ვიტოლოს საქმე - ფიფა და წლის ყველაზე სკანდალური ტრანსფერი

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ვიტოლოს ისტორიას გაგრძელება მოჰყვა, სკანდალი ძალებს იკრებს და შეიძლება არც კი დასრულდეს "ატლეტიკოსთვის" კარგად.

შეგახსენებთ, რა ხდებოდა ბოლო დღეებში. ედუარდო ბერიცომ "სევილიას" შეფებს სთხოვა, როგორმე დაეთანხმებინათ ვიტოლო დარჩენაზე, ხოლო გუნდის შენებას 27 წლის შემტევის ირგვლივ იწყებდნენ.

მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და "სევილიამ" გამოაცხადა, რომ ვიტოლოსთან 2022 წლამდე ახანგრძლივებდნენ კონტრაქტს, ის კი ანდალუსიური კლუბის კაპიტანი გახდებოდა და წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებდა. მეორე დღეს, საზეიმო ცერემონიალზე მას მხოლოდ ხელმოწერა უნდა დაესვა.

მეორე დღეს ვიტოლო "სანჩეს პისხუანზე" არ გამოჩენილა... ის
მადრიდში გადაფრინდა და 2022 წლამდე კონტრაქტზე "ატლეტიკოს" შეუთანხმდა.

ვიტოლო "ატლეტიკოსგან" 40 მილიონ ევროს მიიღებს, რომ მან თავი დაიხსნას "სევილიასგან", შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმებს კონტრაქტს და სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს, 2018 წლის იანვრამდე (ფიფას აკრძალვის გამო) ვიტოლო იჯარით "ლას პალმასში" ითამაშებს. მისი გამოსასყიდი თანხა კი 150 მილიონი ევრო იქნება...

* * *
აი, რას ამბობს ხოსე კასტრო, "სევილიას" პრეზიდენტი: "როცა ადამიანს არ ენდობი, სჯობს, მასთან არანაირი საქმე არ დაიჭირო. ჩვენ ყველაფერი მივეცით მას, რასაც ითხოვდა და... რეალობა ის არის, რომ ვიტოლომ "სევილია" იმისთვის გამოიყენა, რომ, რაც შეიძლება მსუყე კონტრაქტი გამოეცინცლა "ატლეტიკოსთვის". მან კლუბი ძალიან ცუდად დატოვა. მან ასევე გააფუჭა ურთიერთობა ორ კლუბს შორის. ვუსამძიმრებ "ატლეტიკოს", რომელმაც ისეთი ადამიანი შეიფარა, ვინც სიტყვის კაცი არ არის".

* * *
სიჩუმე დაარღვია თავად ტრანსფერის მთავარმა გმირმა (თუ ანტიგმირმა), როცა ის გრან კანარიაში ჩავიდა და გულშემატკივრებთან "ლას პალმასის" ატრიბუტიკით წარდგა:

"ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. ძალიან მძიმე კვირა გვქონდა მეც და ჩემს ოჯახსაც. "ლას პალმასი" ჩემი ოცნების გუნდი იყო და აქ თამაში ჩემთვის დიდებული იქნება", - განაცხადა ვიტოლომ, რომელიც ხონათან ვიერასთან ერთად ნახევარდაცვაში საინტერესო ტანდემს შექმნის. 

* * *
რა თქმა უნდა, ინციდენტი გამოხმაურების გარეშე არ დაუტოვებია არც ფიფას. ფაქტია, "ატლეტიკომ" და ვიტოლომ ფიფას აკრძალვისთვის გვერდის ავლის დიდებული ვარიანტი მოიფიქრეს. იურიდიულად შეკამათება ძნელია. ფიფა სასტიკად აფრთხილებს კლუბებს, რომ არ დაუშვებს ასეთ შემთხვევაში "მესამე ძალის" ჩართვას. "ატლეტიკო" და "ლას პალმასი" ირწმუნებიან, რომ მათ არც ერთი კანონი არ დაურღვევიათ.

ფიფა მხარეებს აფრთხილებს, რომ ვიტოლოს საქმეს ყურადღებით აკვირდება. მოკლედ, დასასრულამდე ჯერ ბევრია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული