ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტურის წინ: მადრიდის "რეალის" ასი დღე

AutoSharing Option
მადრიდში შერცხვენილი "რეალი" საკუთარ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაინაცვლებს და ბოლო დროს მოყოჩაღებულ "დეპორტივოს" უმასპინძლებს. "ბარსელონა", რომელიც "სამეფო კლუბს" ერთი ქულითღა ჩამორჩება, "კამპ ნოუზე" აუტსაიდერ "ლევანტეს" მასპინძლობს. ქვეყნის ჩემპიონი, რომლის თამაშმაც წინა ტურში დიდი ხმაური გამოიწვია, ვიგოში "სელტას" ესტუმრება.

ლიდერთა სამეულში სიმჭიდროვეა, ფეხის დაცდენა არ შეიძლება...

მოიესი ელიტაში დარჩენისთვის
ტური პარასკევს "ალმერია"-"რეალ სოსიედადის" თამაშით იწყება. ეს ეგრეთ წოდებული 6-ქულიანი თამაშია - "ალმერია" მეტოქეს მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

დიახ, დევიდ მოიესის ხელში ბასკურმა კლუბმა პროგრესი ვერ შეძლო და ის ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ კოჰორტას შეუერთდა,
რომელშიც "ეიბარიდან" მოყოლებული, 13 კლუბი შედის! ჩემპიონატი შუაწელს დიდად არ გადასცდა და დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, ელიტაში დარჩენისთვის სერიოზული ბატალიები გველის და ეს კარგია.

"ალმერიას" დისკვალიფიკაციის გამო მცველი ტრუხილიო დააკლდება. მოიესს რამდენიმე ტრავმირებული არ ეყოლება, რომელთა შორის ყველაზე დიდი დანაკლისი მექსიკელი ფორვარდი კარლოს ველაა.

ყველაფერი კარგად არის, ვითომ?
იმ სამეულიდან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მე-4 საგზურისთვის იბრძვიან, პირველი ტურში "სევილია" ჩაებმება, რომელსაც აშკარად რეგრესი აქვს. უნაი ემერის გუნდი "სანჩეს პისხუანზე" აუტსაიდერ "კორდობას" მასპინძლობს და ბუნებრივია, აშკარა ფავორიტია.

მაგრამ ჯერ ერთი, ეს ანდალუსიური დერბია და დერბიში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მეორეც, "სევილიას" ლამის ყოველ ხაზში სერიოზული საკადრო დანაკარგები აქვს. მეკარეები - ბეტუ და ანდუხარი, მცველი კოკე, ნახევარმცველები - ტრემულინა და მბია, ფორვარდები - ასპასი და გამეირო - აი, უნაი ემერის ტრავმირებულთა არასრული ჩამონათვალი. კიდევ კარგი, ბასკ სპეციალისტს "გრძელი სკამი" აქვს "სევილიაში" და ტრავმირებულთა შემცველებიც გამოიძებნებიან.

კოლუმბიელი ფორვარდი კარლოს ბაკა, რომელიც 12 გოლით კლუბის ბომბარდირია, აცხადებს, რომ კრიზისი "სევილიას" ავისმოსურნეთა მოგონილია, გუნდი შესანიშნავად თამაშობს. ვერ დავეთანხმებით ბაკას, ბოლო დროს თავად მანაც მოუკლო.

გახსოვთ 8:2?
"დეპორტივო" კიდევ ერთხელ ჩადის მადრიდში. გახსოვთ, ალბათ, ბოლოს "ატლეტიკოსთან" სტუმრობა არეულობებითა და ტრაგედიით დასრულდა - "დეპორტივოს" ერთ-ერთი ფანი "ატლეტიკოს" ულტრასებმა მდინარეში გადააგდეს. იმისთვის, რომ მსგავსი არაფერი განმეორდეს, მადრიდის პოლიცია მობილიზებულია.

კარლო ანჩელოტიმ პირველ გუნდთან ვარჯიშზე უკვე მესამედ გამოიძახა მარტინ ედეგორი. ნორვეგიელი თინეიჯერი პროგრესირებს და ამას ყველა ხედავს, ანჩელოტიც მას ნელ-ნელა აჩვევს პირველ გუნდს.

"რეალს" ტრავმების გამო სერხიო რამოსი, პეპე, ლუკა მოდრიჩი, სამი ხედირა და ხამეს როდრიგესი აკლია. თითქოს, ეს ცოტა იყოს, ვარჯიშზე ფაბიო კოენტრაოც დაშავდა. ამიტომაც კარლო ანჩელოტიმ "რეალი C"-დან მარცხენა მცველი მარიო ერმოსო გამოიძახა ძირითადი გუნდის ვარჯიშზე. გალისიურ კლუბს დისკვალიფიცირებული მცველი ინსუა დააკლდება.

იკერ კასილიასი, რომელიც ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც "მარკამ" "ატლეტიკოსთან" თამაშში 10-ბალიანი სისტემით "სამიანი" დაუწერა, მოსაგებად შემართულია: "შაბათის ძალიან მტკივნეული მარცხის შემდეგ ჩვენ უკვე მზად ვართ "დეპორტივოსთან" სათამაშოდ და მოსაგებად. "ატლეტიკოსთან" თამაშის შემდეგ თქვეს, რომ შეცდომები დავუშვი. ვერ დაგეთანხმებით, ბურთს ნაჩო ეფარებოდა, შემდეგ კი ვარანს შეეხო და რიკოშეტით მიმართულება შეიცვალა. ასე რომ, პირველი გოლი ჩემი შეცდომით არ გაგვიშვია".

"რეალი" ლა ლიგის მე-10 ტურიდან მოყოლებული, ლიდერობს გათამაშებას. ას დღეზე მეტი გავიდა მას მერე, თუმცა ახლა ფეხის დაცდენა "სამეფო კლუბს", დიდი ალბათობით, ლიდერობის დაკარგვად დაუჯდება. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში "რეალმა" "რიასორზე" "დეპორი" საშვილიშვილოდ შეარცხვინა, 8:2 მოუგო.

"ზენიტთან" "ხეტაფემდე"
მეოთხე ადგილზე მყოფი "ვალენსია" "ხეტაფეს" მასპინძლობს. ნუნუ ესპირიტუს გუნდს ამ ადგილზე დამკვიდრება ძალიან სურს, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზურს იძლევა. მადრიდულ კლუბთან მატჩში "ლოს ჩე" ფავორიტია, თუმცა მასპინძლებს პაკო ალკასერის გარეშე მოუწევთ სამი ქულისთვის ბრძოლა.

პაკო ბარსელონაში დაშავდა და ორი ტურის გამოტოვება მოუწევს. "ესპანიოლთან" თამაშში დაშავდა "ვალენსიას" ახალწვეული ენცო პერესიც, თუმცა არგენტინელს კვირამდე გამოჯანმრთელების შანსი აქვს. პორტუგალიელი ანდრე გომეში დისკვალიფიცირებულია. ხუთშაბათს "ვალენსია" ამხანაგურად გაეჯიბრა "ზენიტს" და დანი პარეხოს გოლით 1:0 მოუგო.

რა სჭირს მესის
"ბარსელონა" "ლევანტეს" დაუხვდება და ალბათ, მორიგ სამ ქულას მოიპოვებს - "ბარსა" ამჟამად ესპანეთში ყველაზე კარგ ფორმაშია. საოცრად თამაშობს გუნდის შემტევი ტრიო (მესი, სუარესი, ნეიმარი). ლეომ წინა ტურში კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა, ლა ლიგაში საგოლე პასების რაოდენობით ლუიშ ფიგუს გაუთანაბრდა, კიდევ ერთი საგოლე პასი კი მას ერთპიროვნულ რეკორდსმენად აქცევს.

როგორც ჩანს, კლაუდიო ბრავოს ადგილს კარში ლა ლიგის მატჩებში არაფერი ემუქრება, რადგან გერმანელმა ტერ შტეგენმა მაინც არასტაბილურად ითამაშა "ვილიარეალთან" სათასო დაპირისპირებაში - ჯერ საოცარი ბურთი მოიგერია 0:0-ზე, მერე კი ტრიგეროსის შორეული დარტყმა გაუშვა.

"ვილიარეალთან" მატჩის დროს ლეო მესის კვლავ ჰქონდა ღებინების შეგრძნება, თუმცა "ლევანტესთან" არგენტინელი, რა თქმა უნდა, ითამაშებს.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტური
პარასკევი. 13 თებერვალი
ალმერია-სოსიედადი 23:45
დისკვალიფიკაცია: ტრუხილიო (ალმ)
ტრავმა: რუბენი, სონგო (?) - მარტინესი, ველა, გონსალესი, ბერგარა
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4=1-2, (13-14)

შაბათი. 14 თებერვალი
სევილია-კორდობა 19:00
დისკვალიფიკაცია: ფიგეირაში - როსი
ტრავმა: ანდუხარი, ასპასი, გამეირო, ბეტო, კრისტოფორო, ტრემულინა, მბია, კოკე - დელგადო, ფიდელი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +6=0-0, (13-2)

რეალი-დეპორტივო 21:00
დისკვალიფიკაცია: ინსუა (დეპ)
ტრავმა: რამოსი, პეპე (?), მოდრიჩი, ხედირა, როდრიგესი, კოენტრაო (?) - პოშტიგა, სალომაო (?), ფარინია, სიდნეი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +20=8-12, (73-54)

გრანადა-ბილბაო 23:00
დისკვალიფიკაცია: ეჩეიტა (ბილ)
ტრავმა: სილვესტრი (?), რობერტო (?), მურილიო, მარე, კარლოსი (?), როჩინა - იტურასპე, ბალენსიაგა (?), ფერნანდესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +3=1-3, (7-9)

მალაგა-ესპანიოლი 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფერეირა, ჩენი - კანიასი (?), გონსალესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +13=4-10, (41-34)

კვირა. 15 თებერვალი
ვალენსია-ხეტაფე 15:00
დისკვალიფიკაცია: გომეში (ვალ)
ტრავმა: ალკასერი, პერესი (?), ფეგული (?) - ვალერა (?), იოდა (?), გუაიტა, ლაფიტა, დიავარა
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +14=3-7, (45-31)

ბარსელონა-ლევანტე 20:00
დისკვალიფიკაცია: ალვეში - კამარასა
ტრავმა: ვერმალენი, პერეირა - დიოპი (?), ელ-ჟარი (?), ივანშიტცი (?), სისოკო (?), პერესი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +13=4-0, (51-11)

ვალეკანო-ვილიარეალი 22:00
დისკვალიფიკაცია: ბაენა (ვალ)
ტრავმა: - მარინი, უჩე (?), იოკიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +2=2-9, (19-29)

სელტა-ატლეტიკო 00:00
დისკვალიფიკაცია: თურანი, გარსია (ატლ)
ტრავმა: რადოია (?), მალიო, ოუბინია - გოდინი (?), ნიგესი (?), კოკე
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +14=7-8, (46-37)

ორშაბათი. 16 თებერვალი
ეიბარი-ელჩე 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დელ მორალი - ხიმენესი (?), მოსკერა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +8=5-9, (26-23)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები: 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ნეიმარი (ბარსელონა); 12 - კარლოს ბაკა (სევილია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 11 - ქარიმ ბენზემა (რეალი), მარიო მანჯუკიჩი (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული