გა...ი! - როგორ გააბრაზა გიუნდოგანმა კლოპი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავმა, 26 წლის ილქაი გიუნდოგანმა ორი კვირა გაატარა რუსეთში. ის კონფედერაციათა თასის გათამაშებას დაესწრო, მერე კი ძალიან გახსნილად ისაუბრა რუს ჟურნალისტებთან.

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის ახლოს გაცნობა ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. გთავაზობთ გამორჩეულ მონაკვეთებს.

სერიალი, რომელიც ბოლოს ნახეთ
"ფორს მაჟორი". ძალიან მიყვარს ეს სერიალი. თუ დავიწყე ყურება და ერთი სერია მომეწონა, მერე მთლიანად ვნახულობ, ვეღარ ვჩერდები. "ბანქოს სახლთან" დაკავშირებითაც იგივე იყო. მსახიობებიდან კევინ სპეისი მომწონს. ძალიან მაგარი მსახიობია.

თქვენი საყვარელი სასმელი
ძალიან იშვიათად ვსვამ ალკოჰოლს. თუ მეგობრებთან ერთად
ვარ, შეიძლება ცოტა დავლიო. ესეც ძალიან იშვიათად. ძალიან მიყვარდა ფანტასა და კოკას ნარევი. მე მას ყოველდღე ვსვამდი. ეს სასმელი, მგონი, მხოლოდ გერმანიაში იყიდება. მას "მეცო მიქსი" ჰქვია. იყო დრო, მე მასზე დამოკიდებული ვიყავი, ახლა კი აღარ ვსვამ. ტონა შაქარს შეიცავს.

ცნობილი ადამიანებიდან ვის გაიცნობდით
დენზელ ვაშინგტონს. მე ძალიან მიყვარს მისი ფილმები. ასევე - ჯონ ლეჯენდს. მე მიყვარს მუსიკოსები, რომლებიც ერთმანეთში ურევენ ჰიპ-ჰოპს და R’N’B-ს. ნამდვილად არ ვიტყოდი უარს ასეთი ჟანრის მიმდევარ მუსიკოსებთან საუბარზე.

გზღუდავთ თუ არა პოპულარობა
ერთი მხრივ, დიდებულია, როცა შენ გცნობენ, შენთან იღებენ სურათებს. როცა კარიერას დავასრულებ, ეს მომენტი მაგრად დამაკლდება. მეორე მხრივ, როცა ხარ ცნობილი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. როცა 20 კაცი გახვევია გარს და ფოტოს გადაღება უნდა შენთან, არ უნდა დაწყვიტო გული არავის და ეს იოლი არაა. შენ ხშირად ვიღაცის განაწყენება გიწევს. ეს არ არის კარგი გრძნობა. ზოგადად, მე მიყვარს პოპულარობა. დროს შინაც კარგად ვატარებ.

რაზე ფიქრობდით ბოლო დროს
ჩემს ახალ ბინაზე. თავიდან ინგლისში სასტუმროში ვცხოვრობდი. მერე ბინა ვიქირავე. ვადა დასრულდა. ახალ ბინაში გადავედი, მხოლოდ ორი-სამი თვეა, იქ ვცხოვრობ.

რისი სწავლა გინდათ
მინდა, პიანინოზე დაკვრა ვისწავლო. ამ ეტაპზე ეს ჩემი აუხდენელი ოცნებაა. ვერაფრით ვახერხებ ნოტების დამახსოვრებას.

თქვენი საყვარელი გუნდი NBA-ში
ასე გამორჩევით არც ერთი. ცოტა ხნის წინ ვნახე "ბრუკლინ ნეთსის" საწვრთნელი ცენტრი ნიუ-იორკში. მერე მათ თამაშზე ვიყავი და ის შეხვედრა ბოლო წამზე განხორციელებული ზუსტი სროლით მოიგეს. როგორც ვიცი, "ბრუკლინს" არ გამოუვიდა მაინცდამაინც კარგი სეზონი. ალბათ, დროა, მათი ქომაგობა დავიწყო.

ვის რა აჩუქეთ ბოლოს
მეგობრებს ვაჩუქე ლოს-ანჯელესის საგზური. მათთან ერთად წავედი ამერიკაში. არ მიყვარს მარტო სიარული. ამასთან, დედას ვაჩუქე ჩანთა დაბადების დღეზე. მიყვარს საჩუქრების კეთება.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც მიგიღიათ
საერთოდ, ძალიან არ მიყვარს საჩუქრის მიღება. თავს უხერხულად ვგრძნობ. ზოგადად, უხერხული შეგრძნებაა, როცა გჩუქნის ისეთი ადამიანი, ვინც შენზე ნაკლებს გამოიმუშავებს. ზოგადად, ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარი არდადეგებია. მთელი სეზონის განმავლობაში ფეხბურთელებს მკაცრი წესებით გვიწევს ცხოვრება.

ყველაზე ძვირი შენაძენი
თურქეთის ქალაქ ბალაკესირში მიწა ვიყიდე. ეს ჩემი მშობლების მშობლიური ქალაქია. ორი მიზეზის გამო ვიყიდე მიწა. ჯერ ერთი, ეს არის ჩემი ინვესტიცია მომავალში და მეორეც, საშუალება მაქვს, დავეხმარო ამ ქალაქს. ის კარგი ქალაქია, მაგრამ არა ისეთი თანამედროვე, როგორიც მე მინდა, რომ იყოს. მინდა, ეს გამოვასწორო. ჩვენ, მე და მამას, გვინდა, რომ ქალაქის ცენტრში დიდი ბიზნესცენტრი ავაშენოთ.

რისი კეთება შეგიძლიათ დაუსრულებლად
შემიძლია, დაუსრულებლად ვიძინო. მთელი დღეც კი გადავაბა. ინგლისში ვარჯიშზე 90 წუთით ადრე უნდა მიხვიდე. გერმანიაში ასე კონკრეტულად არაა დრო დანიშნული. ხშირად 5 წუთით ადრე მივსულვარ ვარჯიშზე. გზაში მიწევდა ჩაცმა, ღვედს გზაში ვიკრავდი ხოლმე. არადა, იურგენ კლოპი საშინლად ბრაზდებოდა, როცა ვინმე წვრთნაზე აგვიანებდა. განსაკუთრებით - მნიშვნელოვანი მატჩების წინ.

საშინლად გაბრაზებული კლოპი
ასეთი ის ხშირად მინახავს. ერთხელ ვარჯიშის დაწყებამდე, დილით, კუნთების ტკივილი ვიგრძენი. წვრთნის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ამის თაობაზე ექიმს ვუთხარი, დავამატე, რომ ვარჯიში შემეძლო. მან თქვა, რომ კლოპისათვის უნდა ეცნობებინა და ასეც მოიქცა. მეძახის კლოპი. მითხრა, შენ სერიოზულად ამბობ, რომ კუნთები გტკივა და ამას ვარჯიშის დაწყებამდე 10 წუთით ადრე ვიგებო? ყველა ვარჯიში გაწერილი მაქვს და ახლა რა უნდა ვქნაო. საშინლად იყო გაბრაზებული. მე ვუთხარი, რომ შემეძლო ვარჯიში. "გაა...ი! გააკეთე, რაც გინდა" - მითხრა მან.

მაინც გავედი მინდორზე. დაიწყო ვარჯიში. კლოპი ჩემთან მოვიდა და გადამეხვია. მითხრა, აწი მაინც გაითვალისწინე, რომ "დორტმუნდში" ყველაფერი გაწერილი გვაქვსო. თუ რამე გტკივა, დაურეკე ან ექიმს, ან ფიზიოთერაპევტს, ან მე, ოღონდ ვინმეს დაურეკეო. მან მითხრა, რომ მხოლოდ უნდა მეძუნძულა. ასეც მოვიქეცი. ვთხოვე, სრული დატვირთვით ვივარჯიშებ-მეთქი. არ ქნა კლოპმა.

დაგირეკათ თუ არა კლოპმა ინგლისში გადასვლის წინ?
რა თქმა უნდა - ჩვენ ხშირად ვუკავშირდებით ერთმანეთს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და დიდებული ხასიათის ადამიანია. მე მას სულ ვუსმენ.

დაახასიათეთ კლოპი სამი სიტყვით
ემოციური, ძლიერი, ჭკვიანი.

გვარდიოლა
ჭკვიანი, ძალიან ჭკვიანი. ფეხბურთზე შეშლილი. წარმატებული.

ფეხურთზე შეშლილი?
მისმა ცოლმა თქვა, რომ დილის ექვსზე მიდის სატრენაჟორო დარბაზში, შინ საღამოს შვიდზე ბრუნდება და ეგრევე ფეხბურთის ყურებას იწყებს. ის არასოდეს ისვენებს ფეხბურთისაგან.

როგორ გადაწყვიტეთ სიტიში წასვლა
მაშინვე გადავწყვიტე, როცა პირველად შევხვდი გვარდიოლას. მე ბავშვობიდანვე მისი ფანი ვიყავი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის "ბარსელონაში" თამაშობდა. მინდოდა "სიტიში" გადასვლა. მეგობრები და ოჯახი გვერდით დამიდგნენ.

რამდენი საუკეთესო მეგობარი გყავთ
ხუთი. სამი მათგანი მასწავლებელია. მეოთხე ბანკში მუშაობს, მეხუთე - სატელეფონო სერვისების კომპანიაში. სამი მათგანი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა არ ვიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი.

ვინ არის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე?
მესი.

რა არის უკეთესი - დიდება თუ დიდი ფული
დიდი ფული. ფულით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება.

თქვენი საყვარელი ფილმი
"გლადიატორი".

გაბრაზდნენ თუ არა მშობლები, როცა გერმანია ავირჩიე
მათ იციან, რომ მე გერმანიის ნაკრების მადლობელი ვარ. შეიძლება, უნდოდათ კიდეც, რომ გერმანიის ნაცვლად თურქეთი ამერჩია, მაგრამ ისინი ამაყობენ ჩემით. გერმანიის ნაკრების გარეშე მე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. ამ გუნდმა ძალიან ბევრი რამ მომცა.

ეს არის გუნდი, რომელიც ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული