმცა მისთვის უცხო არც 4-3-3-ია, რომელსაც ბოლო წლებში აქტიურად იყენებს "ბარსელონა". ასე რომ, შეგვიძლია ველოდოთ 4-3-3-ის ისტორიის გაგრძელებას.
* * *
ყოფილ ბარსელონელ ვალვერდეს 7 ამოცანა აქვს შესასრულებელი "ბარსელონაში":1. დაუბრუნოს "ბარსას" მსოფლიო დომინაცია
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" შემტევი სამეული დიდებულია, კლუბმა ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში დომინაცია დაკარგა. ეს სწორედ ის არის, რის დაბრუნებასაც "ბარსელონას" თავკაცები პირველ რიგში ელიან ვალვერდესგან. ჩვენ უკვე ძალიან ხშირად ვხედავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალებში "ბარსას" საძულველ მტერს, მადრიდის "რეალს".
2. დაიყოლიოს ინიესტა, რომ დარჩეს
სეზონი დასრულდა და ანდრეს ინიესტამ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა. ამ სეზონში მან (ნაწილობრივ, ტრავმების გამო) მოსალოდნელზე ცოტა ითამაშა. ვალვერდემ უნდა დაარწმუნოს მსოფლიოს ჩემპიონი, რომ ის კიდევ შედის "ბარსელონას" გეგმებში. ახლახან ინიესტამ განაცხადა, რომ კარგად უნდა აწონ-დაწონოს ყველაფერი და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს.
3. შეამციროს დამოკიდებულება შემტევ ტრიოზე
დიახ, MSN (ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი) გუნდის მთავარი ძალაა, მაგრამ ვალვერდემ უნდა შეამციროს გუნდის დამოკიდებულება ამ სამეულზე. "ბარსელონა" უნდა იმარჯვებდეს მესის, სუარესისა და ნეიმარის გარეშეც. უნდა არსებობდეს თამაშის მოგების სხვა გზებიც. ამ სეზონში კი მსგავსიც კი არაფერი მომხდარა, თუკი რამეს მიაღწია "ბარსამ", თითქმის ყველაფერი ამ სამეულის დამსახურებითაა.
4. დაეყრდნოს ახალგაზრდულ აკადემიას
"ლა მასიას" გამოშვებულმა რამდენიმე ფეხბურთელმა ითამაშა "ბარსელონაში" ლუის ენრიკეს დროს, მაგრამ პირველ გუნდში დამკვიდრება ცოტამ თუ შეძლო. ვალვერდემ ეს უნდა გამოასწოროს. იყო დრო, "ლა მასიადან" გამოსულები ავსებდნენ ძირითად გუნდს. ეს მემკვიდრეობა, თითქოს, დაიკარგა.
5. უნდა გაუმკლავდეს "მესის ფაქტორს"
მესი მალე 30 წლის გახდება. ვალვერდემ უნდა გამონახოს ისეთი ფორმულა, რომ ლეო სეზონის ბოლომდე საუკეთესო ფორმაში დარჩეს. ამ ასაკში ამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. აქ შეგნებულად არ ვახსენებთ კიდევ ერთ ფაქტორს, რომელიც ასევე არგენტინელს უკავშირდება და რომლის თანახმადაც, მწვრთნელი ან ფეხბურთელი, რომელიც ლეოს გულზე არ ეხატება, "ბარსელონაში" ვერ ხარობს.
6. შეცვალოს კლუბის გარშემო შექმნილი გარემო
ლუის ენრიკემ გუნდის პრესკონფერენციებზე ლამის საომარი განწყობა დაამკვიდრა. ვალვერდემ ჩატეხილი ხიდები უნდა გაამთელოს მედიასთან. "ბარსამ" ეს გაუცხოება უნდა დაძლიოს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მედიის ბრალიც იყო ეს დაპირისპირებები.
7. დაცვა გააძლიეროს
ბოლო სეზონებში "ბარსას" მკვლელი შეტევა ჰყავს. აი, დაცვა კი... "ბარსა" ლამის რეგულარულად უშვებს სერიოზულ შეცდომებს უკანა ხაზში. ვალვერდემ უფრო უნდა გააძნელოს მისი გუნდის კარში გოლის გატანა. ვალვერდეს ყველაფრის თავიდან დაწყება არ მოუწევს, გუნდს ჰყავს გამოცდილი ჟერარდ პიკე და ახალგაზრდა სამუელ უმტიტი. შესაძლებელია ამ წყვილის ირგვლივ კარგი დაცვის აშენება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"