მადრიდის "ატლეტიკოს" ბანაკში სასიამოვნო ამბავია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის, მადრიდის "ატლეტიკოს" ბანაკში სასიამოვნო ამბავია - ფერნანდო ტორესმა კლუბთან ურთიერთობა კიდევ ერთი სეზონით გააგრძელა.

ტექნიკურად რომ ვთქვათ - ფერნანდო ტორესს არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი "ატლეტიკოსთან", რადგან "ელ ნინიო" "როხიბლანკოს" წევრი სულაც არ იყო. ის "მილანს" ეკუთვნოდა და 2015 წლის იანვრიდან იჯარის წესით თამაშობდა მშობლიურ "ატლეტიკოში".

სეზონის ბოლოს კი მას უკვე არც ერთ კლუბთან აღარაფერი აკავშირებდა, "მილანთან" ხელშეკრულება დასრულდა, "ატლეტიკოსთან" - საიჯარო ხელშეკრულება. ასე რომ, თავისუფალმა აგენტმა ტორესმა "როხიბლანკოსთან" ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელსაც ვადა 2017 წლის ივნისში გასდის.

"ძალიან
გახარებული ვარ, რომ კარიერას ისევ შინ ვაგრძელებ. ახლა მხოლოდ "ატლეტიკოში" მინდოდა თამაში და ძალიან კარგია, რომ ჩემი სურვილი რეალობად იქცა. რაც ყველაზე მთავარია, მივაღწიე იმას, რაც მსურდა", - განაცხადა 32 წლის "ელ ნინიომ".

ტორესი "ატლეტიკოს" აღზრდილია. მას ამ კლუბში 2001 წელს ჰქონდა დებიუტი, თუმცა ტორესის და "ატლეტიკოს" ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო - 1995 წელს, როცა 11 წლის ტორესი მადრიდული კლუბის ბავშვთა გუნდში ჩაირიცხა.

ტორესს ბოლო სეზონი ნორმალური ჰქონდა, წინა ჩავარდნების შემდეგ - "ელ ნინიომ" ყველა ტურნირში 12 გოლი გაიტანა. კარგი იყო სეზონი "ატლეტიკოსთვისაც" - მესამე ადგილი პრიმერაში და ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მოკლედ, დიეგო სიმეონემ თავდამსხმელები შეინარჩუნა - შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ანტუან გრიზმანმა 2021 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი "ატლეტიკოსთან".

თუ გრიზმანის შემთხვევაში "ატლეტიკოს" ბანაკში შიშობდნენ, რომ გრანდები ფრანგს გადაიბირებდნენ და ამიტომ გაუმზადეს ახალი, უკეთესი ხელშეკრულება, ვეტერანი ტორესის შემთხვევა სულ სხვა იყო - ტორესი 2016 წლიდან ათამაშდა და სიმეონეს ნდობა მოიპოვა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მაინც ორჭოფობდა.

"ეს კარგი ამბავია "ატლეტიკოს" ფანებისთვისაც, რომლადაც მივიჩნევ საკუთარ თავსაც. მოლაპარაკებების დროს სხვადასხვა სცენარი განვიხილეთ. ზოგიერთი ვარიანტი შესაძლოა, უკეთესიც იყო ჩემთვის, მაგრამ საბოლოოდ "ატლეტიკოში" დარჩენაზე შევჯერდით. როცა მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ დარჩენა და ისევ "ატლეტიკოს" მაისურით თამაში მინდოდა.

"ატლეტიკო" ის გუნდია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მეტოქეს მოუგოს. მინდა, რომ ახალ სეზონში, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო და "ატლეტიკოს" ყველა დროის ბომბარდირებში წინ წავიწიო. ის ადამიანები, რომლებიც ირჩევენ "ატლეტიკოს", ირჩევენ გრძნობას, ყოველგვარი შედეგის მიუხედავად. ამიტომ ყველა ჩემი მოგონება ამ კლუბში ერთიანად კარგია. ახლაც იმავეს ვგრძნობ, როცა ამ გუნდის მაისურს ვიცვამ, რასაც ბავშვობაში", - განაცხადა ტორესმა.

ფერნანდო ტორესმა "ატლეტიკოში" 2001-07 წლებში თამაშისას პრიმერას 214 მატჩში 82 გოლი გაიტანა, 2015-16 წლებში კი - 49 მატჩში 14 გოლი. ამ ორ ეპოქას შორის იყო წარმატებული თამაში "ლივერპულში", დიდი წარუმატებლობა "ჩელსიში" და დაკარგული დრო "მილანში".

შეგახსენებთ, რომ ტორესმა ესპანეთის ნაკრებში 110 მატჩი ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა. ვისენტე დელ ბოსკემ ის ევრო 2016-ზე არ წაიყვანა.

ვინ მიდის "ატლეტიკოდან"
მოგეხსენებათ, დიეგო სიმეონემ უკვე ორი ფეხბურთელით გააძლიერა გუნდი - ნიკოლას გაიტანი და სტიპე ვრსალიკო "ატლეტიკოში" ითამაშებენ. ამჟამად სიმეონეს გუნდში 36 ფეხბურთელი ირიცხება, ეს რაოდენობა კი 22 ან 23-მდე უნდა დავიდეს, იმის გათვალისწინებით, რომ "ლოს კოლჩონეროსის" რიგებში კიდევ ერთი ფორვარდი უნდა მივიდეს.

ეს ფორვარდი შეიძლება იყოს გონსალო იგუაინი ან პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ან დიეგო კოშტა. ამათგან რომელიმე ან ჯერაც უცნობი ვარსკვლავი გრიზმანთან ტანდემს შექმნის, ამ ტანდემს კი ანხელ კორეა და ფერნანდო ტორესი შეცვლიან ხოლმე.

"ატლეტიკო" ახალი სეზონისთვის მზადებას ოფიციალურად 7 ივლისს იწყებს, თუმცა ტორესი უკვე ვარჯიშობს ბაზაზე. 13 ფეხბურთელი სხვა კლუბში დაიწყებს სეზონს. იჯარიდან დაბრუნებულების ნაწილს შანსი მიეცემა, რომ "ატლეტიკოში" დამკვიდრდეს.

უკვე ცნობილია, რომ ალბათ, იჯარით სხვაგან წავლენ ვიეტო, კრანევიტერი და მანკილიო. გუნდიდან შესაძლოა, ხოსე მარია ხიმენესიც წავიდეს. მიზეზი სულ სხვაა - ურუგვაელით "სამეფო კლუბია" დაინტერესებული. ამბობენ, "ატლეტიკო" მის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს ითხოვსო.

"ატლეტიკოს" იერსახე, ასე თუ ისე, ავსტრალიაში გამგზავრებამდე ჩამოყალიბდება. 29 ივლისს მელბურნში სიმეონეს გუნდს პირველი ამხანაგური მატჩი აქვს, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპაზე ნოლიტოს წაყვანას ეს წაეყვანათ არ ჯობდა )))
0

სიახლეები პოპულარული