ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური: ანდალუსია ყურადღების ცენტრში

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტური 22 ნოემბერს, "ვალიადოლიდის" და "ოსასუნას" მატჩით დაიწყო, შაბათს კი "ბარსელონას" და "გრანადას" შეხვედრით გაგრძელდება.

ცენტრალური მატჩი კვირას, ჩვენი დროით შუაღამეს გაიმართება - "სანჩეს პისხუანზე" სევილიური დერბი შედგება...

ბარსელონა ანდალუსიელთა წინააღმდეგ
ლიონელ მესის გარეშე დარჩენილი "ბარსელონა" უმასპინძლებს "გრანადას", რომელმაც ბოლო 4 ტურში 9 ქულა მოაგროვა და მხოლოდ მადრიდის "ატლეტიკოსთან" წააგო.

პრიმერაში დაბრუნების შემდეგ, ანდალუსიურმა კლუბმა "ბარსასთან" ოთხივე თამაში წააგო, მაგრამ ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა და იოლი გამარჯვება კატალონიელებს ერთხელაც არ მოუპოვებიათ. სულ კი ამ გუნდებს 19 მატჩი
აქვთ ჩატარებული და "ბარსელონამ" ყველა მათგანში იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შეხვედრას ისტორიული დატვირთვა ჰქონდა. მაგალითად: 1961 წელს, ლადისლაო კუბალას პოკერის და ლუის სუარესის დუბლის წყალობით, "ბარსამ" მეტოქეს 8:2 მოუგო, ხოლო 1973 წელს "გრანადასთან" შეხვედრაში იოჰან კრუიფის დებიუტი შედგა. ჰოლანდიელმა ორი გოლი გაიტანა, კატალონიურმა კლუბმა კი 4:0 მოიგო. 2012 წლის მარტში კი "ბარსელონამ" 5:3 იმარჯვა. ამ შეხვედრაში ჰეთთრიქი შეასრულა მესიმ და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ისევე როგორც ბოლო შეხვედრებში, ხერარდო მარტინოს შეგირდებს გასეირნება არც ამჯერად ელით, რადგან ესპანეთის ჩემპიონს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: მესის გარდა, "ბარსელონამ" სანაკრებო პაუზის დროს ვიქტორ ვალდესი დაკარგა. გარდა ამისა, ტრავმები აწუხებთ დანი ალვეშს, ხორდი ალბას და აფელაის, ხოლო ჩავის და კრისტიან ტელიოს თამაში საეჭვოა. ამის გამო, არგენტინელმა სპეციალისტმა 18-კაციან სიაში ორი ახალგაზრდა ფორვარდი, 18 წლის ჟან მარი დონგუ და 17 წლის ადამა ტრაორე შეიყვანა.

"ამ მომენტისთვის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, მაგრამ თუ ტრავმირებულთა რაოდენობა გაიზრდება, მაშინ პრობლემები მართლაც შეგვექმნება. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მოთამაშეები გვაკლია, მაგრამ ის ფეხბურთელები, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ, არანაკლებ ძლიერები არიან", - განაცხადა მატჩის წინ ხერარდო მარტინომ.

რეალიც ანდალუსიაში ითამაშებს
"ბარსელონას" მსგავსად, ანდალუსიურ კლუბს ხვდება მადრიდის "რეალიც", ოღონდ მისისხლე მტრისგან განსხვავებით, "სამეფო კლუბი" სტუმრად ითამაშებს.

"ალმერია" "გრანადაზე" უკეთეს ფორმაშია - თუ "გრანადამ" 9 ქულა ბოლო 4 ტურში დააგროვა, "ალმერიამ" ეს უკანასკნელ სამ ტურში მოახერხა და "ვალენსიას", "ვალიადოლიდს" და "ოსასუნას" ზედიზედ მოუგო.

კარლო ანჩელოტის არა მხოლოდ ამ შეხვედრაში, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე არ ეყოლება სამი ხედირა, რომელმაც იტალიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. დაშავებულნი არიან და საეჭვოა ანხელ დი მარიას და რაფაელ ვარანის თამაში, მარსელოს და ფაბიო კოენტრაოს კი კვლავ ტრავმები აწუხებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე ან ალვარო არბელოა გაირჯება ან ახალგაზრდა ნაჩო.

კარლო ანჩელოტი:
"ჯერ არ ვიცი, რა ტაქტიკით ვითამაშებთ - ამას ხვალ შეიტყობთ. შესაძლოა, ორი ცენტრალური ნახევარმცველით და ერთი შემტევით ვითამაშოთ, შესაძლოა კვლავ 4-3-3 გამოვიყენოთ. საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში ჩაბო ალონსოს, ასიერ ილიარამენდის და კაზემიროს შეუძლიათ, ხოლო გამთამაშებლის პოზიციაზე მოდრიჩი და ისკო გვყავს.

"ბარსელონასაც" დაახლოებით მსგავსი საკადრო პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენ მეტოქეზე არ ვფიქრობთ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულნი".


"მედიტერანეოსზე" "რეალს" არც ისე კარგი შედეგები აქვს. 2007-11 წლებში "სამეფო კლუბმა" ამ სტადიონზე 4 თამაში ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო (2 ფრე) და 1 მარცხი, სამაგიეროდ, "ალმერიასთან" გამართული ბოლო მატჩი, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა, მადრიდელებს კარგად უნდა ახსოვდეთ - ადებაიორის ჰეთთრიქის და რონალდო-ბენზემას დუბლების წყალობით, "რეალმა" მეტოქეს 8:1 მოუგო (ერთი გოლიც ხოსელუმ გაიტანა).

სევილიური დერბი
"სევილიური დერბი" ტურის მთავარი მოვლენაა და ეს გასაკვირი არც არის - "ბეტისის" და "სევილიას" დაპირისპირება ყოველთვის უდიდეს ყურადღებას იპყრობს და დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს.

შარშან გამართული ორივე შეხვედრა უაღრესად საინტერესო გამოდგა - "სანჩეს პისხუანზე" "სევილიამ" მოსისხლე მტერს 5:1 მოუგო და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა, საპასუხო მატჩში კი, რომელიც აპრილში გაიმართა, მოვლენები საოცრად განვითარდა: ივან რაკიტიჩის დუბლის და ალვარო ნეგრედოს გოლის წყალობით, "სევილია" 43-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდა, რის შემდეგაც დორლან პაბონმა სხვაობა შეამცირა.

მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი რუბენ კასტრომ გაიტანა, 89-ე წუთზე კი თავი ნოსა იგიებორმა გამოიჩინა, რომელიც "ბეტისში" თავის მეცამეტე შეხვედრას ატარებდა და გოლის გატანას ვერაფრით ახერხებდა. 23 წლის ფეხბურთელი სიხარულისგან ჭკუიდან გადავიდა და გულშემატკივრებს შუა თითის ჩვენება დაუწყო.

საინტერესოა, რომ იგივე გაიმეორა პეპე მელმაც, ოღონდ თუ "ბეტისის" მწვრთნელმა შეურაცხყოფა "სევილიას" ქომაგებს მიაყენა, ნოსა საკუთარი გუნდის გულშემატკივრებს ერჩოდა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

წინა შეხვედრის პროტაგონისტი ("სევილიელთათვის" ანტაგონისტი) იგიებორი ხვალ ვერ ითამაშებს, რადგან მან სანაკრებო შეკრებაზე ტრავმა მიიღო. ნიგერიელის გარდა, სტუმრებს კიდევ არაერთი ფეხბურთელი აკლიათ, მათ შორის შარშანდელ შეხვედრაში გუნდის მეორე გოლის ავტორი რუბენ კასტრო, რომლის თამაშიც საეჭვოა. ზოგადად, "ბეტისი" საშინელ ფორმაშია - გუნდმა ბოლო 6 ტურში კინკილა ქულა აიღო, რის გამოც ბოლო პოზიციას იკავებს.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა "სევილიას" ბანაკში. უნაი ემერის ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გამოუჯანმრთელდა და გუნდიც ნორმალურად ათამაშდა. სანაკრებო პაუზის წინ, "სევილიამ" "ესპანიოლს" სძლია და ხასიათი ოდნავ გამოიკეთა.

რთულია იმის წინასწარმეტყველება თუ ვინ მოიგებს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - წაგების შემთხვევაში, პეპე მელს თანამდებობაზე ნამდვილად აღარ გააჩერებენ.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური
22 ნოემბერი
ვალიადოლიდი-ოსასუნა 0:1

23 ნოემბერი
ბარსელონა-გრანადა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მესი, დანი ალვეში, ჯონათან დოს სანტოსი, ალბა, აფელაი, ვიქტორ ვალდესი – დანი ბენიტესი, იგალო, პიტი
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 (14-3) +3 =0 -3 (6-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +4 =0 -0 (10:4)

სოსიედადი-სელტა 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რუბენ პარდო, დანი სტრადა, გრანერო, იფრანი – კაბრალი, აურტენეჩე, სამუელ ლორკა, ბერმეხო
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 (14-9) +2 =0 -4 (7-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +10 =13 -12 (49:52)

ალმერია-რეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ხედირა, მარსელო, ფ. კოენტრაო
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 (4-7) +5 =0 -1 (21-10)
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +1 =2 -5 (9:22)

ატლეტიკო-ხეტაფე 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარიო სუარესი, ლეო ბაპტიშტაო – ა. კოლუნგა
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 (12-4) +3 =1 -2 (7-3)
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +11 =7 -4 (32:17)

24 ნოემბერი
ლევანტე-ვილიარეალი 15:00
დისკვალიფიკაცია: პედრო ლოპესი – ხაუმე კოსტა
ტრავმა: ბ. დიავარა, ანხელი, პალიარდო, დ. ნავარო – ჯოვანი დოს სანტოსი, დორადო, იოკიჩი, ფარინოსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (7-6) +2 =1 -3 (6-7)
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +4 =3 -9 (17:27)

ვალეკანო-ესპანიოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: გალვესი – ვიქტორ სანჩესი
ტრავმა: ადრიანი, ნ. კასტილიო, ლ. გალეანო, ზე კასტრო, სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი - .
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 (7-9) +1 =1 -4 (3-9)
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +4 =5 -9 (18:33)

ელჩე-ვალენსია 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მანუ დელ მორალი, ლომბანი, ედუ ალბაკარი, ა. ხიმენესი – კარტაბია, დიეგო ალვეში, ჟოაო პერეირა, გუარდადო
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (7-7) +1 =2 -3 (7-11)
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

სევილია-ბეტისი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტროხოვსკი, გამეირო, მარინი, ჩერიშევი, სისინიო – ნოსა იგიებორი, პაულაო, რუბენ კასტრო, სერხიო როდრიგესი, ედერ ვილარჩაო, სალვა სევილია
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (12-13) +0 =1 -5 (5-17)
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +11 =14 -7 (43:32)

25 ნოემბერი
მალაგა-ბილბაო 01:00
დისკვალიფიკაცია: ხესუს გამესი - ადურისი
ტრავმა: სანტა კრუსი, ელ ჰამდაუი, ფლავიო, კასადო - ლაპორტი, ბალენსიაგა, კიკე სოლა
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (4-13) +3 =1 -2 (7-7)
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +9 =8 -7 (33:30)
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები 1994 წლიდან

ბომბარდირები:
16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 8 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - ივან რაკიტიჩი (სევილია), როდრი (ალმერია), ალექსის სანჩესი (ბარსელონა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული