ესპანეთი. ლა ლიგა. II ტურის წინ: გრანდების ანდალუსიური დღეები

AutoSharing Option
ლა ლიგის მეორე ტური ოთხ დღეზეა გაწელილი. 23 აგვისტოს ორი მატჩი გაიმართა, შაბათ-კვირას კიდევ 7 შეხვედრა შედგება, ტური კი ორშაბათს, "გრანადას" და "რეალის" დაპირისპირებით დასრულდება.

ესპანური ფეხბურთის ორივე გრანდი ანდალუსიის მხარეს ეწვევა და დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შინ ორივე სამი ქულით დაბრუნდება...

მესის თამაში საეჭვოა
"ბარსელონა" კვირას "მალაგას" ეთამაშება, რომელმაც სეზონის წინ თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა და პირველ ტურშიც მარცხი განიცადა. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მთავარი სიახლე ისაა, რომ საეჭვოა ლეო მესის თამაში.

არგენტინელს დიდი ხანია მარცხენა ბარძაყის ტრავმა
აწუხებს. სწორედ ამ დაზიანების გამო შეცვალა "პულგა" ხერარდო მარტინომ ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში.

ესპანელი ჟურნალისტები ელიან, რომ იმავე მატჩში გოლის ავტორი ნეიმარი "ლა როსალედაზე" პირველივე წუთიდან მოედანზე იქნება, ხოლო თუ მესი ვერ ითამაშებს, მის ნაცვლად მინდორზე პედრო გავა.

ბერნდ შუსტერი საკმაოდ პესიმისტურად არის განწყობილი. გერმანელმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა, შესაძლოა, პირველ სამ ტურში ქულაც ვერ აიღოს და ეს დიდად მოულოდნელი არც იქნება.

"ბარსელონას", "რეალის" და "ატლეტიკოს" ყოფილ ფეხბურთელს ჩვენც ვეთანხმებით - ანდალუსიელებმა უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი დაკარგეს, სანაცვლოდ კი მხოლოდ ახალგაზრდები ან საშუალო დონის გამოცდილი მოთამაშეები მიიღეს, თანაც "ბარსას" მერე "მალაგას" რეგიონალური დერბი ელის "სევილიასთან"...

კარგ პერიოდშიც კი, "მალაგას" კატალონიურ გრანდთან თამაში საკმაოდ უჭირდა - 2008 წლიდან მოყოლებული, გუნდები ერთმანეთს 12-ჯერ შეხვდნენ (10-ჯერ ჩემპიონატში და ორჯერ თასზე), აქედან "ბარსამ" 11 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ. "ბარსელონამ" ამ 12 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 12 გაუშვა. როგორც ხედავთ, დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ითამაშებს თუ არა მესი, ფავორიტი ამ წყვილში აშკარად გამოკვეთილია.

სავარაუდო შემადგენლობები:
"მალაგა" (4-4-1-1): კაბალიერო - ხესუს გამესი, ანხელერი, ჩენი, ანტუნეში - პ. მორალესი, ტისონე, ბ. ანდერსონი, დუდა - ოლინგა - სანტა კრუსი
"ბარსელონა" (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, ფაბრეგასი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, ნეიმარი.

რევანშისთვის
მეორე ანდალუსიური კლუბი "გრანადა", რომელმაც სეზონი სტუმრად ("ოსასუნასთან") მოპოვებული გამარჯვებით გახსნა, მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

"სამეფო კლუბში" დიდი ამბებია - თითქმის დასრულდა მოლაპარაკებები გარეთ ბეილთან დაკავშირებით და თუ ბრიტანულ და ესპანურ პრესას ვენდობით, ტრანსფერს წინ ვერაფერი დაუდგება.

"რეალს" მეტოქესთან რევანში აქვს ასაღები - შარშან, მადრიდელებმა "გრანადასთან" 0:1 წააგეს და რაც ყველაზე საინტერესოა, შეხვედრის ერთადერთი გოლი კრიშტიანო რონალდომ საკუთარ კარში გაიტანა. პორტუგალიელის ხასიათიდან გამომდინარე, დარწმუნებულნი ვართ, რომ "რეალის" 7-იანი განსაკურებით მოინდომებს და შესაძლოა, ანდალუსიელებს მცირე "განკითხვის დღეც" მოუწყოს.

მართალია, კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველ ტურში არც ისე დამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იტალიელისგან ბევრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. მადრიდელთა ერთადერთი დანაკლისი ახალგაზრდა რაფაელ ვარანია. ასევე, არ ითამაშებს ფაბიო კოენტრაო, რომელსაც გუნდიდან წასვლა სურს. სათადარიგოთა სკამზე იქნება ანხელ დი მარია, ვინც კლუბს ბეილის მისვლის შემთხვევაში დატოვებს.

ყველას აინტერესებს, თუ ვინ დაიცავს მადრიდელთა კარს: დიეგო ლოპესი თუ იკერ კასილიასი. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ამ უკანასკნელის სკამზე დატოვებამ ესპანურ პრესაში და ესპანელ გულშემატკივრებში დიდი ხმაური გამოიწვია.

თუ "მარკას" ვენდობით, "ნუევო ლოს კარმენესზე" კარში კასილიასი უნდა იდგეს. მოგეხსენებათ, ეს გაზეთი "სამეფო კლუბთან" დაახლოვებული გამოცემაა და შესაბამისად, არ გვაქვს უფლება არ დავუჯეროთ, თუმცა თავისუფლად შესაძლებელია, რომ აღნიშნული მოსაზრება, უბრალოდ, "მარკას" ჟურნალისტთა სურვილი იყოს და ამ გზით ისინი ანჩელოტიზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ.

ასეთი რაღაცები ამ გამოცემას ნამდვილად არ ესწავლება...

სავარაუდო შემადგენლობები:
"გრანადა" (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მურილიო, ანგულო - იებდა, იტურა - პიტი, ბრაიმი, დანი ბენიტესი - ელ-არაბი
"რეალი" (4-3-2-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - კაზემირო, მოდრიჩი, ისკო - იოზილი, კრიშტიანო რონალდო - ბენზემა.

ვალენსიას ლიდერები უბრუნდებიან
ჩემპიონატის პირველ ტურში ("მალაგასთან") "ვალენსიას" შემადგენლობაში რამდენიმე ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელი ვიხილეთ, ამის მიზეზი კი ლიდერების დისკვალიფიკაცია იყო. მიუხედავად დანაკლისისა, მიროსლავ ჯუკიჩის დებიუტი წარმატებული გამოდგა და "ღამურებმა" სეზონი სამი ქულის აღებით გახსნეს.

24 აგვისტოს "ვალენსია" ბარსელონას ესტუმრება და პირველ ტურში "სელტასთან" ნაომარ (2:2) "ესპანიოლს" შეხვდება.

მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო ვაკასო არ ეყოლებათ, სტუმრებს კი მსგავსი პრობლემა საერთოდ არ აქვთ, პირიქით, როგორც აღვნიშნეთ "ღამურებს" წამყვანი ფეხბურთელები უბრუნდებიან - დანი პარეხომ და ჟონასმა სასჯელი მოიხადეს. ორივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება.

სათადარიგოთა სკამზე იქნებიან ვისენტე გუაიტა და ჟერემი მატიო. ამ ფეხბურთელების სამსახურით ლონდონის "არსენალია" დაინტერესებული და არაა გამორიცხული, მალე ორივემ ესპანეთი დატოვოს.

მადრიდული დერბი
"ვისენტე კალდერონზე" "რაიო ვალეკანო" ითამაშებს. პაკო ხემესის გუნდმა სასტარტო ტურში შესანიშნავად ითამაშა და "ელჩეს" დიდი ანგარიშით (3:0) მოუგო. შეხვედრის გმირი "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ალბერტო ბუენო გახდა - 25 წლის მოთამაშემ დუბლი შეასრულა და აქტივში ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

დიეგო სიმეონემ შესაძლოა როტაციას მიმართოს. "ატლეტიკომ" რამდენიმე დღის წინ ესპანეთის სუპერთასზე ითამაშა და ოთხშაბათს ამავე ტურნირის საპასუხო მატჩი ელის.

იმის გათვალისწინებით, თუ რა მოცულობის სამუშაო გასწიეს ფეხბურთელებმა, არაა გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი გადაღლილი იყოს.

ესპანეთი. ლა ლიგა. II ტური
23 აგვისტო
ხეტაფე-ალმერია 2:2
გოლები: 0:1 როდრი რიოსი (30), 1:1 ლაფიტა (32), 1:2 სორიანო (37), 2:2 დ. კასტრო (83-პენ)

ბილბაო-ოსასუნა 2:0
გოლები: 1:0 არიბასი (31 ს.კ.), 2:0 დე მარკოსი (82)

24 აგვისტო
ელჩე-სოსიედადი 21:00
დისკვალიფიკაცია: დამიან სუარესი (ელჩე)
ტრავმა: პელეგრინი, ბერანჟე - მ. გონსალესი, ხოსე ანხელი, სუბიკარაი, იფრანი, აგირეჩე.
ურთიერთშეხვედრები (სეგუნდაში)
სულ 6 თამაში: +2 =2 -2 (7:5)

ესპანიოლი-ვალენსია 23:00
დისკვალიფიკაცია: ვაკასო (ესპანიოლი)
ტრავმა: არავინ
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +15 =8 -15 (57:54)

ვილიარეალი-ვალიადოლიდი 01:0
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დ. ლარსონი, ვიქტორ პერესი (ორივე "ვალიადოლიდი")
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7 =3 -8 (18:20)

25 აგვისტო
ატლეტიკო-ვალეკანო 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხოსე კარლოსი (რაიო ვალეკანო)
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +7 =3 -4 (21:15)

ლევანტე-სევილია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კარიკო, რეიესი, სისინიო (სამივე "სევილია")
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +4 =3 -9 (16:30)

მალაგა-ბარსელონა 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კამაჩო, ველიგტონი - კუენკა, აფელაი
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +2 =5 -19 (24:69)

ბეტისი-სელტა 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რუბენ კასტრო, ედერ ვილარჩაო - სამუელ ლორკა, ბერმეხო
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +10 =9 -11 (29:38)

26 აგვისტო
გრანადა-რეალი 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვარანი (რეალი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1 =0 -3 (3:10)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული