კრისტიან ერიკსენი თითქმის "დორტმუნდელია"!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" გასულ სეზონში ბევრი ფული დააგროვა, მარიო გიოტცეს სახით კი ლიდერი დაკარგა.

შესაბამისად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში BVB-ის ხელმძღვანელების უმთავრესი მიზანი სწორედ ამ უკანასკნელის შეცვლაა. "კიკერის" ინფორმაციით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ დორტმუნდში გიოტცეს დანიელი კრისტიან ერიკსენი შეცვლის. "აიაქსის" შემტევი ნახევარმცველის გადაბირება დორტმუნდელებს დიდი ხანია, სურთ; ყინული კი, ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, მას მერე დაიძრა, რაც ამსტერდამელებმა ერიკსენის შემცვლელი მონახეს.

"ალკმაარის" ერთ-ერთმა ლიდერმა ადამ მაჰერმა ჯერ კიდევ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე განაცხადა, რომ კლუბის გამოცვლა უნდა და დასძინა, ან "აიაქსში" გადავალ, ანაც
"ეინდჰოვენშიო". ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, მაჰერი უპირატესობას "აიაქსს" ანიჭებს და მისი ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.

გარიგება ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ მაჰერი ამსტერდამულ კლუბს 4-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.

შესაბამისად, ერიკსენს დორტმუნდისკენ გზა გაეხსნა. მართალია, მისი გადაბირება ინგლისურ კლუბებსაც სურთ (ყველაზე მეტად "ლივერპული" აქტიურობს), მაგრამ "კიკერი" ირწმუნება, რომ თავად ერიკსენი "დორტმუნდს" ანიჭებს უპირატესობასო. 21 წლის ერიკსენს "აიაქსთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი ფასი მინიმუმ 15 მილიონი ევროა.

ჰოლანდიელი ექსპერტების აზრით, ერიკსენის სანაცვლოდ ამ თანხის გადახდა იდეალურად დაბანდებული ფულია, რადგან დანიელ გამთამაშებელს აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

კრისტიანს მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს, კარგად ასრულებს სტანდარტულებს, საგოლე ალღოც უვარგა, შესაშური ტექნიკის პატრონია და ტაქტიკურად უკვე ძალიან განსწავლული ნახევარმცველია. დორტმუნდში მან გიოტცე უნდა შეცვალოს და მართალია, მარიოსავით სწრაფი არაა, მაგრამ გიოტცეს დარად, 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ნახევარდაცვის წინა ხაზზე ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. "აიაქსის" 4-3-3 სქემაში მისი ადგილი უმეტესად ან ნახევრად მემარცხენე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე იყო, ანაც მარცხენა გარემარბისა.

ლევანდოვსკის ინგლისში გადასვლაც აუკრძალეს!
მორჩა, რობერტ ლევანდოვსკის საგა ამ ზაფხულისთვის დასრულებულია. "ლელოს" 17 ივნისის ნომერში ვწერდით, რომ 24 წლის პოლონელის გადაბირება "ბაიერნის" შემდეგ ინგლისურმა გრანდებმაც მოისურვეს, რომელთა შორის ყველაზე მეტად "მანჩესტერ სიტი" აქტიურობს, მაგრამ 17 ივნისს "ბორუსიას" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ რობერტის გარშემო ატეხილ სპეკულაციებს ბოლო მოუღო.

"რობერტი მომდევნო სეზონს "დორტმუნდში" გაატარებს – მორჩა და გათავდა! 2013 წელს მის შესახებ სპეკულაციები საბოლოოდ უნდა შეწყდეს. მე უკვე შევატყობინე ლევანდოვსკის აგენტ კუხარსკის, რომ რობერტი აქ უნდა დარჩეს და რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ "ბაიერნისგან" ოფიციალური შემოთავაზება არც მიგვიღია. ერთი სიტყვით, თუ რობერტს მიუნხენში გადასვლა ასე ძალიან უნდა, მინიმუმ ერთი წელი უნდა მოითმინოს!" - განაცხადა ვატცკემ.

ამრიგად, პოლონელ გოლეადორს ინგლისში გადასვლაც აეკრძალა. არადა, "სანის" ცნობით, "მანჩესტერ სიტი" მას წელიწადში 11.3 მილიონ ევროს სთავაზობდა. "ბილდის" ინფორმაციით, ლევანდოვსკი გაისად "ბაიერნში" გადავა და თანაც, უფასოდ. ხსენებული გამოცემის ცნობით, რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე რობერტის მრჩეველ კუხარსკის ესაუბრა და დაუდასტურა, რომ ბავარიული გრანდი ლევანდოვსკის გაისად გადაიბირებს.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც ამ ორომტრიალში ჩაიკარგა, მაგრამ უყურადღებოდ დატოვების ღირსი არაა. "დორტმუნდიდან" "შალკეში" გადაბარგებულმა ბრაზილიელმა მცველმა ფელიპე სანტანამ ერთ-ერთ მშობლიურ ტელეარხს უთხრა, "ბორუსიას" მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მარიო გიოტცეს ცუდად მოექცა და ძალიან სულელურად გამოუვიდაო. სანტანას განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, პასუხი კი "ბორუსიადან" მთავარმა ბოსმა, ვატცკემ გასცა, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა:

"ფელიპე სანტანა ზედმეტად მწირი ინტელექტის პატრონია იმისათვის, რომ ის სიტუაცია ჯეროვნად შეეფასებინა..."


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კრისტიან ერიკსენი დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული