პიერ-ემერიკ ობამეიანგი: ვგრძნობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option
პიერ-ემერიკ ობამეიანგი ძალიან უცნაური ფეხბურთელია. თუნდაც იმიტომ, რომ დაიბადა საფრანგეთში, გაიზარდა იტალიაში და თამაშობს გაბონის ნაკრებში. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ნებისმიერი ნაკრები ინატრებდა შემადგენლობაში ობამეიანგის დარ ფეხბურთელს, მაგრამ ეს პატივი გაბონს იმ მარტივი მიზეზით ერგო, რომ ფეხბურთელის მამა გაბონელია. სხვათა შორის, ჩვენს გმირს დედა ფრანგი ჰყავს, ესპანური ფესვებით.

ობამეიანგის მამა პიერი ცნობილი ფეხბურთელი იყო. მან 80 მატჩი ჩაატარა გაბონის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. იყო გუნდის კაპიტანი. უნდა ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანწილად სწორედ მან განაპირობა შვილის სანაკრები არჩევანი.
არადა, სხვადასხვა დროს ობამეიანგს იწვევდნენ
როგორც იტალიის 19-წლამდელთა ნაკრებში, ისე საფრანგეთის ახალგაზრდულ გუნდში. საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში პიერ-ემერიკმა ერთი მატჩი ჩაატარა კიდეც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც გაბონის სასარგებლოდ გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფეხბურთელზე პატარაობიდანვე უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, მისი ტალანტი ბოლომდე მაინც ოდნავ მოგვიანებით გაიხსნა. ამას უნდა მივაწეროთ ის, რომ საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებმა თავი აღარ მოიკლეს ობამეიანგისათვის ბრძოლაში. არადა, როგორ მოუხდებოდა ორივე ნაკრებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი...

ობამეიანგი არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელიც ვერ შეამჩნიეს გრანდში. მისი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სწორედ "მილანში" დაიწყო. "როსონერის" ახალგაზრდულ შემადგენლობაში "ობამ" რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა, მაგრამ ის ისე გაუშვეს მრავალრიცხოვან იჯარებში, რომ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მისცეს.

რატომაა დიდი მწვრთნელი იურგენ კლოპი? რა თქმა უნდა, ობამეიანგი შესანიშნავი იყო "სენტ ეტიენში", სადაც "დორტმუნდში" მისვლამდე თამაშობდა. ეს ფაქტია, მაგრამ როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში, ისე სხვა პირველობებზე ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელია. კლოპმა მაინცდამაინც ობამეიანგი აღმოაჩინა და მიუჩინა ადგილი "დორტმუნდის" ვარსკვლავებს შორის.

2013 წელს "ობამ" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "დორტმუნდთან". დღეისათვის იგი გუნდის ლიდერია. ამბობენ და წერენ, რომ "დორტმუნდს" ძალიან გაუჭირდება მისი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის შენარჩუნება, რაკი საქმეში მადრიდის "რეალი" ჩაერთო. "სამეფო კლუბს" ძალიან უნდა "გაბონელი საოცრების" ხელში ჩაგდება.

დღეს ობამეიანგის ჯილდოებს შორის გაცილებით მეტი ინდივიდუალური ტიტულია, ვიდრე გუნდური. რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონშიც და მერეც გერმანიის ჩემპიონობა გაჭირდება, იქ ჰეგემონი "ბაიერნია". სამაგიეროდ, არის ჩემპიონთა ლიგა და არის ძალიან კარგი, შემტევი "დორტმუნდი".

ინდივიდუალურ ტიტულებს რაც შეეხება, "ობა" ბედს ნამდვილად ვერ დაემდურება. არის აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ბუნდესლიგის წლის რჩეული, სხვადასხვა სიმბოლური ნაკრებების წევრი.

ჩემპიონთა ლიგის მოგება - აი, რაზე ოცნებობს ჩვენი გმირი მიმდინარე სეზონში. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება რთულია, მაგრამ რატომაც არა? ის, რაც ვერ შეძლო იურგენ კლოპმა, იქნებ მისმა მემკვიდრემ, თომას ტუხელმა გააკეთოს.

"ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები ყოველი წამი ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ძალიან მინდა ამ ტურნირის მოგება და მიმდინარე სეზონში ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. ჩემი აზრით, გვაქვს შანსი და ამ შანსის გამოყენებისათვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. რაც მთავარია, ჩვენ გვჯერა, რომ ამ დიდ ტურნირზე წარმატების მიღწევა შეიძლება და ისიც ვიცით, რომ თავი არ უნდა დავზოგოთ ამ მიზნის მისაღწევად.

ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ამ გუნდს ძალიან მოუხდება დიდი გამარჯვება. შეიძლება, სხვებთან შედარებით ჯამური გამოცდილება გვაკლია, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენ შეგვიძლია, გავახაროთ ჩვენი ქომაგები." - ამბობს "ობა".

გერმანული კლუბი ჯერჯერობით, დიდ ძალად მოსჩანს ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლოს და ბოლოს, "ბენფიკას" ორი მატჩის ჯამში ძლევა ასე იოლი საქმე არ არის. თუ პორტუგალიაში მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, გერმანიაში "დორტმუნდმა" ქვა ქვაზე არ დატოვა საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგისგან.

"ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ "ბენფიკასთან" საშინაო შეხვედრაში და არც სტუმრად გვქონდა წასაგები. საშინაო მატჩმა იმედით ამავსო. თუ ჩვენ ასე ვითამაშებთ, მაშინ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ძალიან გაუჭირდება ჩვენი შეჩერება.

რაც შეეხება ლიგაზე ჩვენს მომდევნო მოწინააღმდეგე "მონაკოს", ურთულესი იქნება. ზოგადად, ლიგის მეოთხედფინალში იოლი მეტოქე როგორ უნდა იპოვო." - მსჯელობს ობამეიანგი.

დოსიე
პიერ-ემერიკ ემილიანო ფრანსუა ობამეიანგი

დაიბადა: 1989 წ. ლავალი (საფრანგეთი)
პოზიცია: ფორვარდი
კარიერა: 2008-11 მილანი; 2008-09 - დიჟონი (იჯ); 2009-10 - ლილი (იჯ); 2010-11 - მონაკო (იჯ); 2011 - სტ. ეტიენი (იჯ); 2011-13 - სტ. ეტიენი; 2013-დან - დორტმუნდი
გაბონის ნაკრები: 55 თამაში, 23 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული