"კიკერმა" დაწერა, რომ იუპ ჰაინკესის მიღმა, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნომერ პირველი კანდიდატი ხოსეპ გვარდიოლაა.
ინგლისურ და იტალიურ მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ესპანელმა მწვრთნელმა გადაწყვეტილება მიუნხენური გრანდის სასარგებლოდ მიიღო.
"ბაიერნის" ხელმძღვანელები გვარდიოლასთან შეთანხმებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათთვის ნომერ პირველი კანდიდატი მომავალი სეზონისთვისაც რეკორდმაისტერის ამჟამინდელი თავკაცი იუპ ჰაინკესია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ "დონ იუპთან" მარტში დაგეგმილი შეხვედრა კარლ-ჰაინც რუმენიგემ იანვარში
ერთი სიტყვით, შეთანხმების ოფიციალურ დადასტურებას, ალბათ, კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ, მაგრამ მოვლენების განვითარების ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები 41 წლის გვარდიოლაზე სერიოზულად მუშაობენ.
იტალიურმა არხმა "სკაი იტალიამ" ეს გარიგება სულაც შემდგარად გამოაცხადა - პეპმა ინგლისურ ("სიტი", "ჩელსი"), იტალიურ (მილანი) და ფრანგულ (პსჟ) წინადადებებზე უარი თქვა და გადაწყვეტილება "ბაიერნის" სასარგებლოდ მიიღოო. "სკაი იტალიას" ცნობით, ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას რეკორდმაისტერის ერთ-ერთმა მთავარმა სპონსორმა მიაწოდა. როგორც ჩანს, იგულისხმება სწორედ ის სპონსორი, რომელმაც გვარდიოლას ხელფასი უნდა დააფინანსოს.
ბაიერნი შეთანხმებას უარყოფს
სწორედ "სკაი" იტყობინება იმასაც, რომ გვარდიოლამ უარი თქვა "ჩელსის" საოცნებო წინადადებაზე (22 მილიონი წელიწადში), რადგან უპირატესობას ბუნდესლიგაში მუშაობის პერსპექტივას ანიჭებს.
ამავდროულად, ესპანური გაზეთი "ელ მუნდო დეპორტივო" წერს, პეპის მეგობრებმა გვითხრეს, ჯერ არაფერი გადაუწყვეტიაო. თუმცა "ელ მუნდო დეპორტივო" ადასტურებს, რომ პეპი "ბაიერნთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"სკაის" ინფორმაციას საფეხბურთო გერმანიაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ცხადია, "ბაიერნის" ოფიციალურმა განცხადებამ არ დააგვიანა. 15 იანვარს კომენტარი გააკეთა "ბაიერნის" პრესმდივანმა მარკუს ჰიორვიკმაც და გვარდიოლასთან შეთანხმება რეკორდმაისტერის სახელით უარყო.
"ამ თემაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჭორის შესახებ, გნებავთ, ინგლისიდან იყოს და გნებავთ, იტალიიდან, კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ," - ეს რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია. კალემ იქვე დასძინა, ჩვენ ჯერ იუპ ჰაინკესს დაველაპარაკებით და მხოლოდ მასთან საუბრის შემდეგ მოვიფიქრებთ, რა უნდა მოვიმოქმედოთო.
ჰაინკესმა ამას წინათ თქვა, რუმენიგეს მარტში უნდა შევხვდეო. ორიოდე დღის წინ გერმანულ პრესაში დაიწერა, რომ თავად რუმენიგეს სურვილით ეს შეხვედრა იანვარშივე შედგება. ცხადია, კალეს ამაზეც ჰკითხეს.
აი, მისი პასუხიც: "ვიცი, რაც თქვა იუპ ჰაინკესმა, მაგრამ მე შეხვედრის თარიღის შესახებ კომენტარს არ გავაკეთებ."
რუმენიგე ჰაინკესს ამ კვირაში უნდა შეხვდეს
"შპორტ აინსის", "კიკერის" და "ბილდის" ინფორმაციით, "ბაიერნის" ბოსები ჰაინკესს ამ კვირაშივე შეხვდებიან (შეგახსენებთ, რომ "დონ იუპს" რეკორდმაისტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება).
ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ჰაინკესთან შეხვედრის დაჩქარება სწორედ გვარდიოლას ფაქტორის დამსახურებაა, რადგან პეპს სხვა მსურველები, "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსიც" აჩქარებენ და აწუხებენ.
გერმანიაში ყველა ექსპერტი დარწმუნებულია იმაში, რომ 67 წლის ჰაინკესი მომდევნო სეზონში "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.
15 იანვარს "მიუნხენერ თაგესცაითუნგში" გამოქვეყნებულ სტატიაზეც ვწერდით, რომელშიც ეწერა, რომ გვარდიოლას მრჩეველი ხოსე მარია ორობიტგი მიუნხენში ჩავიდა და "ბაიერნის" ბოსებს შეხვდა.
15 იანვარს ამ უკანასკნელს "ბილდის" კორესპონდენტი დაუკავშირდა და ორობიტგმა უთხრა, მიუნხენში კი არა, პირად საქმეებზე ფრანკფურტში გახლდითო. ცხადია, მას "ბაიერნის" ბოსებთან შეხვედრა ფრანკფურტშიც შეეძლო. მეტიც, ასეთი შეხვედრის ორგანიზება ფრანკფურტში უფრო აზრიანი იქნებოდა - თუკი მხარეებს სურდათ, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. სხვა მხრივ, საინტერესოა, რა პირადი საქმე უნდა ჰქონოდა ორობიტგს ფრანკფურტში წელიწადის ამ დროს?
პირველი კონტაქტი 2012 წლის მაისში
აღსანიშნავია, რომ "ბაიერნი" გვარდიოლას დათანხმებას ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში შეეცადა. ცნობილია, რომ მაშინ რეკორდმაისტერის იმდროინდელი სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი პეპის ძმას შეხვდა. მაშინ ამ ამბის გახმაურებიდან რამდენიმე დღის შემდეგ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გვარდიოლას სასურველი მწვრთნელი და ჰაინკესის ღირსეული შემცვლელი უწოდა. მას მერე "ბაიერნში" გვარდიოლას შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. რუმენიგე, ჰიონესი და ზამერი დუმილს ამჯობინებენ, თუმცა გვარდიოლათი დაინტერესებას არც უარყოფენ.
სამაგიეროდ, "ბაიერნი" ამას წინათ, ფიფას გალა-დაჯილდოებაზე თავად პეპმა ახსენა: "ბაიერნს" მწვრთნელი ჰყავს და ჩემი მხრიდან ამ კლუბზე საუბარი ცუდი საქციელი იქნება!" - თქვა მან და ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების ფონზე ეს კომენტარი უკვე ძალიან საინტერესოდ გვეჩვენება.
გერმანული ენა?
ცნობილია, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელებს მწვრთნელად ყოველთვის ისეთი სპეციალისტი სურთ, რომელიც გერმანულ ენას ფლობს, გვარდიოლამ კი გერმანული არ იცის. თუმცა პეპის აღმომჩენი და "ბარსას" ყოფილი თავკაცი კარლოს რექსაჩი დარწმუნებულია, რომ მონდომების შემთხვევაში გვარდიოლა ამ პრობლემას იოლად აღმოფხვრის: "პეპმა იცის ესპანური, იტალიური და ინგლისურიც. ვფიქრობ, გერმანული ენის შესასწავლად დიდი დრო არ დასჭირდება და არც იმას გამოვრიცხავ, რომ გერმანულს უკვე დიდი ხანია, სწავლობს."
წინა კვირას ციურიხში გვარდიოლამ თქვა, ჯერ არ ვიცი, რომელ გუნდს ჩავიბარებო. შეიძლება ახლა უკვე იცის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბაიერნმა" ხოსეპ გვარდიოლასთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია უარყო