ფილიპ ლამი - კაპიტანი სეზონის ბოლოს წავა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა გერმანიის თასზე "ვოლფსბურგის" დამარცხების (1:0) მერე განაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

მან უკვე ჩააყენა საქმის კურსში კლუბის ხელმძღვანელობა, რომელსაც ფილიპისთვის დირექტორთა საბჭოში ადგილი შეუთავაზებია, მაგრამ ფილიპ ლამმა ამ წინადადებაზე უარი თქვა. იგი, ჯერჯერობით, დასვენებას აპირებს.

მიუნხენში დაბადებული ლამი "ბაიერნის" აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი 2002 წელს ჰქონდა. "ვოლფსბურგთან" მატჩი რეკორდმაისტერის მაისურით მისთვის 501-ე გახლდათ. გერმანიის ნაკრებში კი 113 მატჩი ჩაატარა, ბუნდესნაკრებში მის აქტივში 5 გოლია. ლამი წლების განმავლობაში სტაბილურად თამაშობდა მაღალ დონეზე და
აქედან გამომდინარე გახდა კიდეც როგორც კლუბის, ასევე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და დაიმსახურა კაპიტნის სამკლავური.

"კარიერას სეზონის ბოლოს დავასრულებ. ამის შესახებ გუნდის უფროსობას უკვე ვაცნობე. შემიძლია ლიდერის თვისებები კვლავაც გამოვავლინო, ვარჯიშებზეც და თამაშებზეც ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს დავეხმარო, ოღონდ ეს ყველაფერი ამ სეზონის ბოლომდე და არა ამის შემდეგ" - განაცხადა ლამმა, რომელიც 11 ნოემბერს 33 წლის გახდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სანაკრებო კარიერა ლამმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფის მერე დაასრულა. ლამის თქმით, იგი მომავალში სიამოვნებით იფიქრებს "ბაიერნში" სხვა ამპლუით დაბრუნებაზე, მაგრამ ამ ეტაპზე მიაჩნია, რომ სწორი დრო არ არის იმისთვის, რომ გუნდში რომელიმე პოსტზე იმუშაოს.

სხვათა შორის, ლამის გადაწყვეტილებასა და "თვითნებურ" დამოუკიდებელ განცხადებას დიდი სიხარულით არ შეხვდნენ "ბაიერნის" სათავეში. ამ თემაზე გუნდის თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ კომენტარი გააკეთა:

"უნდა აღვნიშნო, რომ "ბაიერნისთვის" სიურპრიზია ლამის, მისი მრჩევლისა და აგენტის საქციელი და გადაწყვეტილება. მისი გეგმის შესახებ ვიცოდით, მაგრამ გვსურდა, ერთობლივი განცხადება გაგვეკეთებინა და გარდა ამისა, უახლოეს თვეებში გვესაუბრა შესაძლო მომავალ თანამშრომლობაზე. მე და ული ჰიონესს ძალინ გვინდოდა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება. ასეა თუ ისე, მიუნხენის "ბაიერნის" კარი მისთვის ყოველთვის ღიაა" - თქვა კალემ.

ტიტულები
ბაიერნი

ბუნდესლიგა: 2002/03, 2005/06, 2007/08, 2009/10, 2012/13, 2013/14, 2014/15, 2015/16.
გერმანიის თასი: 2002/03, 2005/06, 2007/08, 2009/10, 2012/13, 2013/14, 2015/16
გერმანიის ლიგის თასი: 2007
გერმანიის სუპერთასი: 2010, 2012, 2016
ჩემპიონთა ლიგა: 2012/13
უეფას სუპერთასი: 2013
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2013

გერმანიის ნაკრები
მსოფლიოს ჩემპიონატი: 2014

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული