ტელეპათიური კავშირი ლიონელ მესისთან და სხვა ამბები "ბარსელონაზე"

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ისვენებს, ნაწილი კი კოპა ამერიკაზე ასპარეზობს.

მოკლედ, თითქოს, "მკვდარი" სეზონია, მაგრამ მუდამ რაღაც ხდება ჩემპიონთა ლიგის მფლობელის ირგვლივ.

მესი, როგორც იარაღი
ლეო მესი ჩილეშია და არგენტინის ნაკრებისთვის იღვწის. ახლახან ლეომ არასრულ 28 წლის ასაკში მშობლიური ქვეყნის ღირსება მეასედ დაიცვა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, ვინც ეს შეძლო.

"ბარსელონაში" სულ მალე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და მესის სახელი და ავტორიტეტი, ბუნებრივია, კარგი საჯილდაო ქვაა. მესისთან უნისონში ყოფნა შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს რომელიმე კანდიდატისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ჟოან ლაპორტაც
აპირებს, კაცი, რომელიც 2003 წლიდან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა "ბარსელონას".

აი, რა თქვა "მარკასთან" საუბარში ყოფილმა პრეზიდენტმა: "მესისთან ტელეპათიური კავშირი მაქვს. მან ჩემზე ადრე იცოდა, რომ "ბარსას" პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდებოდი. ლეო გენიოსია. ვგრძნობ, რომ გუნდის მხარდაჭერა მე მექნება".

არჩევნები 18 ივლისს გაიმართება. ლაპორტას გამონათქვამი უპასუხოდ არ დატოვა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ.

"მესი - "ბარსელონას" ერთ-ერთი ღირებულებაა. მე მასთან ტელეპათიური კავშირი არა მაქვს. თუ მასთან ლაპარაკი მინდა, ვურეკავ", - უთხრა "ბარსას" პრეზიდენტმა "დიარიო ასს".

ინკოგნიტო და პოგბა
ამასობაში ბარტომეუ სატრანსფერო აქტიურობას განაგრძობს. ტაბლოიდი "სპორტი" ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი უკვე შეუთანხმდა ერთ-ერთ ესპანელ ფეხბურთელს, რომელიც პრიმერას ერთ-ერთ კლუბში თამაშობს. ფეხბურთელის სახელი ჯერჯერობით ინკოგნიტოდ რჩება. ამ ფეხბურთელის სახელს ბარტომეუ მხოლოდ მაშინ დაასახელებს, როცა არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩება.

თუმცა ბოლომდე ინკოგნიტოდ ეს ფეხბურთელი მაინც ვერ დარჩა - "მარკას" ინფორმაციით, საუბარია მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველ კოკეზე.

არც ლაპორტაა გულხელდაკრეფილი - ის აცხადებს, რომ 2016 წლის 1-ლი იანვრიდან, ანუ იმ დროიდან, რაც "ბარსელონას" სატრანსფერო აკრძალვა მოეხსნება, კლუბში ვიხილავთ პოლ პოგბას. ლაპორტა უკვე შეხვდა პოგბას ცნობილ აგენტს, მინო რაიოლას.

"ბარსას" ისედაც აქვს პოგბას შეძენაზე უპირატესობა დაბევებული სხვა კლუბებთან შედარებით და თუ "იუვენტუსი" 22 წლის ფრანგს გაყიდის, პირველად "ბარსას" შეეხმიანება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" უკვე განახორციელა ალეიშ ვიდალის ტრანსფერი. "სევილიას" ყოფილი მარჯვენაფლანგელი იანვრამდე ფეხბურთის გარეშე რჩება, თუ "ბარსას" ტრანსფერებზე აკრძალვას არ მოუხსნიან. ბუნებრივია, პოგბა ასეთ წინადადებაზე არ დათანხმდება.

ჟოან ლაპორტას კანდიდატურას მხარი საჯაროდ დაუჭირა ხოსეპ გვარდიოლამ, რომელიც ლაპორტას პრეზიდენტობისას გახდა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი. "ვერ დავმალავ, რომ ლაპორტა ძალიან მომწონს. ის დიდი მენეჯერია", - განაცხადა "ბაიერნის" თავკაცმა.

უკვე გაცხადდა, რომ ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში, კლუბის სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი გახდება, ვინც "ბარსელონასთვის" "ახალი მესის" პოვნას გვპირდება. ისევ მესი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული