"სანტოსი" "ბარსელონას" ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით ფიფაში უჩივლებს

AutoSharing Option
ბრაზილიური "სანტოსი" აპირებს, "ბარსელონას" წინააღმდეგ ფიფაში სარჩელი შეიტანოს, რომელიც კატალონიურ კლუბში მისი ყოფილი ფეხბურთელის, ნეიმარის ტრანსფერს უკავშირდება.

"ბარსელონამ" ადრე განაცხადა, რომ ნეიმარის ტრანსფერი 57,1 მლნ ევრო დაუჯდა, საიდანაც 17,1 მლნ ფეხბურთელის ყოფილ კლუბს - "სანტოსს" ერგო, დანარჩენი 40 მლნ კი - ნეიმარის მშობლების კომპანიას.

ფეხბურთელის მამის თქმით, მათ ჰონორარის პირველი ნაწილი (10 მლნ) ჯერ კიდევ 2011 წელს მიიღეს, დანარჩენი კი ვაჟის ტრანსფერის განხორციელების შემდეგ.

ოთხშაბათს ბრაზილიის ფედერალური პროკურატურა ნეიმარის მამის კომპანიის საქმიანობით დაინტერესდა, რომლისგანაც გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით დარღვევებს არ გამორიცხავს.
იმავე დღეს "სანტოსის" დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფიფაში ტრანსფერთან დაკავშირებით საჩივრის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.

ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტი ოდილიო როდრიგესი ამტკიცებს, რომ მას არანაირ დოკუმენტზე არ მოუწერია ხელი, რომელიც 2011 წელს კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვის ნებას მისცემდა.

ამას გარდა, ირკვევა, რომ საინვესტიციო კომპანია DIS-მა, რომელიც ნეიმარზე უფლებების 40%-ს ფლობდა, კუთვნილი 17,1 მილიონიდან 6,8 მლნ მიიღო. "სანტოსი" სამართლებრივ ბრძოლას ამ კომპანიასთან ერთად აპირებს.

როგორც ესპანური გამოცემა AS-ი იუწყება, თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, "ბარსელონას" ფიფასგან სხვადასხვა სანქცია ელოდება. სავარაუდოდ, კლუბს ახალი ფეხბურთელების რეგისტრირებას ერთი წლით აუკრძალავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული