რას უპირებს "ვერდერის" ბოსი თომას შააფს?

AutoSharing Option
თომას შააფი ბრემენის "ვერდერს" 1999 წლის 9 მაისიდან წვრთნის და ბრემენული კლუბი 52 წლის სპეციალისტის გარეშე დიდხანს წარმოუდგენელი იყო.

მაგრამ ზედიზედ სამი სეზონის ჩაგდებას ისიც დაემატა, რომ ამ სეზონის მიწურულს "ვერდერს" 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და სეზონის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება ჯერაც არ აქვს განაღდებული. შესაბამისად, შააფს თითქმის ყოველდღე კრიტიკის ქარცეცხლი ატყდება და თომასს უკვე ფანებიც ამრეზით უყურებენ.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბრემენში და ზოგადად, გერმანიაში ვრცელდება ხმები, რომ "ვერდერის" მენეჯერმა თომას აიხინმა შააფის პოტენციურ შემცვლელებთან
კონტაქტი დაამყარა და პირველი მოლაპარაკებები გამართა. ერთნი ამტკიცებენ, მეჰმეთ შოლს დაუკავშირდაო, მეორენი "ვერდერთან" მიმართებაში რალფ რანგნიკს ახსენებენ; სხვები კი ირწმუნებიან, აიხინი "ვერდერში" ჰოლანდიელ ჰუუბ სტევენსს ეპატიჟებაო.

ამ მითქმა-მოთქმას 8 მაისს თავად აიხინი გამოეხმაურა, რომელმაც სხვა მწვრთნელებთან შეხვედრა ან მით უმეტეს, მოლაპარაკებები კატეგორიულად უარყო:

"არავისთან დამირეკავს და არავის შევხვედრივარ. ძალიან ვბრაზდები იმის გამო, რომ ასეთი ხმები დადის," - უთხრა "ვერდერის" მენეჯერმა "ბილდს".

თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები ეჭვობენ, რომ ეს მანევრია, რომლითაც აიხინს ყურადღების სხვა თემებზე გადატანა სურს, რადგან მას არ უნდა, რომ აღიაროს ახალ მწვრთნელებზე ფიქრი მანამ, სანამ შააფი პოსტზეა. ამ უკანასკნელს კი მანამდე არ გაათავისუფლებს, სანამ ახალ სპეციალისტს არ დაიბევებს. როგორც ჩანს, აიხინი მართლაც დარწმუნებულია იმაში, რომ "ვერდერი" მეორე ბუნდესლიგაში არ დაქვეითდება.

შეგახსენებთ, რომ შააფს "ვერდერთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული. მიეცემა თუ არა მას ამ ხელშეკრულების ბოლომდე შესრულების უფლება, ეს მალე, მაისშივე უნდა გაირკვეს. სულ მალე ბრემენული კლუბის ხელმძღვანელები (გენერალური მენეჯერი ფილბრი, ფიშერი და აიხინი) შეიკრიბებიან და შააფის მომავალზე იმსჯელებენ. ფაქტია, რომ თომასს არგუმენტები არ აქვს - "ვერდერს" 32 ტურში მხოლოდ 33 ქულა აქვს აღებული, რაც ამ გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ვერდერმა" არნაუტოვიჩი და ელია პირველი გუნდიდან მოკვეთა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული