50 ათასი ესპანელთა კარში გატანისთვის

AutoSharing Option
ეკვატორული გვინეის დედაქალაქ მალაბოში ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად ესპანეთის ნაკრები ჩავიდა. ეკვატორული გვინეა წლების განმავლობაში ესპანეთის კოლონია გახლდათ და არც არის გასაკვირი, რომ ამ ქვეყნის ნაკრებში რამდენიმე ესპანელი ფეხბურთელი თამაშობს. ემილიო ნსუე, როდოლფო ბოდიპო, ივან ბოლადო, ხავიერ ბალბოა - ეს ფეხბურთელები ლა ლიგის მოყვარულებს კარგად უნდა ეცნობოდეთ.

მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი კი ანდონი გოიკოეჩეა გახლავთ. თამაშის ბინძური სტილის გამო მას "ყასაბი ბილბაოდან" შეარქვეს.

გოიკოეჩეას, თავის დროზე, არაერთი ფეხბურთელი დაუმტვრევია, სახელი კი დიეგო მარადონასთვის ფეხის მოტეხვით გაითქვა. როგორც ჩანს, ბასკის საუკეთესო მოსწავლე ტიერი
ფიჯუ გახლავთ - ავსტრიული "ჰორნის" ფეხბურთელმა პირველ ტაიმში რამდენჯერმე იუხეშა და გაძევებას გვინეელი არბიტრის მიკერძოების გამო გადაურჩა, ტაიმის ბოლოს კი 31 წლის ფეხბურთელმა ჩაბი ალონსოს ტრავმა მიაყენა, რის გამოც "რეალის" საყრდენმა მოედანი დატოვა. საბედნიეროდ, ალონსოს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის მოედანს მალე დაუბრუნდება.

მასპინძლების აგრესიულ სტილზე მატჩის შემდეგ ვისენტე დელ ბოსკემაც ისაუბრა: "უცნაური მატჩი გამოდგა. მეტოქე ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული და იოლად არაფერს გვითმობდა. გვინეელთა აგრესიული მოქმედებების წყალობით, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვსურდა".

თავად თამაშზე კი სათქმელი ბევრი არაფერია. "ფურია როხა" თავს არ იკლავდა და თამაშის საშუალებას მეტოქესაც აძლევდა. შედეგად, კოლუმბიაში დაბადებულმა ჯიმი ბერმუდესმა, რომელიც ეკვადორულ "ლდუ ლოხაში" თამაშობს, თავური დარტყმით გოლიც გაიტანა, რის გამოც 50 ათასი ევროც მიიღო. ესპანელთა მხრიდან თავი სანტი კასორლამ და ხუანფრანმა გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, ხუანფრანი მცველებს შორის ყველაზე გამოცდილი გახლდათ - ეს მატჩი მისთვის მეშვიდე იყო. ინიგო მარტინესი და ალბერტო მორენო ნაკრებში მეორედ თამაშობდნენ, მარკ ბარტრას კი სულაც დებიუტი ჰქონდა.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი სამშაბათს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართავს.

ეკ. გვინეა-ესპანეთი 1:2
გოლები: 0:1 კასორლა (13), 1:1 ჯ. ბერმუდესი (36), 1:2 ხუანფრანი (43)
ესპანეთი (4-1-2-2-1): რეინა - ხუანფრანი, ბერტრა, ი. მარტინესი (80. სერხიო რამოსი), ა. მორენო - ჩაბი ალონსო (43. ბუსკეტსი) - კასორლა (58. ვილია), კოკე (57. ინიესტა) - ხესუს ნავასი (66. პედრო), მატა - ნეგრედო (46. ლორენტე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანელთა კარში გოლის გატანისთვის გვინეელმა მცველმა 50 ათასი ევრო მიიღო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული