"ატლეტიკო": საულის მერე ტიაგოც დარჩა

AutoSharing Option
გუშინ მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ტიაგო მენდეშმა "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი ერთი სეზონით გაახანგრძლივა და ის მადრიდში 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება.

35 წლის ტიაგოს "როხიბლანკოს" მაისურით 163 თამაში დაუგროვდა მას მერე, რაც 2010 წელს "იუვენტუსიდან" "ატლეტიკოში" გადავიდა. "მიხარია, რომ მეძლევა საშუალება, კიდევ ერთი სეზონი გავატარო "ატლეტიკოში". ეს კლუბი ჩემი ოჯახივითაა, დიდი კლუბია, სადაც დიდი ფეხბურთელები თამაშობენ", - განაცხადა ტიაგომ "ატლეტიკოს" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მან ნოემბერში მძიმე ტრავმა მიიღო და მხოლოდ ახლახან გამოჯანმრთელდა. ამის გამო მან პორტუგალიის ნაკრებში
ადგილი დაკარგა და ევრო 2016-ზე არ მიჰყავთ, თუმცა დიეგო სიმეონეს ტიაგო კვლავ სჭირდება და მომდევნო სეზონში მისი ეიმედება. ახლა ტიაგო მხოლოდ 28 მაისის ფინალზე ფიქრობს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ:

"ლიგის მომავალი ფინალი ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. ძალიან დიდხანს ვერ ვთამაშობდი, მიჭირდა, მაგრამ კლუბის თანადგომას მუდამ ვგრძნობდი. ახლა ეს თანადგომა ფინალში კარგი თამაშით უნდა ავანაზღაურო", - აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე "ატლეტიკომ" კონტრაქტი კიდევ ერთ ნახევარმცველს გაუხანგრძლივა - საულ ნიგესს. ტიაგოსგან განსხვავებით, ახალგაზრდა საული "როხიბლანკოს" რიგებში 2021 წლამდე დარჩება.

"ატლეტიკო" "ლანსს" ყიდულობს
ამასობაში "ატლეტიკოს" ევროპაში ბიზნესინტერესებიც გაუჩნდა, კლუბმა ლუქსემბურგულ ფირმა "სოლფერინოსთან" ერთად განიზრახა ფრანგული კლუბის, "ლანსის" აქციების 35%-ის ყიდვა.

"ლანსი" გაკოტრებულია და მისი ყიდვა-გაყიდვის საკითხს მეპატრონეები ვეღარ განაგებენ, ეს სასამართლოს წესით ხდება. "ატლეტიკოსა" და "სოლფერინოს" წინადადებასაც შესაბამისი უწყება განიხილავს.

მადრიდულ კლუბს "ლანსის" შეძენა შარშანაც სურდა, მაგრამ პროცესი შეყოვნდა. საბოლოო პასუხს "ატლეტიკოში" ფრანგული სასამართლო უწყებიდან ორშაბათს შეიტყობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული