პრო ფაილი: ვინ არის ნეიმარი

AutoSharing Option
საერთო ჯამში, "ბარსელონას" ნეიმარი, შესაძლოა, 70 მილიონი ევროც კი დაუჯდეს, მაგრამ რას იზამ - დღევანდელობაში გენიოსს იაფად ვერ იშოვი.

"გენიოსი" - სწორედ ეს სიტყვა ახსენა ნეიმარის ერთ-ერთმა ყოფილმა მწვრთნელმა. როცა მას ბურთი აქვს, არა მხოლოდ მეტოქე გუნდის მცველებს არ აქვთ წარმოდგენა, რა მოხდება მეორე წამს, არამედ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თავად ბრაზილიელმაც არ იცის, რას მოიმოქმედებს...

საოცარი გოლები
ნებისმიერი ინტერნეტსაძიებელი სისტემის ველში ჩაწერეთ "ნეიმარის საოცარი გოლი" და თქვენ უამრავი არჩევანის წინაშე დადგებით, რომელთაგანაც უთუოდ ორია გამოსაყოფი. ორივე ეს გოლი "ინტერნასიონალთან"
თამაშიდანაა, როცა ნეიმარმა ჰეთ თრიკი შეასრულა. ორივე "დაიბადა" მოედნის შუაგულში. ნეიმარი უკან იტოვებდა მეტოქეებს ერთიმეორის მიყოლებით. რაც მთავარია, ამას ელვისებური სისწრაფით ასრულებდა, ბოლოს კი რჩებოდა მოტყუებული მეკარე და "სანტოსის" გახარებული გულშემატკივარი.

თანამედროვე ტექნოლოგიები მეტის საშუალებას გვაძლევს. გამოითვალეს, რომ "ინტერნასიონალთან" პირველი საოცარი გოლის გატანისას ნეიმარმა 65 მეტრი დისტანცია დაფარა, გასცდა "ინტერის" ხუთ ფეხბურთელს და ბურთით 31 კმ/სთ სიჩქარით ირბინა!

ეს საოცარი რიცხვებია, რომლებმაც თავად ნეიმარი გააკვირვეს. მას წარმოდგენაც კი არ აქვს, როგორ მოახერხა ეს:

"ასეთ ორ გოლს მომავალში, ალბათ, ვიდეოთამაშებშიც კი ვერ გავიტან. იმიტომ, რომ ძალიან ძნელია ასეთი სისწრაფით ბურთის ტარება. მინდა, კიდევ ერთხელ ჩავუჯდე ამ ვიდეოს და იქნებ მივხვდე, როგორ შევძელი ასეთი გოლების გატანა, იმიტომ, რომ ახლაც ვერ ვიხსენებ ცხადად - მახსოვს მხოლოდ, რომ მივრბოდი და დრიბლინგით ვცდილობდი მეტოქეების ჩამოცილებას, როცა უცბად, ჩემ წინ კარი ამოიზარდა".

ნეიმარი და პელე
ნეიმარი სან პაულუს გარეუბანში 1992 წლის თებერვალში დაიბადა. როდესაც 17 წლის ასაკში მას "სანტოსში" ჰქონდა დებიუტი, უკვე იცოდნენ, რომ იყო შეუჩერებელი და ძნელად გამოსაცნობი. უკვე ერთი წლის მერე მან ბრაზილიის ნაკრების მაისურით თავურით გაიტანა პირველი გოლი (აშშ-ის კარში).

18 წლის ასაკში მან მესამე ადგილი დაიკავა სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, მომდევნო ორი წელიწადი კი ეს ნომინაცია მოიგო. 20 წლის ახალი შესრულებული იყო, როცა "პალმეირასის" კარში გოლით პროფესიულ კარიერაში მე-100 გოლი მიიწერა. ორი თვის მერე "სანტოსის" 100 წლის იუბილეზე პელემ თქვა:

"ყველა ლიონელ მესიზე ლაპარაკობს და ის დიდი ვარსკვლავია, მაგრამ რომ გახდეს საუკეთესო, უპირველესად, მან ნეიმარს უნდა აჯობოს. დღეისათვის მესის მხოლოდ ერთი უპირატესობა აქვს - ის უფრო გამოცდილია".

პელე ამბობს, რომ უბრალოდ, მოაჯადოვა ნეიმარის გოლმა იაპონელთა კარში, როცა ახალგაზრდა ფორვარდმა მისივე ფინტზე (1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი) მაგარი შეასრულა. მართლაც, მაშინ პელემ საოცრება ჩაიდინა ურუგვაისთან მატჩში, მაგრამ ბურთი კარს ააცილა; აი, ნეიმარს კი არაფერი შეშლია.

ნეიმარის გოლთაგან გამორჩეულია "ფლამენგოს" კარში გატანილი, როცა მან ორი მეტოქე ჩამოიცილა, კედელი გაითამაშა პარტნიორთან და შემდეგ კიდევ ერთი მეტოქე მოატყუა, ბოლოს კი კარი დალაშქრა. ამ გოლმა 2011 წლის საუკეთესო გოლის წოდება მიიღო, ნეიმარმა კი - პუშკაშის სახელობის პრიზი.

ნეიმარის პენალტმა როჟერიო სენის კარში, ფიფას ლამის ფეხბურთის წესი შეაცვლევინა. იყო კიდევ ერთი ეპიზოდი "ატლეტიკო მინეიროს" წინააღმდეგ გასულ წელს, როცა აუტის ხაზთან ნეიმარმა არანორმალური მოძრაობით თავზე გადაუგდო ბურთი მცველს. ეს იმდენად შეურაცხმყოფელი იყო ამაყი მეტოქისთვის, რომ ეს უკანასკნელი ნეიმარს გამოეკიდა, უბრალოდ, "მოჩეხა" და ყვითელი ბარათი მიიღო.

იმ მომენტში ყველაზე საინტერესო "ატლეტიკოს" რონალდინიოს გამომეტყველება იყო. ახალგაზრდა ტალანტის გაელვებამ "დინიო" მიახვედრა, რომ აღარ არის ბრაზილიური საფეხბურთო პუბლიკის პირველი გამრთობი.

ნეიმარის ბნელი მხარე(ები)
როგორც თითქმის ყველა არანორმალურად ნიჭიერს, ნეიმარსაც აქვს ბნელი მხარე და "ბარსელონას" ბოსები ამას მალე საკუთარ ტყავზე იწვნევენ. ნეიმარი ხშირად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე. ნეიმარის გოლმა "სანტოსს" პელეს შემდეგ, 48 წლის თავზე მოაგებინა ლიბერტადორესის თასი, მაგრამ თამაშის შემდეგ ნეიმარმა იჩხუბა მოედანზევე.

გვახსენდება 2010 წლის ეპიზოდი "გუარანის" წინააღმდეგ, როცა ნეიმარმა პენალტი მოინადირა. ის გაეშურა თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად, მაგრამ მწვრთნელმა დორივალმა მითითება გასცა, პენალტი მის თანაგუნდელ მარსელს შეესრულებინა, რადგან ნეიმარმა წინა სამი პენალტი გააფუჭა. იმ დროს, როცა მარსელი პენალტს ასრულებდა, ნეიმარი ჩხუბით მიეჭრა მწვრთნელს, არ გაუგონა ლაინსმენს და შემდეგ წყლით სავსე ბოთლი დაანარცხა მოედანზე.

დორივალი მისთვის ორკვირიან დისკვალიფიკაციას ითხოვდა კლუბში. მწვრთნელს არ დაუჯერეს, ნეიმარი დასაჯეს, ოღონდ არც ისე მკაცრად. შემდეგ კლუბის სპონსორმა გამოთქვა უკმაყოფილება და მწვრთნელი სულაც მოხსნეს.

თუმცა მეორე დღეს ნეიმარი მედიას უხსნიდა, რომ შეცდა და მოინანია: "მე აქ იმისთვის შეგკრიბეთ, რომ გითხრათ, თქვენ რაც ნახეთ, ის ნამდვილი ნეიმარი არ არის. ნამდვილი ნეიმარი ძალიან მხიარული, პროფესიონალი ბიჭია, ყოველთვის ბედნიერი. როცა სახლში ვნახე, რაც ჩავიდინე, შემრცხვა".

სხვათა შორის, წყენა დორივალმაც არ ჩაიდო გულში: "ის უკვე ჯობნის კრიშტიანო რონალდოს, უფრო სწრაფი და უფრო გადამწყვეტია. რაც დრო გავა, ნეიმარი მიაღწევს მესის დონესაც".

მოედნის გარეთ მის ცხოვრებას თეთრი ლაქები აქვს. 19 წლის ასაკში გამოაცხადა, რომ 17 წლის გოგოსთან შვილი ეყოლება, ხოლო როცა ის ბავშვს გააჩენს, მასთან ურთიერთობას შეწყვეტს. ჟურნალისტებმა გაარკვიეს იმ გოგოს სახელი - კაროლინა ნოგეირა დანტასი. 2011 წლის აგვისტოში ამ ქვეყანას მოევლინა ნეიმარის ვაჟი დავი ლუკა.

ამის შემდეგ პაპარაცებს ბევრი გოგონა გადაუღიათ ნეიმარის მკლავებში. ბოლო იყო ბრაზილიური სერიალის ვარსკვლავი ბრუნა მარკეზინი. შესაძლოა, ესეც არის ერთი მიზეზი, რომ ნეიმარი "სპორტ პრო" ჟურნალმა მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად სპორტსმენად დაასახელა.

"ფრანს ფუტბოლმა" ნეიმარი გასულ წელს მე-7 ადგილზე გაიყვანა ყველაზე მდიდარ ფეხბურთელთა ჩამონათვალში. ნეიმარის შემოსავალი მაშინ 12 მილიონ ევრომდე იყო წელიწადში და აუცილებლად გაიზრდებოდა, რადგან სპონსორები: "ნაიკი", "პანასონიკი", "ფოლკსვაგენი", "რედ ბული", "უნილევერი" და "სანტანდერი" 21 წლის ვარსკვლავს რიგში ედგნენ.

გარინჩა
"როცა პელეს გადარებენ, ფეხბურთელს, რომელიც ყველაზე კარგად თამაშობდა ფეხბურთს დედამიწაზე, ამაზე საუკეთესო რა უნდა იყოს?! მაგრამ მამაჩემი ხშირად მიყვებოდა გარინჩაზე. მისი მოძრაობა, დრიბლინგი, ვგონებ, უფრო წააგავს ჩემსას. მაგრამ რაც უნდა იყოს, ასეთი ორი ფეხბურთელის გვერდით დაყენება უკვე უდიდესი პატივია", - ამბობს ნეიმარი.

ნეიმარის ქრონომეტრი
1992: 5 თებერვალი - დაიბადა მოჯი დას კრუზესში (სან პაულუ).

2003: გახდა "სანტოსის" ახალგაზრდული გუნდის წევრი.

2006: იმყოფებოდა მადრიდის "რეალში" სინჯებზე! თუმცა არჩევს "სანტოსში" დარჩენას.

2009: მარტი - "სანტოსში" აქვს პროფესიული დებიუტი, ერთ კვირაში გააქვს პირველი გოლიც.

2010: 15 აპრილი - "გუარანის" კარში გააქვს 5 გოლი (8:1).
მაისი - პაულისტას საუკეთესო ფეხბურთელი ხდება, "სანტოსი" იგებს შტატის ჩემპიონატს.
ივლისი - "სანტოსის" პრეზიდენტი პედრო ლუის ნუნიეში აცხადებს, რომ "ვესტ ჰემის" წინადადება (15 მილიონი ევრო) უარყოფილია.
10 აგვისტო - ბრაზილიის ნაკრების სადებიუტო მატჩში გააქვს გოლი აშშ-ის კარში (2:0).
30 დეკემბერი - სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში გადის მე-3 ადგილზე, მას მერე, რაც 60 მატჩში 42 გოლი გაიტანა.

2011: ივნისი - გააქვს ლიბერტადორესის თასის ფინალში, "სანტოსი" კი 1963 წლის მერე პირველად იმარჯვებს.
ნოემბერი - "სანტოსთან" 2014 წლამდე აფორმებს ახალ ხელშეკრულებას.
დეკემბერი - არის "ოქროს ბურთის" ნომინანტი, მოიგო პუშკაშის პრიზი საუკეთესო გოლისთვის. "სანტოსი" "ბარსასთან" აგებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალს. ის ხდება სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი.

2012: 5 თებერვალი - 20 წლის იუბილეზე გააქვს მე-100 გოლი კარიერაში.
ივნისი - ხდება ლიბერტადორესის თასის ბომბარდირი.
დეკემბერი - ხდება ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი.

2013: 18 მარტი - პირველად ამბობს, რომ ევროპაში თამაშზე ოცნებობს.
26 მაისი - ნეიმარი აცხადებს, რომ შეუთანხმდა "ბარსელონას" და მასთან 5-წლიან კონტრაქტს აფორმებს.
3. ივნისი - გაიმართა ნეიმარის პრეზენტაცია "ბარსელონაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნეიმარის პრეზენტაცია - 57 მლნ ევრო, 56 ათასი მაყურებელი, 334 ჟურნალისტი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
საიდან მოაქვთ ეს "გაყიდვადი", რა უბედურებაა, ვის ტვინში ამოტივტივდა!
აზროვნება და ღირსება აღარა გაქვთ, წაგერთვათ?
Shoda
12:38 05-06-2013
0
პელეს პროგნოზისტის ნიჭიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეიმარი ერთ ჩვეულებრივ ფეხბურთელად იქცევა... :D
უშანგი
15:12 05-06-2013
0

სიახლეები პოპულარული