რას ამბობს პრესა? - ნეიმარი 95%-ით პარიზელია

AutoSharing Option
ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი თემა ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ ჟერმენში" შესაძლო გადასვლაა. გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას, 222 მილიონ ევროს იხდის და ბრაზილიელს წელიწადში დაახლოებით 30 მილიონს სთავაზობს. ნეიმარი ამ წინადადებით მოხიბლულია და "ბარსელონას" დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.

ჩვენ მკითხველს სხვადასხვა სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობების ნაკრებს ვთავაზობთ, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბრაზილიელი პარიზის გზას ადგას.

Sport

"ბარსელონა" ცდილობს ნეიმარი საჯარო განცხადების გაკეთებაზე დაითანხმოს, მაგრამ ბრაზილიელი ამას არ აპირებს.

ბრაზილიელი კატალონიურ კლუბში თავს არაკომფორტულად გრძნობს. მას ლეო მესის
ჩრდილში ყოფნა მობეზრდა, გარდა ამისა, გუნდის სპორტული პროექტითაც უკმაყოფილოა - ნეიმარი მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" სატრანსფერო ბაზარზე სათანადოდ არ აქტიურობს და ხელმძღვანელობამ ვერც უმაღლესი დონის მწვრთნელის მიწვევა მოახერხა. ამის პარალელურად, მას პსჟ-ს სპორტული პროექტი მოსწონს.

კატალონიური გამოცემა "ბარსელონას" ერთ-ერთი დირექტორის სიტყვებს ციტირებს: "სიტუაცია რთულია. ნეიმარის წასვლის რეალური საფრთხე არსებობს. დაახლოებით 50%-ია იმის შანსი, რომ ის დარჩეს."

Esporte Interativo

ბრაზილიურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეიმარი ბარსელონაში აღარ დაბრუნდება. ის პირდაპირ პარიზში ჩავა, სადაც მას ტიაგუ სილვა, მარკინიოსი, დანი ალვეში, ტიაგუ მოტა და ლუკას მოურა ელოდებიან. სამხრეთ ამერიკელი ჟურნალისტების მტკიცებით, ტრანსფერი უახლოეს ორ კვირაში დასრულდება.

RAC1

ნეიმარსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და "ბარსელონამ" ეს იცის. კატალონიელები ფეხბურთელის გადარწმუნებას ცდილობენ, მაგრამ ბრაზილიელს სურს, რომ პსჟ-ს პრეოქტს ჩაუდგეს სათავეში. გარდა ამისა, მას ფინანსური შეთავაზებაც ხიბლავს.

პსჟ-მ დანი ალვეში ნეიმარის გადასაბირებლად დაიმატა. მის გარდა, პარიზულ კლუბში ასევე თამაშობენ სხვა ბრაზილიელები - ლუკას მოურა, ტიაგუ სილვა, მარკინიოსი და ტიაგუ მოტა. RAC1-ის ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ნეიმარმა თანამემამულეებს პსჟ-ში გადასვლის შესახებ უკვე ამცნო.

Catalunya Radio

ნეიმარის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა 95%-ით გადაწყვეტილია.

ნეიმარმა პსჟ-სთან დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. ეს შრომითი ხელშეკრულება არაა, უბრალოდ, პსჟ-ს ტვირთავს ვალდებულებით, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ნეიმარის მამას საკომისიო გადაუხადოს. ეს თანხა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე 2013 წელს, ფეხბურთელის "ბარსელონაში" გადასვლის დროს მიღებული 40 მილიონი ევრო.

კლუბის დირექტორები ნეიმარის გადარწმუნებას ცდილობენ. ფეხბურთელი არაფერს ადასტურებს, ტრანსფერის ჩაშლა კი მხოლოდ მას შეუძლია.

"ბარსელონას" სურს, რომ თუ ტრანსფერი შედგება, კლუბმა 222 მილიონი ევრო რაც შეიძლება მალე მიიღოს. კატალონელები გარიგებაში სხვა ფეხბურთელის ჩართვაზე უარს იტყვიან.

ნეიმარის ტრანსფერი, "ბარსელონასთვის" გადასახდელი თანხის, ნეიმარის ხელფასისა და გადასახადების ჩათვლით, "პარი სენ ჟერმენს", 5 წლის განმავლობაში, წელიწადში 120 მილიონი ევრო დაუჯდება.

პსჟ-ს ასევე სურს, რომ ნეიმარი 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის სარეკლამო სახეც გახდეს. ამ სურვილის მიზეზი ისაა, რომ პარიზულ კლუბს ყატარელი ბიზნესმენები ფლობენ.

ნეიმარი

რას ამბობს თვითონ ნეიმარი? არაფერს. მან გულშემატკივრებს ერთადერთი მესიჯი გაუგზავნა - დღეს დილით, ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის, ვარჯიშის დროს, ჩაფიქრებულია.


ამ ცნობების ანალიზის შემდეგ, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ნეიმარი პსჟ-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე "ბარსელონასთან". თუმცა, მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

შენ სად გსურს მომდევნო სეზონში ნეიმარის ხილვა: დააფიქსირე შენი აზრი!


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
zogadad brazilielebi pulis monebi arian da ar gamikvirdeba esec tu wava
boga
13:19 21-07-2017
0
ბრაზილიელების კი არა ყველაფერი მესის ბრალია რომელმაც შანტაჟით აიძულა ბარსას ხელმძღვანელობა 3ჯერ მეტი ხელფასი მიეცათ ვიდრე ნეიმარს და 7-8ჯერ მეტი ვიდრე დანარჩენ ფეხბურთელებს.თანაც სამარცხვინო სეზონის შემდეგ.თავმოყვარეობის ამბავია.შეიძლება სხვებსაც გაუჩნდეთ სურვილი ხელფასის გაზრდის.უზნეო, გაუმაძღარმა მესიმ ჯერ არგენტინის ნაკრები დაანგრია ახლა ბარსას მიადგა.
კრისტიანო
22:01 21-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული