სკანდალი: ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონას" ადანაშაულებს, ტიტო ვილანოვა - პეპს

AutoSharing Option
15 ივლისს "ბარსელონა" "გაცოცხლდა" - გუნდი ხანმოკლე შვებულებიდან გამოვიდა.

ევროპული ფეხბურთის გრანდმა ახალი სეზონისთვის ვარჯიში დაიწყო და სალაპარაკო და საწერიც მოგვიმრავლდა...

დაბადების დღის საჩუქარი სერხიო ბუსკეტსს
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა. 25 წლის ბუსკეტსის გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო დაწესდა!

ზუსტად ამდენი უნდა შესთავაზოს "ბარსას" მისმა მსურველმა კლუბმა.

სხვათა შორის, ბუსკეტსი 16 ივლისს შესრულდა 25 წლის. ასე რომ, მან დაბადების დღეზე ბრწყინვალე საჩუქარი მიიღო. ბოლოს მან კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2011 წლის იანვარში გააგრძელა. ბუსკეტსმა "ბარსელონას" რიგებში 238
მატჩი ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.

პირველ ვარჯიშს 12 ფეხბურთელი დაესწრო
მართალია, 15 ივლისს "ბარსელონა" შვებულებიდან გამოვიდა, მაგრამ მთელი დღე სამედიცინო შემოწმებამ წაიღო. ბაზაზე ბოლოჯერ მივიდა ტიაგო ალკანტარა, რომელიც 25 მილიონ ევროდ მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა. 22 წლის ფეხბურთელი დაემშვიდობა ყოფილ გუნდელებს.

პირველი ვარჯიში ტიტო ვილანოვამ კი 16 ივლისს ჩაატარა, თუმცა მასში მონაწილეობა სრულყოფილად მთელმა გუნდმა ვერ მიიღო.

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge



ბაზაზე პირველი გუნდის 12 ფეხბურთელი შეიკრიბა: ხოსე პინტო, ოიერი, მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა, ხავიერ მასკერანო, ადრიანო კორეია, ალექს სონგი, სერხი რობერტო, ჯონათან დოს სანტოსი, ლიონელ მესი, კრისტიან ტელიო და ალექსის სანჩესი.

ბაზაზე იმყოფებიან კარლოს პუიოლი, ისააკ კვენკა და იბრაჰიმ აფელაი, მაგრამ ტრავმების გამო ისინი ვერ ვარჯიშობენ გუნდთან ერთად.

როსელი: რას გვემართლება პეპი?
დღის პირველი შეტევა გუნდის ყოფილ თავკაც ხოსეპ გვარდიოლაზე პრეზიდენტმა სანდრო როსელმა მიიტანა:

"გვარდიოლამ იცრუა. მისი სიტყვები ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო. შეგიძლიათ არქივებში მოიძიოთ კიდევაც, როდის რას ვამბობდით ჩვენი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელზე. მისი კომენტარებით გაოცებული ვარ - ბრალს გვდებს და არანაირი ფაქტი არ აქვს ხელთ. ასე როგორ შეიძლება.

ჩვენ არასოდეს გვიცდია, ტიტო ვილანოვას ავადმყოფობით გვესარგებლა და შესაბამისად, გაუგებარია, რას გვაბრალებს გვარდიოლა. მას შემდეგ, რაც მან "ბარსა" დატოვა, მასთან არ გვისაუბრია. მხოლოდ ერთხელ შევეხმიანეთ და ისიც "ბაიერნში" დანიშვნა მივულოცეთ. რა უნდა, რას გვემართლება?!"


სანდრო როსელმა კატალონიური გრანდის ფანებს მოუწოდა, არ აჰყვნენ სიტუაციას და არ დაიყონ პეპის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, როგორც ეს იოჰან კრუიფის წასვლის შემდეგ ერთხელ უკვე მოხდა "ბარსელონაში":

"ჩვენი სურვილია, "ბარსელონაში" ყველა აღფრთოვანებული იყოს ცოცხალი ლეგენდით. დიახ, გვარდიოლა "ბარსას" ცოცხალი ლეგენდაა", - განუცხადა "მარკას" სანდრო როსელმა.

ლეო მესი - ერთადერთი მამალი საქათმეში
კლუბის პრეზიდენტმა ლეო მესის და ნეიმარის მომავალ ურთიერთშეწყობაზეც ისაუბრა და საოცარი რამ თქვა:

"არავინ არის ლეო მესიზე უკეთესი ფეხბურთელი. ჩემთვის ის სულაც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ის ერთადერთი მამალია საქათმეში.

ასე რომ, არა მგონია, მესისა
და ნეიმარს შორის რაიმე პრობლემა აღმოცენდეს. ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, ორივე ბევრს გაიღებს გუნდის წარმატებისთვის".

ტიტო: როცა მჭირდებოდა, პეპი ჩემ გვერდით არ იყო!
პირველი ვარჯიშის შემდეგ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ და სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ჩანს, ტიტო ხოსეპ გვარდიოლაზე ნაწყენია. ვილანოვას ეწყინა როგორც პეპის ბოლო გამონათქვამები, ასევე ის, თუ როგორ იქცეოდა პეპი, როცა ტიტო ავად იყო და მკურნალობდა.

"ყველამ კარგად იცის, რომ არასოდეს ვცდილობ, ვინმეს პერსონალურად შევეხო. მე მხოლოდ ფეხბურთზე ვლაპარაკობ, მაგრამ პეპის გამონათქვამების მოსმენის შემდეგ, ვფიქრობ, მეც უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი.

გვარდიოლას ნათქვამმა გაოცებული დამტოვა. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს "ბარსას" ხელმძღვანელობაში ჩემი ავადმყოფობის გამოყენება უნდოდა პეპზე თავდასასხმელად. პირიქით, ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ, რითაც შეეძლოთ.

ორი თვე გავატარე ნიუ იორკში ოპერაციის მერე და პეპს არ შევხვედრივარ, მაგრამ ეს არ იყო ჩემი ბრალი. მან ასე გადაწყვიტა, თუმცა პეპის ადგილზე მე სხვანაირად მოვიქცეოდი. მაშინ ძალიან ცუდი დროება მქონდა და მხარში დგომა მჭირდებოდა".

ტიაგო სილვა გვსურს
ტიტო ვილანოვამ ტრანსფერებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ძალიან გაბრაზებულია ტიაგო ალკანტარას წასვლით. თუმცა ამაში პეპ გვარდიოლას არ ადანაშაულებს. უბრალოდ, გული სწყდება, რომ ასე საჭირო ფეხბურთელი დაკარგა გუნდმა.

ვილანოვამ სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა: "ერთი ცენტრალური მცველი გვჭირდება. ტიაგო სილვა ის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან მოგვწონს, თუმცა არიან სხვებიც".

ვილანოვამ ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან განსაკუთრებით სერხი რობერტოს პროგრესი გამოყო და აღნიშნა, რომ რობერტო ამ სეზონში თავს გამოიჩენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა: როცა მჭირდებოდა, ხოსეპ გვარდიოლა ჩემ გვერდით არ იყო!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული