რის გამო იჩხუბეს ლიონელ მესიმ და ლუის ენრიკემ

AutoSharing Option
ფოტოზე: გაბუტული მესი სათადარიგოთა სკამზე

სან სებასტიანში "რეალ სოსიედადთან" 0:1 მარცხი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა "ბარსელონასთვის". მართალია, ამ ფაქტს ნაკლებად უკავშირდება, მაგრამ კლუბის საფეხბურთო დირექტორის, ანდონი სუბისარეტას გაშვებაც ამის შემდეგ მოხდა.

მოკლედ, რაღაც ვერ არის კარგად "ბარსელონაში" და ეს უკვე ვეღარ იმალება.

"მარკას" და სხვა ესპანური წყაროების მტკიცებით, ლეო მესის სასტარტო შემადგენლობაში ვერმოხვედრა იმით არის გამოწვეული, რომ მასსა და ლუის ენრიკეს შორის შავმა კატამ გაირბინა. მეტიც, "მარკა" ამტკიცებს, რომ ლუის ენრიკე და მესი კინაღამ ერთმანეთს ხელით შეეხნენ.

ეს ამბავი გასული პარასკევის
ვარჯიშზე მომხდარა: ლეო არგენტინიდან, სადაც საშობაო არდადეგები გაატარა, ესპანური დროით, 15:30 სთ-ზე ჩაფრინდა, თუმცა მან ხუთსაათიან ვარჯიშს მიუსწრო. ყველა წყარო ადასტურებს, რომ მწვრთნელსა და შეგირდს შორის უთანხმოება რაღაც წვრილმანზე დაიწყო, თუმცა ფაქტია, რომ ამ ორს შორის ადრეც ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა.

საწვრთნელი მატჩი მიმდინარეობდა, როცა მესი წააქციეს და არგენტინელი ჯარიმას ითხოვდა, მაგრამ "მსაჯმა" ლუის ენრიკემ ჯარიმა არ დანიშნა. ლეომ ვარჯიშის დასრულებამდე დაიცადა და პრეტენზიებით მხოლოდ მერე მიიჭრა ლუის ენრიკესთან. კინაღამ ყველაფერი ჩხუბში გადაიზარდა. ასეც მოხდებოდა, იქვე მყოფ ნეიმარს რომ არ გაეშველებინა ორივე.

ამას მოჰყვა ძალზე მოულოდნელი რამ - ლუის ენრიკემ ლეო პირველად არ შეიყვანა სასტარტო შემადგენლობაში, მაშინ, როცა აქამდე ლა ლიგის მატჩებში ერთხელაც კი არ გამოუცვლია.

ამას ლეომ ორშაბათს უპასუხა, როცა "ბარსელონას" ღია ვარჯიშზე არ გამოცხადდა. რადგან ვარჯიში ღია იყო, ამის შესახებ უმალ ყველასთვის გახდა ცნობილი. უკვე თავიდან აგორდა ხმები ლეოს ინგლისში სავარაუდო გადასვლის შესახებ.

ამბობენ, რომ "ჩელსი" უკვე დაეკონტაქტა ლეოს მამას მომავალ ტრანსფერზე...

7 იანვარს ვარჯიშზე ყველაფერი უკვე მშვიდად იყო - ლეო მესი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა, "ბარსა" "ელჩესთან" სათასო მატჩისთვის ემზადებოდა. ამბობენ, ასე ქარიშხლის წინ ხდებაო...

აქვე გთავაზობთ ლუის ენრიკეს კომენტარს:

"ბარსელონაში" ყველა ფეხბურთელთან ერთნაირი ურთიერთობა მაქვს. ასე იყო სეზონის დასაწყისშიც და ასეა ახლაც. მესიმ იმიტომ არ ივარჯიშა ორშაბათს, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემები ჰქონდა. აი, ეს არის სიმართლე.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას კლუბში, მწვრთნელის ბედი ყოველთვის შედეგებზეა დამოკიდებული. მე ვგრძნობ, რომ ფეხბურთელებისა და კლუბის ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერა მაქვს.

რაც შეეხება ინციდენტს, ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ - რაც გუნდში ხდება, გასახდელში უნდა დარჩეს".

ამასობაში, კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ საპრეზიდენტო არჩევნები სეზონის ბოლოს დანიშნა. ბარტომეუმ უარყო მესის და ლუის ენრიკეს შორის კონფლიქტი. მანვე განაცხადა, რომ ანდონი სუბისარეტას ადგილზე ისეთი ადამიანი სურს, რომელსაც "ბარსელონას" დნმ აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული