კოპა დელ რეი. 1/16-ფინალი: ხესეც დაბრუნდა

AutoSharing Option
ესპანეთში სამეფო თასის რიგით 111-ე გათამაშება 1/16-ფინალური მატჩებით განახლდა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო მადრიდის "რეალმა", რომელიც ტიტულის ამჟამინდელი მფლობელია, უკვე დაასრულა ამ ეტაპის მატჩები (წუხელ მას "სევილიაც" შეუერთდა), მაშინ, როცა სხვებმა პირველი მატჩები ითამაშეს.

მადრიდის "რეალმა" ოქტომბრის ბოლოს "კორნელიას" კატალონიაში 4:1 მოუგო და ბუნებრივია, საპასუხო მატჩის წინ ყველა კითხვას პასუხი გასცა. ამიტომაც კარლო ანჩელოტისთვის მადრიდულმა შეხვედრამ საწვრთნელ-ექსპერიმენტული ხასიათი შეიძინა. შერეული შემადგენლობით მოასპარეზე გრანდმა მაინც დიდი ანგარიშით მოიგო - 5:0, ორი მატჩის ჯამში კი - 9:1.

აბა, ასეთ თამაშზე რა უნდა
ითქვას, თუმცა მაინც იყო საინტერესო ამბები - სტუმრებმა დიდებული შანსი გაუშვეს ხელიდან, რომ დაწინაურებულიყვნენ. ალვარო არბელოამ, რომელიც "რეალის" კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა (!), პენალტი "აიკიდა", ბურთი კატალონიელმა ფეხბურთელმა ტრიბუნებში გაუშვა.

დუბლი შეასრულა ჯეიმს (ხამეს) როდრიგესმა, ერთი გოლი ისკოს ანგარიშზეა, ერთიც სტუმართა მცველის (საკუთარი კარი დალაშქრა) და ერთიც... ხესე როდრიგესის. დიახ, "რეალის" ტალანტი დაბრუნდა და გაიტანა!

ამით "რეალმა" თავისივე საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა, ახლა კარლო ანჩელოტის გუნდი 17 თამაშია ზედიზედ, იგებს. კარგზე უკვე ვთქვით - მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ გუნდს ხესე დაუბრუნდა. სამაგიეროდ, სამი ხედირა ისევ დააკლდა. საჰაერო ორთაბრძოლისას გერმანელმა თავში ისეთი დარტყმა მიიღო, რომ ეგრევე ჰოსპიტალში გააქანეს. სწორედ მის ნაცვლად გამოვიდა მოედანზე ხესე.

"ძალიან გახარებული ვარ გამარჯვებითა და ჩემი დაბრუნებით. დიდი მადლობა გუნდის ხელმძღვანელებს, მწვრთნელს. ისინი ძალიან დამეხმარნენ ეს 8 თვე, როცა ტრავმირებული ვიყავი და ვერ ვთამაშობდი. გულშემატკივრებს ძალიან ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს ისინი, სწორედ მათ ვუძღვნი ამ გოლს", - განაცხადა ხესემ.

კარლეტოს ტრიუმფი
მადრიდელთა იტალიელმა თავკაცმა "კორნელიას" დამარცხებით "რეალის" კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - სამეფო თასზე მისმა გუნდმა ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო. ეს რეკორდი ჟოზე მოურინიოს (2012 წ.) ეკუთვნოდა, მისმა "რეალმა" თასზე ზედიზედ 9-ჯერ იმარჯვა.

ანჩელოტის მისი გუნდის დიდებული თამაში კიდევ ერთხელ დაუფასდა - ზედიზედ მეორე თვეა, მას პრიმერა დივიზიონის საუკეთესო მწვრთნელად ასახელებენ. სხვათა შორის, ანჩელოტიმ მოახერხა და ამ სეზონში უკვე პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი გამოიყენა: მეკარე პაჩეკო და ხესე ბოლო ორი დებიუტანტია. ის კი არა, პირველი გუნდის 22 ფეხბურთელის გარდა, ანჩელოტიმ სარეზერვო გუნდის 4 მოთამაშეც გამოსცადა, თუმცა მათში მხოლოდ ალვარო მედრანს მოუწია ლა ლიგაში თამაში, დანარჩენებმა მხოლოდ კოპა დელ რეი დააგემოვნეს.

სხვა მატჩები
ორიოდე სიტყვით სამშაბათს გამართული 1/16-ფინალის სხვა მატჩების შესახებაც ვთქვათ: ბილბაოს "ატლეტიკმა" მოულოდნელად ვერ მოუგო "ალკოიანოს" - 1:1, თუმცა საპასუხო მატჩი "სან მამეს ბარიაზე" აქვს სათამაშო. "ესპანიოლმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ალავესი". სეგუნდა დივიზიონის "ლას პალმასმა" "სელტა" დაამარცხა - 2:1, ხოლო "ვალიადოლიდი" შინ "ელჩეს" 0:0 დაუზავდა. ამ ორ დაპირისპირებაში არ გაგვიკვირდება, თუ საბოლოოდ რანგით დაბალი დივიზიონის გუნდები იხეირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული