დუბლით დაიწყო კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ამ სეზონში 70 გოლის გატანა დაისახა მიზნად.
ანჩელოტიმ ყველა ათამაშა, ვინც კი ინგლისში წაიყვანა, სათადარიგო გოლკიპერის, ტომას მეხიასის გარდა. შვებულება არ დასრულებიათ კონფედერაციათა თასზე მონაწილე იკერ კასილიასს, სერხიო რამოსს და ალვარო არბელოას. ტრავმის გამო კიდევ კარგა ხანს ვერ ითამაშებს ჩაბი ალონსო. ინგლისში არც რაფაელ ვარანი და მარსელო ყოფილან.
საინტერესოა იტალიელის სასტარტო შემადგენლობის გაცნობაც: კარში დიეგო ლოპესი, ფლანგის მცველები
როგორც ხედავთ, ანჩელოტიმ სასტარტოში ორ ახალწვეულს გამოუძებნა ადგილი: კარვახალს და ისკოს. შესვენების შემდეგ იტალიელმა 11 ფეხბურთელი ჩართო ბრძოლაში.
22-ე წუთზე რონალდომ საკმაოდ შორი მანძილიდან შეასრულა საჯარიმო, თუმცა ეს უზადოდ გააკეთა და დერილ ფლევენის კარი აიღო - 1:0. მეორე გოლი 41-ე წუთზე გავიდა, ისკოს შორეული პასი რონალდომ მცველ ტომი ელპიკის შეცდომის გამო მიიღო და მეკარე ისევ დაამწუხრა - 2:0. ტაიმის ბოლოს ისკოს მოწოდებული კუთხურის შემდეგ საჯარიმოში ყველაზე სწრაფად ხედირამ იმოქმედა - 3:0. ისკო პირველ ტაიმში "რეალში" საუკეთესო იყო, რონალდოსთან ერთად.
მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი ვიხილეთ, შესვენების შემდეგ თამაში მხოლოდ ნაჩომ და კარვახალმა გააგრძელეს (67-ე წუთზე მათაც დატოვეს მოედანი, ხორხე კასადო და ქუინი შევიდნენ). II ტაიმი დაიწყეს ხესუსმა, დავიდ მატეოსმა, დენის ჩერიშევმა, ანხელ დი მარიამ, გონსალო იგუაინმა, ასიერლ ილიარამენდიმ, კაზემირუმ, კაკამ და ალვარო მორატამ.
მეოთხე გოლიც მალე გავიდა, მორატას ბრწყინვალე პასით კაპიტანი იგუაინი მეკარესთან პირისპირ დარჩა და, როგორც ამბობენ, "რეალის" მაისურით უკანასკნელი გოლი გაიტანა - 4:0. ამის შემდეგ იმავე იგუაინს მეკარემ დუბლის შესრულება არ აცალა, ხოლო კაკას გასროლა ხარიხამ მოიგერია. მეხუთე გოლი მთლიანად დი მარიას ინდივიდუალური ოსტატობის შედეგი იყო, რომელიც რამდენიმე მეტოქეს გასცდა და აუღებელი დაურტყა ფლევენს - 5:0.
ბოლოსკენ კაზემირუმ და დი მარიამ კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ბრაზილიელის სადებიუტო გოლით დასრულდა - 6:0.
აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - მართალია, პრესის წინაშე არ აქტიურობს, მაგრამ კარგად ჩანს, რომ "რეალის" სამწვრთნელო და სათამაშო პროცესშიც დიდ როლს თამაშობს ზინედინ ზიდანი. ანჩელოტის ასისტენტი ბორნმუთში მას სათადარიგოთა სკამზე გვერდში ეჯდა.
რაც შეეხება "ბორნმუთს" - ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის შესახებაც "რეალის" ფეხბურთელებს გაეგოთ, 35 წლის ვეტერანი იან ჰარტია, რომელიც მეორე ტაიმში გამოჩნდა. "ლიდსის" ყოფილ ვარსკვლავს 3 სეზონი ვალენსიურ "ლევანტეში" აქვს გატარებული.
შემდეგი გაჩერება საფრანგეთია, ბენზემას ყოფილი გუნდი "ლიონი", რომელსაც "სამეფო კლუბი" ოთხშაბათს ეთამაშება.
მატჩის შემდეგ
კარლო ანჩელოტი: "პირველი მატჩი კარგი გამოგვივიდა. ჩვენი მიზანი კარგი ფეხბურთის თამაშია, რაც ხშირად გამოგვდიოდა, ხშირად კი - არა. თუმცა ეს წინასასეზონო მატჩისთვის ნორმალურია. კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდმა ბევრი იშრომა. მოსამატებელი ბევრია, მაგრამ ეს ლოგიკურიცაა გუნდისთვის, რომელმაც ერთი კვირაა, რაც ვარჯიში დაიწყო.
მიხარია, რა შემართებითაც ითამაშეს გუნდის მნიშვნელოვანმა წევრებმა კრიშტიანო რონალდომ და მესუთ იოზილმა და როგორ კარგად აუბეს მხარი მათ ახალგაზრდებმა.
ისკო და იოზილი ერთად? დიახ, ეს ექსპერიმენტი იყო, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ფეხბურთელი უმაღლესი კლასისაა, ორი ერთნაირი ტიპის მოთამაშის ერთად დაყენებასაც არაფერი უშლის ხელს. მთავარი და მნიშვნელოვანია, არ დაირღვეს ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის. ამ ბალანსის შენარჩუნება ყველაზე რთულია.
ვფიქრობ, დრო და ვარჯიში გვჭირდება და ამ მხრივ პრობლემები აღარ გვექნება.
კრიშტიანო არის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და ის ასეთად კიდევ დიდხანს დარჩება. ყველა კარგად იცნობს კრიშტიანოს შესაძლებლობებს. როცა ის კარგად თამაშობს, გუნდისთვის ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია. გონსალო იგუაინი ძალიან კარგი ფორვარდია. ამ წუთისთვის ის "რეალის" ფეხბურთელია".
დანიელ კარვახალი: "მწვრთნელი ძალიან მშვიდი ადამიანია, ის თავდაჯერებას და ხალისს გვმატებს. "რეალი" ახალგაზრდული და ამბიციური გუნდია".
ასიერ ილიარამენდი: "გასახდელში ბიჭები ძალიან კარგად დამხვდნენ, ბედნიერი ვარ. მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ, ადაპტაციის პრობლემა არ მაქვს, რადგან ირგვლივ მხოლოდ კარგ ადამიანებს ვხედავ. რაც შეეხება მატჩს, პირველის კვალობაზე ძალიან კარგი გამოგვივიდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედს": დაივიწყეთ რონალდო!