ჯექსონ მარტინესი - კაცი გოლის სურნელით

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" ჯექსონ მარტინესი წარადგინა. კოლუმბიელი ფორვარდი დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში მეთერთმეტე ნომრით ითამაშებს.

დღევანდელ ფეხბურთში ნომერს ყურადღება აღარ ექცევა, თუმცა ყოველთვის ასე როდია. მარტინესისათვის მეთერთმეტე ნომრის გადაცემა არგენტინელი მწვრთნელის მხრიდან კოლუმბიელი ფორვარდისათვის დიდი ავანსია. მართალია, "ატლეტიკოს" ჰყავს ოდინდელი ლეგენდა, ფერნანდო ტორესი, მაგრამ ჯექსონი მომავალ სეზონში კლუბის უპირველესი ფორვარდი უნდა იყოს.

სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის - მადრიდელებმა კოლუმბიელში 35 მილიონი ევრო გადაუხადეს "პორტუს". ამ თანხას გამართლება გოლებით სჭირდება. ჯექსონს ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია.

"მე დავიბადე იმისათვის, რომ გავიტანო"
- ეს სიტყვები მარტინესმა 2012 წელს თქვა, როცა "პორტუში" ჩაირიცხა. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტინესი სიტყვის კაცია - მან პირნათლად მოიხადა ვალი გუნდის წინაშე, რომელმაც ის ევროპას გააცნო.

დამაფიქრებელია, როცა 28 წლის ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს იხდიან. ეს კრიტიკული ასაკი არ არის, მაგრამ ჯექსონი არც ბავშვია. არადა, მსოფლიოს წამყვან კლუბებს ურჩევნიათ, მილიონები ახალგაზრდა მოთამაშეებში დააბანდონ.

სიმეონეს ლოგიკა ასეთია - მარტინესს ჯერაც არ უთამაშია ევროპულ ტოპ-ლიგაში და მას შეუძლია, ბევრი გაიტანოს. ესპანური პრიმერა კოლუმბიელისათვის ახალი და დიდი გამოწვევა უნდა იყოს.

ძალიან მოინდომებ, როცა ხშირად ეთამაშები "რეალს", "ბარსელონასა" თუ "სევილიას". პრიმერა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ლიგაა და იქ ცალი ფეხით საქმის კეთება გამორიცხულია.

ჩვენი წერილის გმირი აუცილებლად მოინდომებს. თან ძალიან. ის პორტუგალიის ჩემპიონატისათვის გადაიზარდა. ჯექსონი ყოველ შეხვედრაში შედევრებს დგამდა. ახლა მან შედევრები სხვაგან უნდა დადგას.

ყველაფერი ცხოვრებაში არის ჯერჯერობითი. ჯექსონ მარტინესის კარიერაში დასრულდა ხანა, როცა მას წყვილად გაჰქონდა გოლები "რიუ ავესა" თუ "მარიტიმუს" კარში. ახლა "რეალს" და "ბარსელონას" უნდა გაუტანოს.

ჯექსონს მობეზრდა პორტუგალიური ტიტულები და საუკეთესოობა. თუ არ ჩავთვლით ჩემპიონთა ლიგას, პორტუგალიის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელი წელიწადში სულ რამდენიმე სერიოზულ მატჩს თამაშობს.

ჩემპიონთა ლიგაზე ჯექსონ მარტინესი არასოდეს ყოფილა რიგითი, თუმცა შევთანხმდეთ - თუ სასწაული არ მოხდა, დღევანდელ პირობებში "პორტუ" ვერაფრით მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ვერც სხვა, მეორეხარისხოვანი გრანდი.

"ატლეტიკოს" კი სულ ცოტა ხნის წინ წამები დააკლდა ამ ტრიუფამდე და დიეგო სიმეონეს ბრწყინვალე გუნდს ვერც ეს რამდენიმე წამი შეაჩერებდა, რომ არა სერხიო რამოსის მართლაც დიდებული ნახტომი.

ჩემპიონთა ლიგა ისეთი რამაა, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, მაგრამ "ატლეტიკოს" კიდევ შეუძლია ამ სასწაულის განმეორება, შეუძლია თუნდაც მარიო მანჯუკიჩისა და არდა თურანის გარეშე.

ჯექსონმა მადრიდულ კლუბში უნდა შეცვალოს მარიო მანჯუკიჩი - "იუვენტუსში" წასული ხორვატი მეგოლე. ბალკანელმა მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა "ვისენტე კალდერონზე". მან გაიტანა გოლები, თუმცა ვერ იქცა გუნდის ლიდერად და ვერც გადამწყვეტ შეხვედრებში იჩაუქა.

სიმეონე მიხვდა, რომ მას სხვანაირი შემტევი სჭირდება. მანჯუკიჩი ძალიან კარგი ფორვარდია, მაგრამ მას მრავალფეროვნება აკლია. მარიო ძალიან სახიფათოა საჯარიმო მოედანში და შესანიშნავად იგებს მაღალ ბურთებს, მაგრამ მას აკლია "რაღაც" და ეს "რაღაც" აქვს ჯექსონ მარტინესს.

მაინც, რა არის ეს "რაღაც"? ჯექსონ მარტინესი ფორვარდთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც შეტევის მთელ დიაპაზონზე მოქმედებენ და არ არის შემოფარგლული მხოლოდ საჯარიმო მოედანს შიგნით მოქმედებით.

ეს დღევანდელ ფეხბურთში ძალიან დიდი პლუსია. მით უმეტეს, "ატლეტიკოსათვის". დიეგო სიმეონეს უყვარს უსწრაფესი კონტრშეტევები. ამ კონტრშეტევებში მთელი გუნდი მონაწილეობს.

სიმეონეს დოგმასავით აქვს: მისი გუნდის ყველა ფეხბურთელმა, არ აქვს მნიშვნელობა, მცველი იქნება, ნახევარმცველი თუ თავდამსხმელი, ბურთი კარგად უნდა იცოდეს. მარტინესი ძალიან ტექნიკურია. მისი ფინტების ცქერა ერთ რამედ ღირს და ის ბურთს ეფერება.

ვინ იცის, მარტინესის მიერ გატანილი როგორი გოლი არ გვინახავს. მათ შორის - ისეთებიც, თვალსა და გულს რომ ახარებს. გოლები, რომელთა გამოც გვიყვარს ფეხბურთი.

სხვა ფაქტორების გარდა, ჯექსონ მარტინესი და დიეგო სიმეონე კიდევ ერთი რამით უნდა შეეწყონ ერთმანეთს. ზოგადად, ფეხბურთსა და ცხოვრებაში წაგება არავის უყვარს, მაგრამ ამ დუეტს - განსაკუთრებით.

ახლა ძალიან რთულია იმის წინასწარმეტყველება, რამდენ გოლს გაიტანს კოლუმბიელი ფორვარდი "ათლეტების" მაისურით, მაგრამ ის კი უნდა ვივარაუდოთ, რომ სეზონში მათი რაოდენობა ოცს აუცილებლად ასცდება.

რა თქმა უნდა, ჯექსონ მარტინესი ვარსკვლავია, მაგრამ ის ჯერ მაინც არ არის სუპერვარსკვლავი. "ატლეტიკო" მას ამ შანსს აძლევს. კოლუმბიელმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს.

კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში ახლა ბევრი კარგი ფორვარდია. რაღა შორს წავიდეთ, იქ არის რადამელ ფალკაო. რადამელი ბოლო ხანს ფორმიდან ამოვარდა, მაგრამ ის მაინც მაგარია და აგერ, ჟოზე მოურინიომაც მიიყვანა "ჩელსიში".

არაერთი დიდებული მატჩისა და სუპერგოლის მიუხედავად, ჯექსონ მარტინესი ჯერაც არ არის კოლუმბიის ნაკრების პირველი თავდამსხმელი. ის ძალიან ბევრს თამაშობს და 37 შეხვედრაში 10 სანაკრებო გოლიც მოუგროვდა, მაგრამ ფაქტია, რომ მეტი შეუძლია.

ესპანურ პრიმერაში ბომბარდირთა მარაქაში გარევით ჯექსონ მარტინესი კიდევ უფრო ხმაურიან სანაკრებო განაცხადს გააკეთებს. ვინძლო, ის თავისი ქვეყნის უპირველესი გუნდის მთავარ ფორვარდადაც კი იქცეს.

კოლუმბიას კი მართლაც ჩინებული ნაკრები ჰყავს. ეს გუნდი ძალიან კარგი იყო ბრაზილიურ მუნდიალზე და იქნებ, მთლად სამართლიანადაც არ ჩამოშორებულა საჩემპიონო მარულას, თუმცა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩენილ სამ წელიწადში გუნდი უფრო დაღვინდება და მოწინააღმდეგეებისათვის საშიში გახდება.

კოლუმბიის ნაკრებს და ჯექსონ მარტინესს მომავალი აქვთ. მთავარია, ორივემ ირწმუნოს, რომ ბევრი შეუძლია. რწმენას ფეხბურთში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ არ ირწმუნე, ვერც ვერაფერს მიაღწევ.

მწვრთნელი კი ჩვენს გმირს ისეთი შეხვდა, უკეთესს ვერ ინატრებს - დიეგო სიმეონეს სჩვევია, ფეხბურთელიდან მაქსიმუმს გამოადნობს. ყველასთან ასეა და რაღა კოლუმბიელი უნდა იყოს გამონაკლისი?!

დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ჯექსონ მარტინესი არსად უნდა დაიკარგოს. როგორც კოლუმბიელი ჟურნალისტები უწოდებენ, კაცი გოლის სურნელით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია ჯექსონი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული