ანდალუსიურ კლუბში გადაწყვიტეს, რომ გუნდი ვიტოლოს გარშემო აეშენებინათ, მისთვის კი კაპიტნის სამკლავური ჩაებარებინათ. ვიტოლო "სევილიას" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო ევერ ბანეგასთან ერთად... მაგრამ ანდალუსიელებმა იჩქარეს - ფეხბურთელის წარმომადგენელთან წინასწარ ხელშეკრულება წერილობით ჰქონდათ გაფორმებული, მეორე დღეს საზეიმო ცერემონიალისთვის ელოდნენ, ელოდნენ და ვიტოლო არ გამოჩნდა.
მაშინ დაწერა "მარკამ", რომ ვიტოლოს სავარაუდო ტრანსფერი "ატლეტიკოში", რომელზეც დიდი ხანია, ბევრი იწერება, არც ისე განწირული იყო. "ატლეტიკო" ვიტოლოს სეზონში 5 მილიონ ევროს
"გუშინ ჩვენ გვქონდა გამზადებული დოკუმენტი, რომელსაც დღეს ხელის მოწერაღა აკლდა. ველაპარაკე ვიტოლოს და არანაირი ეჭვი არ შემპარვია, რომ იგი ხელს არ მოაწერდა კონტრაქტს. მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, კლუბი შეუთანხმდა ფეხბურთელს კონტრაქტის გაგრძელებაზე, მისი წარმომადგენელი და მამამისი თანახმანი არიან, რჩება მხოლოდ ფეხბურთელის ხელმოწერა დოკუმენტზე. დღეს თუ არა ხვალ ეს აუცილებლად მოხდება", - განაცხადა ხოსე კასტრო კარმონამ, "სევილიას" გაოგნებულმა პრეზიდენტმა.
ამ დროს "მარკამ" ვიტოლო "ატლეტიკოს" ოფისთან შეამჩნია მადრიდში. გრანკანარიელი, სააგენტოს წარმომადგენელ მარგარიტა გარაისთან და მამასთან ერთად მადრიდში გაფრინდა "ატლეტიკოსთან" მოსალაპარაკებლად.
ოპერაცია ანტიფიფა
დიდხანს ლოდინი აღარ დაგვჭირვებია - გუშინ მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვიტოლოსთან 2022 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. იმის გამო, რომ ფიფამ "ატლეტიკოს" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია დროებით აუკრძალა, სეზონის პირველ ნახევარს ვიტოლო "ლას პალმასში" იჯარით ჩაატარებს, 2018 წლის 1-ელ იანვარს კი მადრიდში დაბრუნდება. ტრანსფერი კი ასე განხორციელდება - "ატლეტიკო" გადასცემს ვიტოლოს 40 მილიონ ევროს, რომ მან საკუთარი თავი გამოისყიდოს "სევილიასგან". ამის შემდეგ 27 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და "ატლეტიკოსთან" ისე გააფორმებს კონტრაქტს, მადრიდული კლუბი კი მას ეგრევე კანარის კუნძულებზე გაანათხოვრებს.
გული გვიგრძნობს, რომ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. ჯერ კიდევ უცნობია, რა რეაქცია ექნებათ მადრიდულ მოტაცებაზე ანდალუსიურ კლუბში, რას იტყვის ფიფა მისი გადაწყვეტილების ასე აშკარა გვერდის ავლაზე...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"