"ბარსელონა": უმტიტი ოფიციალურია, მესამე შესაძლო ტრანსფერი ცნობილია

AutoSharing Option
გუშინ "ბარსელონამ" ოფიციალურად დაასრულა სამუელ უმტიტის ტრანსფერი "ლიონიდან". დღეიდან ფრანგი მცველი "ბარსას" სრულუფლებიანი წევრია.

22 წლის უმტიტიმ, რომელიც ფართო საზოგადოებამ ევრო 2016-დან გაიცნო, "ბარსელონასთან" 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. "ლიონი" მცველის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს.

ახალ კონტრაქტში შავით თეთრზე წერია, უმტიტის მთხოვნელმა მის შესაძენად 60 მილიონი ევრო უნდა გაამზადოს. ფრანგი ლუის ენრიკეს გუნდისთვის სერიოზული შენაძენია. მას თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უმტიტიმ "ოლიმპიკში" 170 მატჩში ითამაშა, რამდენჯერმე კი კაპიტნის სამკლავურიც მოირგო. ხუთ
სეზონში მან ხუთი გოლი გაიტანა "ლიონის" მაისურით. რა თქმა უნდა, გოლების გატანა უმტიტის ძირითადი საქმე არ არის. უმტიტიმ საფრანგეთის ყველა ასაკის ნაკრებში ითამაშა, დიდ გუნდში კი დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა.

მან პირველად ევრო 2016-ის მეოთხედფინალში ითამაშა ისლანდიის წინააღმდეგ, როცა დისკვალიფიცირებულ ადილ რამის ცვლიდა. 22 წლის მცველმა დეშამს თავი მოაწონა და ის მწვრთნელმა ნახევარფინალსა და ფინალშიც ათამაშა.

ფრანგი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას პარასკევს გაივლის ბარსელონაში და პრეზენტაციაც მაშინ გაიმართება.

უმტიტი "ბარსელონას" მეორე შენაძენია დენის სუარესის შემდეგ, რომელიც "ვილიარეალიდან" გამოისყიდა კლუბმა.

* * *
ჩვენ უკვე ვიცით, ვინ შეიძლება იყოს "ბარსას" მესამე შენაძენი ამ სატრანსფერო სეზონში - ესპანური და ფრანგული მედიის მტკიცებით, კატალონიური კლუბი უკვე შეუთანხმდა "პარი სენ-ჟერმენს" ლუკას დინის ტრანსფერზე. 22 წლის ფეხბურთელი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა "ბარსაში".

ისიც 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ხუთშაბათს "ბარსელონა" ამ ტრანსფერსაც ოფიციალურად გამოაცხადებს. გასულ სეზონში დინი იჯარით "რომაში" თამაშობდა. იჯარა დასრულდა და იტალიელებმა მისი გამოსყიდვა არ ინდომეს. დინს პსჟ-სთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.

დინიც ფრანგია, ის მარცხენა მცველია. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მან ევრო 2016-ის ვერცხლის მედლები მოიპოვა, თუმცა უმტიტისგან განსხვავებით, უთამაშებლად. ეროვნულ გუნდში დინმა 12 მატჩი ჩაატარა.

* * *
არდა თურანს კი, ალბათ, მალე სხვა კლუბში ვიხილავთ. "მარკას" ინფორმაციით, ეს სხვა კლუბი შესაძლოა, იტალიური "იუვენტუსი" იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული