კარგი თამაშის გარდა, ამ მატჩში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, კერძოდ: ნეიმარმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, ხოლო 70-ე წუთზე მოედნიდან… ლიონელ მესი გავიდა.
დიახ, მესი შეცვალეს. ასეთი რამ "ბარსელონაში" ბოლოს დაახლოებით სამი წლის წინ მოხდა, როდესაც "ლა პულგა" მოედნიდან პეპ გვარდიოლამ გაიყვანა.
"გიჟი არ ვარ და თანაბარი თამაში რომ ყოფილიყო, მესის ნამდვილად არ შევცვლიდი.
სეზონი ძალიან გრძელია და გუნდს ბევრი თამაშის ჩატარება უწევს. ოთხ შეხვედრაში რამდენიმე წუთით დასვენება, პრაქტიკულად, ერთი მთლიანი თამაშის გამოტოვების ტოლფასია.
ლეოს თამაშამდე ვესაუბრე და ჩვენ ყველაფერზე შეთანხმებულნი ვიყავით. ის ჭკვიანი ბიჭია და ამისგან პრობლემა არ შეუქმნია", - განაცხადა ხერარდო მარტინომ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნეიმარის შესახებ კი არგენტინელმა შემდეგი რამ თქვა:
"ნეიმარი ახალ გუნდში ცოტა ხნის წინ, კონფედერაციათა თასზე თამაშის შემდეგ გადმოვიდა. სანაკრებო თამაშების შემდეგ ის ცოტათი გადაღლილი იყო.
გასაგებია, რომ ხალხს მისი და მესის ტანდემის ხილვა თავიდანვე სურდა, მაგრამ ამის გამო ჩვენი ფეხბურთელის ჯანმრთელობას საფრთხეს ნამდვილად ვერ შევუქმნიდით. ჩვენ არსად გვეჩქარება, წინ მთელი სეზონია".
აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონა" მომდევნო თამაშს ოთხშაბათს, ესპანეთის სუპერთასზე ("ატლეტიკოს" წინააღმდეგ) გამართავს და საოცნებო დუეტი შესაძლოა სწორედ ამ თამაშში ვიხილოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"