"ატლეტიკო" - ახალი ლოგოთი, ახალ სტადიონზე

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოში" ბევრი საინტერესო სიახლეა - დიეგო სიმეონემ დაგეგმა წინასასეზონო შეკრებები, კლუბმა გამოიცვალა ლოგო, გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავმა 9-წლიანი (!) ხელშეკრულება გააფორმა მასთან და ახალი სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია...

კლუბის ხელმძღვანელობამ, 1947 წლის მერე პირველად, სერიოზული ცვლილება შეიტანა კლუბის ლოგოს დიზაინში. ახალი ლოგო უკვე 1-ლი ივლისიდან შევიდა ძალაში.

ბოლო 70 წლის განმავლობაში ლოგოს რამდენჯერმე შეეხო კოსმეტიკური ცვლილებები, მაგრამ ახლა უკვე სერიოზულ ჩარევასთან გვაქვს საქმე. ლოგოს ზედა მხარე დაუბრუნდა 1903 წლის ორიგინალის ფერს - მუქ ლურჯს, ოდნავ მომრგვალებული ჩარჩოებით, შეიცვალა ზოლების რაოდენობა
და სისქე, ლოგოზე გამოხატული დათვის ფერი და ასე შემდეგ... ლოგო უფრო გამარტივებული, გათანამედროვებული და იოლად აღქმადი გახდა. ცვლილება უკავშირდება "სახლის" შეცვლასაც - მოგეხსენებათ, ახალი სეზონიდან კლუბი მეტოქეებს "ვანდა-მეტროპოლიტანოზე" მიიღებს, ახალთახალ სტადიონზე, რომელიც ახლა შენების პროცესშია, ძველი "ვისენტე კალდერონი" კი ნაწილობრივ დაინგრა.

ჯერ კიდევ მოქმედებს ოფისები და მაღაზიები, ერთ-ერთში - "ატლეტიკოს" ოფიციალურ მაღაზიაში - კლუბთან დაკავშირებული ნივთები და ტანსაცმელი უკვე ახალი სიმბოლიკით იყიდება.

ლოგოს შეცვლა საკმაოდ მტკივნეული და საფრთხილო პროცესია, თუმცა კოსმეტიკური ცვლილებები თითქმის ყველა საფეხბურთო გრანდმა განახორციელა თავის სიმბოლიკაზე, ტურინის "იუვენტუსმა" კი ახლახან მთლიანად შეცვალა ის. აი, "ატლეტიკოში" ბოლო 25 წლის განმავლობაში კოსმეტიკური ცვლილებაც არ განუხორციელებიათ ლოგოზე. სხვათა შორის, ცვლილება განიცადა კლუბის მასკოტმაც.

* * *
გულშემატკივრებს კიდევ უფრო დააინტერესებთ წმინდა საფეხბურთო ამბები - ევროპის 21-წლამდელთა ნაკრებიდან დაბრუნებულმა საულ ნიგესმა "ატლეტიკოსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ეს რომ მოხდებოდა, ჩვენ უკვე ვწერდით, თუმცა კლუბის და ფეხბურთელის განაცხადი საკმაოდ თამამი გამოდგა - ახალგაზრდულ პირველობაზე "ოქროს ბუცის" მომგებმა საულმა კლუბთან 2026 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი!

საულმა ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია სხვა კლუბებისგან და აკადემიის აღზრდილის შენარჩუნება იყო საჭირო, მით უმეტეს, რომ საულსაც არსად წასვლა არ სურდა - 22 წლის ფეხბურთელი კონტრაქტის დასრულებისთვის 31 წლის იქნება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან "ატლეტიკო" ჩემი ოჯახია და არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც უკეთ ვგრძნობ თავს. მთელ პოტენციალს გამოვავლენ და ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რომ კლუბის ნდობა გავამართლო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს ყოველდღიური დახმარებისთვის კარიერაში. ეს იმათი დამსახურებაა, რასაც დღეს ფეხბურთში მივაღწიე", - განაცხადა საულმა.

საული პირველ გუნდში 2007 წლიდანაა. იგი უკვე "ლოს კოლჩონეროსის" ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ყველას ახსოვს მისი გოლი "ბაიერნის" კარში 2016 წელს ჩემპიონთა ლიგაზე, ან "რეალთან" გატანილი გოლი ლიგის ბოლო გათამაშების ნახევარფინალში.

"საული მაგალითია ჩვენი აკადემიის ბავშვებისთვის. ის გამორჩეულია, როცა მოედანზე ბოლომდე იბრძვის. დიდებულია საჰაერო ორთაბრძოლებში, შორეულ დარტყმებში. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. საული ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ძალიან გამოცდილი", - აცხადებს "ატლეტიკოს" სპორტული დირექტორი, კლუბის ყოფილი მოთამაშე ხოსე ლუის კამინერო.

მედიაში გამოჩნდა "ატლეტიკოს" მომავალი სეზონის ფორმების სამი ვარიანტი, თუმცა ჯერ არ არის დადასტურებული, რამდენად ნამდვილია ეს დიზაინი. მესამე ფორმა ყვითელი იქნება.

Sportall.Ge

* * *
"ატლეტიკო" ახალი სეზონისთვის ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში მოემზადება - ესპანეთში, მექსიკაში, გერმანიასა და ინგლისში. ყველაფერი კი 6 ივლისს დაიწყება, როცა მოთამაშეთა ნაწილი ბაზაზე სამედიცინო შემოწმებისთვის უნდა გამოცხადდეს. 9-21 ივლისს "ატლეტიკო" სან რაფაელში მოემზადება. ეს უკვე კლუბის ტრადიციაა. პირველი ამხანაგური მატჩი 22 ივლისსაა დაგეგმილი "ნუმანსიასთან". მატჩი ხესუს ხილის ხსოვნას ეძღვნება.

შემდეგ "ლოს კოლჩონეროსი" მექსიკაში გაფრინდება "ტოლუკას" ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩის სათამაშოდ. შემდეგ იქნება გერმანია და "აუდი კაპი". ინგლისში "ატლეტიკო" პრემიერლიგის ახალწვეულ "ბრაიტონს" ეთამაშება, 11 ან 12 აგვისტოს კი კიდევ ერთი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი, მეტოქე ჯერ უცნობია.

* * *
"ატლეტიკოს" ბანაკში სხვა სიახლეებიცაა - მატიას კრანევიტერი საიჯარო ხელშეკრულებიდან გუნდში დაბრუნდა, მაგრამ არგენტინელის მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. 24 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ თუ სათამაშო დრო არ მიეცემა, ისევ წავა იჯარით სხვაგან. ამჯერად, "სევილიას" ნაცვლად ეს მისი ყოფილი გუნდი შეიძლება იყოს - "რივერ პლეიტი".

ალესიო ჩერჩი სამი სეზონის განმავლობაში "ატლეტიკოს" ფეხბურთელად ითვლებოდა. ახლა იტალიელი ფეხბურთელის უიღბლო მადრიდული კარიერა დასრულებულია - დიეგო სიმეონემ უკვე აღიარა, რომ "ტორინოს" ლიდერის ყიდვა მისი ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა იყო. ჩერჩის სამი არჩევანი აქვს - იტალიაში დაბრუნება, "ოლიმპიაკოსში" გადასვლა ან "ლას პალმასში" თამაში.

გუნდის 33 წლის ლეგენდა ფერნანდო ტორესი პარასკევიდან აღარ არის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი, თუმცა დროებით - მომავალ კვირას მას ახალ, ერთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

მილანის "ინტერმა" "ატლეტიკოს" ხოსე მარი ხიმენესის ყიდვაზე ჩამოუგდო სიტყვა. ახლა სიმეონემ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა მას 22 წლის ურუგვაელი მცველის შენარჩუნება. მასთან კონტრაქტი ზუსტად ერთი წლის მერე სრულდება და ხიმენესის სარფიანად გაყიდვის მეტი შანსი "ატლეტიკოს" აღარ ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული