ტატა მარტინო: ლა ლიგის მოგება სამ კლუბს შეუძლია

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელი თავკაცი ტატა მარტინო აცხადებს, რომ წლების განმავლობაში პირველად, ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის არა ორი გრანდი იბრძოლებს, არამედ სამი კლუბი - "ბარსელონას" და "რეალის" "პირად დუელში" მადრიდის "ატლეტიკოც" ჩაებმება.

ძნელია, "როხიბლანკოს" რეკორდული სტარტის მერე არ დაეთანხმო კატალონიელთა თავკაცს - დიეგო სიმეონეს გუნდს 8-დან 8 მოგება აქვს და აქტივში ისეთი გამარჯვება აქვს, როგორიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სამეფო კლუბის" დამარცხებაა. აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში ამ საუკუნეში პირველად იმარჯვა.

"ბარსელონას" ანალოგიური სტარტი აქვს და ესეც სარეკორდოა კლუბის ისტორიაში, თუმცა ნაკლებად მოულოდნელია. ეს გუნდები
ერთმანეთს 11 იანვრამდე არ ხვდებიან.

"ლა ლიგის მოგება სამ კლუბს შეუძლია. ეს ჩემი აზრია, თუმცა ძალიან ცოტა მეთანხმება. არადა, "ატლეტიკოს" თამაშები ვნახე, სუპერთასზე უშუალოდაც შევხვდით და ვიცი, რასაც ვამბობ - ეს გუნდი ტიტულისთვის იბრძოლებს"
, - განაცხადა მარტინომ.

ამასობაში სეზონის პირველი "ელ კლასიკო" ახლოვდება, თუმცა მარტინოს ჯერ ამ შეხვედრაზე საუბარი არ სურს:

"მანამდე ორი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს - "ოსასუნას" წინააღმდეგ ლა ლიგაში და "მილანთან" ჩემპიონთა ლიგაზე. ორივე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ როგორ შეიძლება ჯერ "რეალთან" დაპირისპირებაზე ფიქრი? ჩვენ ახლა ის გვაფიქრებს, მოასწრებს თუ არა ლეო მესი პამპლონელებთან მატჩისთვის გამოჯანმრთელებას.

პირადად მე ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. გაუმართლებელი რისკი არ იქნება, ერთი დანამდვილებით ვიცი, "ოსასუნასთან" თამაშისთვის ჟორდი ალბა და ხავიერ მასკერანო მწყობრში იქნებიან. პუიოლის მუხლს ისევ ვაკვირდებით. ყველაფერი კარგად არის, მას აქვს შანსი "ოსასუნასთან" თამაშის"
, - თქვა არგენტინელმა.

ვალდესი: გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება
ამასობაში "ბარსელონას" გოლკიპერმა ვიქტორ ვალდესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მისი ფეხი არ იქნება "ბარსელონაში". ესპანეთის ნაკრების გოლკიპერი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და სადაც უნდა, იქ წავა, თანაც, სრულიად უფასოდ. რატომ უნდა რეალურად 31 წლის გოლკიპერს კატალონიური გრანდის დატოვება, ალბათ, მხოლოდ მას მერე გახდება ცნობილი, როცა ვალდესი "ბარსას" დატოვებს.

"ჩემი დრო "ბარსელონაში" ამოიწურა. კლუბის ხელმძღვანელობამ აქ დარჩენის შანსი კი მომცა, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი. ახალი თავგადასავლები მინდა, ახალი გამოწვევები; მინდა ჩემს ოჯახთან ერთად სადღაც სხვაგან წავიდე", - განაცხადა ვალდესმა "ანტენა 3"-თან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხერარდო მარტინო: ალექსის სანჩესი ბრწყინვალე იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული