გერმანული ტესტები: პეპ გვარდიოლამ ახალი თაობა დაინახა

AutoSharing Option
"ბაიერნის" პირველ ტესტ-მატჩზე ვწერდით, რომელიც რეკორდმაისტერმა 15:1 (ფანკლუბის ნაკრებთან) მოიგო. ამასობაში, ბავარიულმა გრანდმა, ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, მეორე ამხანაგური მატჩის გამართვაც მოასწრო და ისევ დიდი ანგარიშით, ამჯერად 9:1 (რეგენთან) იმარჯვა - ახალგაზრდა გრინმა კვლავ ჰეთ თრიქი შეასრულა, მარიო გომესს კი ისევ არ უთამაშია.

ტესტ-მატჩებს უკვე ბუნდესლიგის სხვა კლუბებიც ატარებენ და ვფიქრობთ, ჩვენს ყურადღებას ეს მატჩებიც იმსახურებს: ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" მეხუთელიგელი "შტრაუსბერგი" 6:1 გაანადგურა (ლევანი ძირითად შემადგენლობაში იყო). "ჰანოვერმა" და "გლადბახმაც" სოლიდურად მოიგეს.

შტრაუსბერგი-ჰერტა 1:6
გოლები: 0:1 ნდიენგი (19), 0:2 რამოსი (25), 0:3
ალაგუი (50), 1:3 რამიგი (52), 1:4 მუხტარი (58), 1:5 ვაგნერი (63), 1:6 ვაგნერი (70)
ჰერტა (4-2-3-1): ბურხერტი - პეკარიკი, ფრანცო, ჰუბნიკი, ვან დერ ბერგი - ლუსტენბერგერი, კობიაშვილი - ნდიენგი, რონი, ბენ-ჰატირა - რამოსი.

აღსანიშნავია, რომ ბერლინელთა თავკაცმა იოს ლუჰუკაიმ ლევან კობიაშვილი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, ლუსტენბერგერის მხარდამხარ ათამაშა. ზოგადად, ბოლო დროს კობი "ჰერტაში" უმეტესად დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობს ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, ლუჰუკაი ვეტერან ქართველს ჯერ კიდევ მოიაზრებს ნახევარმცველად. მარცხენა მცველი კი ვან დერ ბერგი გახლდათ. მეორე ტაიმში ლუჰუკაიმ მთელი შემადგენლობა შეცვალა.

შლეზვიგი-ჰანოვერი 1:9
გოლები: 0:1 ზობიხი (15), 0:2 ავევორი (25), 0:3 შლაუდრაფი (40), 0:4 შლაუდრაფი (43), 1:4 პუტინსი (50), 1:5 კადა (55), 1:6 კადა (64), 1:7 პრიბი (78), 1:8 ნიკჩი (82), 1:9 შტინდლი (85)
ჰანოვერი (4-4-1-1): მილერი (46. ფური) - ავევორი, ბალასი, ჰოფმანი, პოკონიოლი (46. პანდერი) - გიოქდემირი, შტინდლი, ბიტენკური (46. ნიკჩი), ჰუსტი (46. პრიბი) - შლაუდრაფი - ზობიხი (46. კადა)

ახალი სეზონისთვის "ჰანოვერიც" ინტენსიურად ემზადება. მირკო სლომკას საკმაოდ ამბიციურმა გუნდმა "შლეზვიგი", მოლოდინისამებრ, უპრობლემოდ გაანადგურა. ყურადღების ცენტრში იყო "წითლების" ახალწვეული ლეონარდო ბიტენკური, რომელიც "ჰანოვერმა" დორტმუნდის "ბორუსიადან" გადაიბირა - ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა თამაში სასტარტოში დაიწყო და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. თუმცა საუკეთესო მაინც "ჰანოვერის" ლიდერი იან შლაუდრაფი გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა.

რედე-გლადბახი 0:6
გოლები: 0:1 მიჩელი (5), 0:2 ჰრგოტა (27), 0:3 იუნესი (34), 0:4 რიტერი (55), 0:5 რაფაელი (58), 0:6 რიტერი (81)
გლადბახი (4-2-2-2): ჰაიმეროთი - კორბი, შტრანცლი, მერო, დემსი - დაჰუდი, მარქსი - იუნესი, ჰრგოტა - კურტი, მიჩელი.
მეორე ტაიმში: ბლაზვიხი, ლიდერი, ბრუვერსი, დომინგესი, ლენცი, ბრანდენბურგერი, კრამერი, რუპი, ჰოლცვაილერი, რაფაელი, რიტერი.

მიონხენგლადბახის "ბორუსიას" თავკაცმა ლუსიენ ფავრმა პირველ ტესტ-მატჩში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოსცადა. ყველაზე მეტად კი, რა თქმა უნდა, ახალწვეული რაფაელის ფორმა აინტერესებდა. ფავრის ერთ-ერთმა უსაყვარლესმა შეგირდმა საკმაოდ კარგად ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო, ახალგაზრდა მარლონ რიტერი კი დუბლით გამოირჩა. მომდევნო ტესტ-მატჩს "გლადბახი" შაბათს, ბელგიურ "ლიერსთან" გამართავს.

რეგენი-ბაიერნი 1:9
გოლები: 1:0 კოპი (5), 1:1 მიულერი (32), 1:2 ვაინრაუხი (35), 1:3 ვაინრაუხი (37), 1:4 გრინი (47), 1:5 გრინი (51), 1:6 ჩანი (63), 1:7 შიოპფი (74), 1:8 გრინი (80), 1:9 კროოსი (83)
ბაიერნი (4-2-3-1): შტარკე - ლამი, ბოატენგი, ჩანი, კონტენტო - ჰოიბერგი, ვაინრაუხი - რანკოვიჩი, მიულერი, შტრიდერი - რიბერი.
მეორე ტაიმში: რედერი, რაფინია, კირხჰოფი, შმიტცი, ვაინი, გრინი, შიოპფი, ვაიზერი, მარკუტცი.

"რეგენი", რა თქმა უნდა, "ბაიერნის" ფანკლუბის ნაკრებზე უკეთესი გუნდია და შესაბამისად, "ბაიერნმაც" 15 გოლი ვეღარ გაიტანა, მაგრამ მაინც არასაფეხბურთო ანგარიშით, 9:1 მოიგო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ "ბაიერვალდშტადიონზე" თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ და გასული სეზონის ტრიუმფატორ ბავარიულ სუპერგრანდს 27 წუთის განმავლობაში უგებდნენ.

ხსენებული დროის შემდეგ კი ანგარიში თომას მიულერმა გაათანაბრა, რის შემდეგაც "ბაიერნს" გოლები წყალივით წაუვიდა.

შესვენებაზე ხოსეპ გვარდიოლამ, ემრე ჩანის გარდა, ყველა ფეხბურთელი შეცვალა, ეს უკანასკნელი კი დაცვის ცენტრიდან ნახევარდაცვაში გადასწია. გერმანელი მიმომხილველების ცნობით, პეპს წარმოშობით თურქი ჩანი ძალიან მოსწონს და წესით, მასზე გაცილებით უცნობი ახალგაზრდები, ვაინრაუხი და გრინიც უნდა მოსწონებოდა. ამ უკანასკნელმა ზედიზედ მეორე ჰეთ თრიქი შეასრულა.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ გვარდიოლამ ფრანკ რიბერი ისევ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშა, პირველი ტაიმის მეორე ნახევარში კი ფრანგი გამთამაშებლად დახია. რიბერის მონაგარი ერთი საგოლე პასია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეპ გვარდიოლას პირველი შოუ: 15:1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული