მიხაელ ბალაკი - ფეხბურთის ჯეისონ ბორნი

AutoSharing Option
მიხაელ ბალაკმა სახელოვანი კარიერა შარშან, ოქტომბერში დაასრულა. როცა ლაპარაკია გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანზე, უპირველესად ის გახსენდება, რომ მის გუნდებს უამრავი გადამწყვეტი მატჩი აქვთ წაგებული, მათ შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალები, პლუს ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ბალა პენსიაზე ხელცარიელი გავიდა. მის ანგარიშზეა ბუნდესლიგის ჩემპიონის 4 ტიტული და პრემიერლიგის 1 ოქრო. რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ პრესაში მისი ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

- რისი გახსენება შეგიძლიათ ბავშვობაზე?
- აღმოსავლეთ გერმანიაში ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. სწავლასა და
ფეხბურთს ერთმანეთს იოლად ვუთავსებდი. სპორტულ სკოლაში კი მხოლოდ 12 წლისა გადავედი.

- 16 წლისას ექიმებმა გითხრეს, რომ პროფესიულ კარიერაზე უარი უნდა გეთქვათ...
- ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერი იყო, შესაბამისად, ეს პერიოდი ცუდად მახსენდება. ჩემმა მწვრთნელებმა საშუალება მომცეს, ხანგრძლივი პაუზა ამეღო. მუხლის პრობლემები კი ნელ-ნელა გაქრა.

- "ხემნიტცერში" თქვენ "ახალი კაიზერი" შეგარქვეს. რატომ?
- ალბათ, სირბილის მანერის გამო, რადგან ყოველთვის თავაწეული ვთამაშობდი. ნამდვილი კაიზერი უნიკალური ფეხბურთელი იყო. ჩემთვის რთული იყო მასთან გატოლება.

- 13 ნომრისადმი სიყვარული როდის დაიბადა?
- 1999 წელს "ბაიერში" როცა გადავედი, 13 და 15 ნომრები იყო თავისუფალი. ჩემი კერპი რუდი ფიოლერი 13 ნომრად თამაშობდა. მივედი მასთან და ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა, მისი მაისურა ჩამეცვა. რუდი დამთანხმდა.

- 2002 წელს, მას შემდეგ, რაც "ბაიერმა" ყველა ტურნირში გადამწყვეტი მატჩი დათმო, ამ კლუბს "ნევერკუზენი" შეარქვეს. იმავე წელს თქვენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც ვერ ითამაშეთ. ყველაზე მტკივნეული რომელი მარცხი იყო?
- ეს ოთხი კვირა დღემდე კარგად მახსოვს. "ბაიერს" გერმანიის ჩემპიონატი არასოდეს მოუგია. სინი ხელიდან ბოლო დღეს გამოგვეცალა. სწორედ ეს იყო ყველაზე მტკივნეული. შემდეგ იყო ჩემპიონთა ლიგა, სადაც არ გვეგონა, რომ ასე შორს გავიდოდით. ზოგადად, ყველა წაგება მტკივნეული იყო.

- 2002 წლის ჩემპიონატზე, 1/2-ფინალში მეორე ყვითელი ბარათი მიიღეთ, რის გამოც მომდევნო თამაშს ტოვებდით, მაგრამ გადამწყვეტი გოლი გაიტანეთ.
- ვიცოდი, რომ დისკვალიფიკაცია მელოდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 20 წუთი რჩებოდა და მე ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა. სწორედ ამიტომ ბოლომდე დავიხარჯე. მას შემდეგ წესები შეიცვალა. ნახევარფინალში მიღებული ყვითლის გამო ფინალს ფეხბურთელი აღარ ტოვებს, რაც ბევრად უფრო სამართლიანია.

- მართალია, რომ 2002 წელს "რეალს" უარი უთხარით და "ბაიერნი" არჩიეთ?
- დიახ, 2002 წელს ბუნდესლიგაში დარჩენა ვარჩიე, რადგან საშინაო მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მინდოდა შინ მეთამაშა. მაშინ მეგონა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- "ბაიერნში" უამრავი რამ მოიგეთ, მაგრამ წასვლის შემდეგ ბეკენბაუერის კრიტიკას მაინც ვერ გადაურჩით...
- ისინი არ არიან შეჩვეულები, რომ ფეხბურთელი "ბაიერნიდან" ცოტა უკეთეს ადგილას მიდის. წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ კლუბში ჩემით უკმაყოფილონი იყვნენ.

- 2006 წელს რატომ აირჩიეთ "ჩელსი" და არა "მანჩესტერ იუნაიტედი"?
- "ჩელსი" სწრაფად ვითარდებოდა და მინდოდა, მათი პროექტის ნაწილი გავმხდარიყავი. მეჩვენებოდა, რომ უახლოეს წლებში მეტის მიღწევა შეგვეძლო. თანაც ჩემს ოჯახს ლონდონში ცხოვრება ერჩივნა.

- 2009 წელს უელსთან შეხვედრაზე თქვენსა და ლუკას პოდოლსკის შორის რა მოხდა?
- პირადად მას ჰკითხეთ. ვიკამათეთ, მაგრამ არც ისე სერიოზულად. მისი საქციელი ჩემდამი უპატივცემულობას ნიშნავდა, რაც მას მცირე ჯარიმად დაუჯდა. ლიოვმა ეს სიტუაცია სამართლიანად ნამდვილად ვერ განსაჯა.

- 2009 წელს "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის შემდეგ ჰენინგ ოვრებოსთან არ გისაუბრიათ?
- ნუ გამახსენებთ ამ არბიტრს. ლაპარაკი არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პენალტზე, რომელიც მან არ დანიშნა. ჩვენ ამის გარდა 2-3 თერთმეტმეტრიანს ვიმსახურებდით და უბრალოდ, "ბარსელონაზე" ძლიერები ვიყავით.

- ჯეისონ ბორნი (ცნობილი ამერიკული ფილმი-ტრილოგიის გმირი. რედ.) თქვენთვის არავის უწოდებია?
- დიახ, ხანდახან ასეც ხდება. გერმანიაში ერთმა გოგონამ ჩათვალა, რომ მე მსახიობი ვიყავი, ბალაკზე კი მას არაფერი სმენოდა.

- სად ითამაშეთ თქვენი საუკეთესო ფეხბურთი?
- "ბაიერში" 2001/02 წლების სეზონში.

- 2010 წელს ბოატენგთან ბრძოლაში მიღებულმა ტრავმამ თქვენს კარიერაზე როგორ იმოქმედა?
- უზარმაზარი უარყოფითი როლი ითამაშა.

- არ ნანობთ, რომ ნაკრებში მეასე თამაშის ჩატარებაზე უარი თქვით?
- ციფრებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს - 100, 102 თუ 98. ვიცი, რომ რაც გერმანიის ნაკრებს მივეცი, ის უფრო მნიშვნელოვანია. ბოლოს როგორც მომექცნენ, იმას არ ვიმსახურებდი.

- ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ ფინალში თქვენი ორი ყოფილი კლუბი დაუპირისპირდა. ვის გულშემატკივრობდით?
- ალბათ, 50/50-ზე იყო. გერმანელი ვარ და ხალხს სურდა, რომ ერთმნიშვნელოვნად "ბაიერნის" მხარე დამეჭირა, მაგრამ ეს არასწორი იქნებოდა, რადგან ბოლო წლები სწორედ "ჩელსიში" გავატარე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიხაელ ბალაკმა შესაძლოა კარიერა ავსტრალიაში გააგრძელოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული