პასადენაში ემოციური შეხვედრა ჰქონდათ "ლივერპულის" ექსვარსკვლავებს: სტივენ ჯერარდს (გელექსი) და ლუის სუარესს (ბარსელონა), რომელთაც ბოლოს მაისურები გაცვალეს.
"ბარსელონამ" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მასიპი, დუგლას პერეირა, ბარტრა, მატიო, ადრიანო, ს. რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, პედრო, ლ. სუარესი, რაფინია. შესვენებაზე ან მეორე ტაიმის მსვლელობაში შეიცვალა
სკამზე კი მხოლოდ მეკარე ტერ შტეგენი დარჩა.
ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფიდან 46 დღის გასვლის მერე "ბარსელონამ" "გელექსი" კომფორტულად დაამარცხა. ევროპის საუკეთესო კლუბი აკონტროლებდა თამაშს და ლუის სუარესმა და სერხი რობერტომ ეს უპირატესობა გოლებში ასახეს, ტომი მაიერის თავურს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა თუ ჰქონდა.
MLS-ის გუნდის მონაწილეობით, ამდენი მაყურებელი ჯერ არც ერთ შეხვედრას არ დასწრებია და ეს იმის მიუხედავად, რომ "ბარსამ" თან არ იახლა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ნეიმარი, ხავიერ მასკერანო და ლიონელ მესი არიან.
ლუის ენრიკე: "ფეხბურთელებმა საკმაოდ კარგ რიტმში ჩაატარეს ეს შეხვედრა. ეს ცოტა გასაკვირიცაა, რადგან მართალია, ბევრიც ვივარჯიშეთ, მაგრამ ძალიან დიდი დრო გავატარეთ გზაში, გადაფრენებში, მატარებელში, ავტობუსში. ასევე - აუცილებელ ღონისძიებებში.
ჩვენ კიდევ შემოგვრჩა ყველაფერი დადებითი, რაც წინა სეზონში გვახასიათებდა, თუმცა კიდევ უნდა გავაძლიეროთ თამაში. მომავალ სეზონში თითქმის ყველა თავმოყვარე გუნდის მიზანი ჩვენი დამარცხება იქნება. ამიტომ ჩვენც მაგრად უნდა დავდგეთ, ჩაფლავება არ შეიძლება.
უნდა გავაუმჯობესოთ შეტევების ინტენსივობა, სამუშაოა თამაშის კონკრეტულ დეტალებსა და სიტუაციებზეც. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მე ჩემი გუნდის თამაში მაინც მომეწონა".
ლუის სუარესი (ბარსელონა): "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის მოედანზე ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო ჩავი. ახლა, როცა ის გუნდში აღარ არის, ვეთანხმები ინიესტას, ძალიან გვაკლია. ჩავიმ დიდი კვალი დატოვა გუნდში, მისი შეცვლა შეუძლებელია. საბედნიეროდ, "ბარსაში" კარგი ფეხბურთელების ნაკლებობა არ არის და დასახულ ამოცანებსაც აუცილებლად გავართმევთ თავს".
სტივენ ჯერარდი (გელექსი): "სუარესი ჩემი კარგი მეგობარია, რომელთან ერთადაც დიდხანს ვითამაშე. ის პატარა მებრძოლია, რომელიც ძალიან გამოადგა "ბარსელონას". შესაძლოა, სუარესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც თამაში მომიწია".
* * *
თამაშის პერიპეტიებიდან "ბარსელონაში" მიმდინარე სიახლეებზე გადავიდეთ - ყველაზე ხშირად "ბარსადან" წასვლას პედრო როდრიგესს უწინასწარმეტყველებენ, რომლითაც ინგლისური გრანდები დაინტერესდნენ. "პედროს უკვე დაველაპარაკე ამ საკითხზე. როცა თავად ფეხბურთელი გააკეთებს განცხადებას ამ თემაზე, ჩემს აზრსაც მაშინ მოგახსენებთ. გადამწყვეტ როლს თავის მომავალში ისევ პედრო მიიღებს", - განაცხადა ლუის ენრიკემ.
ამ კომენტარიდანაც კარგად ჩანს, რომ პედროს "ბარსადან" წასვლის ხმები ჰაერიდან არ მოსულა, რაღაც მართლა ხდება. ამბობენ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მალე მიმართავს "ბარსელონას" წინადადებით. ფორვარდის სანაცვლოდ ვან გაალი და კომპანია 18-20 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდის.
დუგლას პერეირა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც "ლოს ანჯელესთან" 90 წუთი ითამაშა, მაგრამ დიდი შანსია, სწორედ დუგლასი წავიდეს პირველი გუნდიდან:
"თავს მშვიდად და კარგად ვგრძნობ. კარგად ვიცი, რა სურს ჩემგან მწვრთნელს. ვიცი, რომ უნდა მოვუმატო თამაშს. მწვრთნელმა მითხრა, რომ ის ფეხბურთელი ვიყო, რაც ბრაზილიაში. შარშან ეს არ გამოვიდა, დაერთო ფსიქოლოგიური პრობლემებიც და პირველ რიგში, ტრავმები. თავი ვერ გამოვავლინე სათანადოდ. გუნდის დატოვება არ მინდა, მაგრამ პროგრესი მსურს".
ბრაზილიელი მცველი 2014/15 წლების სეზონის წინ გადავიდა "ბარსელონაში" "სან პაულუდან" და მას თითქმის არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა.
"ელ მუნდო დეპორტივოს" თუ დავუჯერებთ, "ბარსელონა" მალე სერხი სამპერს დაკარგავს. არსენ ვენგერი მის ნაცვლად მზადაა, 12 მილიონი ევრო გადაიხადოს.
"მეთოფეები" "ბარსას" ხელმძღვანელობისგან პასუხს მალევე ითხოვენ.
სამპერი ძალიან მოსწონს "არსენალის" ფრანგ თავკაცს. ადრე მისით ძალიან იყო დაინტერესებული ხულიენ ლოპეტეგი, "პორტუს" თავკაცმა პირადადაც დაურეკა სამპერს. 20 წლის ნახევარმცველი ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.
"ბარსას" კიდევ ერთი ბრაზილიელი, ადრიანო კორეია კი, ფაქტობრივად, აღარც არის კლუბში, თუმცა "რომაში" მის ტრანსფერს თავი ვერ დაედგა. "მარკას" ცნობით, 31 წლის მცველის სანაცვლოდ "რომა" 8 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.
ფეხბურთელის აგენტის თქმით, "ბარსელონაში" ადრიანოს სათამაშო პრაქტიკა აკლია, ამიტომაც მას კლუბის შეცვლა სურს. "რომა" მას 2-წლიან კონტრაქტს უმზადებს.
* * *
"ბარსელონას" მეორე გუნდი სეგუნდა დივიზიონიდან გავარდა. გუნდს ახალი თავკაცი ჰყავს, ის ჟერარდ ლოპესია. 36 წლის სპეციალისტთან 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ის ადრე "ბარსას" ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა. ლოპესი "ბარსას" აღზრდილია, 2000 წლიდან 2005-მდე მან "ბლაუგრანას" ფორმა 140 მატჩში მოირგო და 10 გოლიც გაიტანა.
* * *
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ლიონელ მესის ვიზიტმა აფრიკულ გაბონში, სადაც მან სიმბოლურად ჩაუყარა საფუძველი ახალ სტადიონს.
გაბონის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს, თითქოს, ამის სანაცვლოდ მათ არგენტინელ სუპერვარსკვლავს 3,5 მილიონი ევრო გადაუხადეს. აფრიკული ქვეყნის მთავრობის განცხადებით, მესის ვიზიტში ფული არავის გადაუხდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"