"ბორუსიას" ბოლო და ყველაზე მსუყე ტრანსფერზე შაბათის ნომრის პირველ გვერდზეც ვწერდით: საბოლოოდ დაზუსტებული ინფორმაციით, "დორტმუნდმა" დონეცკის "შახტარს" 24 წლის სომეხი ჰენრიხ მხითარიანის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო გადაუხადა.
საერთო ჯამში, "ბორუსიამ" უკვე 45 მილიონი ევრო დახარჯა და როგორც იცით, "დორტმუნდის" გენერალურ მენეჯერ ჰანს-იოახიმ ვატცკეს ნათქვამი
რაც შეეხება უკვე დახარჯულს: 45 მილიონი ბევრია, მაგრამ ამ თანხის სანაცვლოდ "ბორუსიამ" მხოლოდ სამი ახალი მოთამაშე მიიღო: 25 წლის ცენტრალური მცველი სოკრატისი (8 მილიონად, ბრემენის "ვერდერიდან"), 24 წლის თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანი (13 მილიონად, "სენტ ეტიენიდან") და ახლა შემტევი ნახევარმცველი მხითარიანიც (24 მილიონად, "შახტარიდან").
ერთი მილიონი ამოროზომდე
აღსანიშნავია, რომ სომეხ ვარსკვლავს "დორტმუნდის" ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელობამდე ძალიან ცოტა დააკლდა - ასეთად კვლავ 2001 წელს 25 მილიონად ნაყიდი ბრაზილიელი თავდამსხმელი მარსიო ამოროზო რჩება. მხითარიანის მისია დორტმუნდში მარიო გიოტცეს შეცვლაა - როგორც იცით, ამ უკანასკნელმა მიუნხენის "ბაიერნს" მიაშურა.
ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენს გერმანელ ჟურნალისტებს აბსოლუტურად ლოგიკური და ლეგიტიმური კითხვა გაუჩნდათ: არის კი მხითარიანი მართლა ისეთი მაგარი ფეხბურთელი, რომ მასში 24 მილიონის გადახდა ღირდა და შეცვლის უნიჭიერესი სომეხი გიოტცეს სრულფასოვნად? როგორც ჩანს, "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი მხითარიანის შესაძლებლობებში ასი პროცენტით დარწმუნებულია - წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოსებს ამდენ ფულს არ გადაახდევინებდა, "ბორუსიას" ამდენი თვით მარკო როისშიც კი არ გადაუხდია.
25 გოლი 29 მატჩში
მხითარიანი დორტმუნდში იდეალური სტატისტიკითა და სტატუსით გადადის: უკრაინის ჩემპიონატის 29 მატჩში მან 25 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემაც მიითვალა. მართალია, უკრაინის ჩემპიონატი ბუნდესლიგასთან კლასითა და ხარისხით ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ დორტმუნდელებს ამ ტრანსფერზე ფიქრისას მხოლოდ უკრაინული მატჩებით არ უხელმძღვანელიათ. გაგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბორუსია" სწორედ "შახტარს" შეხვდა და იმ დუელების შემდეგ ყველა დორტმუნდელი მხითარიანს აქებდა, კლოპი კი მისი სისწრაფითა და ტექნიკით იყო აღფრთოვანებული.
მხითარიანი ერევნელია და საფეხბურთო ოჯახიდანაა. მამამისი, ჰამლეტიც ფეხბურთელი გახლდათ და ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა - მაშინ ჰენრიხი სულ რაღაც 7 წლის გახლდათ.
"ყოველთვის მინდოდა, რომ მამაჩემის ვარჯიშებზე მევლო და როცა არ მივყავდი, ვტიროდი ხოლმე. ყოველთვის მინდოდა, რომ ფეხბურთელი გამოვსულიყავი და ამაში მთელი ოჯახი ხელს მიწყობდა," - ამბობს მხითარიანი.
ჰენრიხის დედა, მარინა, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში, ეროვნული ნაკრების განყოფილების უფროსია. მისი და მონიკა კი უეფაში მუშაობს და არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტ მიშელ პლატინის ასისტენტი და თარჯიმანია.
მხითარიანს ბავშვობის გარკვეული ნაწილი სწორედ საფრანგეთში აქვს გატარებული და სომხურის გარდა, იდეალურად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ და რუსულ ენებზე. შესაბამისად, ფაქტია, რომ მხითარიანს არც გერმანულის სწავლა უნდა გაუჭირდეს.
ლუჩესკუ: ჰენრიხი ბუნდესლიგას მალე გაუშინაურდება
რამდენად გაუჭირდება და გაუგრძელდება მხითარიანს გერმანულ ფეხბურთთან შეგუება? ამ კითხვაზე "შახტარის" თავკაც მირჩა ლუჩესკუს ასეთი პასუხი აქვს:
"მხითარიანის საფეხბურთო ინტელექტი მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჰენრიხი ბუნდესლიგას ალღოს ძალიან სწრაფად აუღებს. მისი უდიდესი და უმთავრესი პლუსი ისაა, რომ თამაშის წაკითხვა შეუძლია. ამასთან, მხითარიანი ძლიერი, ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია. მასთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა!" - აცხადებს 67 წლის სპეციალისტი.
სომხეთში მხითარიანი უკვე ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად მიიჩნევა. "ჩემპიონთა ლიგაში თამაშის საშუალება ბევრ სომეხს როდი ეძლევა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ბავშვებისთვის და დამწყები ფეხბურთელებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო," - აცხადებს მხითარიანი, რომელსაც სომხეთში ზინედინ ზიდანს ადარებენ.
კლოპი უკვე 4-3-3-ზეც ფიქრობს
იურგენ კლოპის საყვარელი ტაქტიკა 4-2-3-1 გახლავთ, მაგრამ "ბორუსიას" 46 წლის დამრიგებელს ვარირება უყვარს და სქემას უშუალოდ თამაშის დროსაც ხშირად ცვლის ხოლმე. ხსენებულ სქემაში მხითარიანს ნახევარდაცვის წინა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ თავს ყველაზე უკეთ ცენტრში, თავდამსხმელის უკან გრძნობს - ზუსტად ისე, როგორც გიოტცე.
"ახლა, როცა ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ტაქტიკურად გაცილებით მოქნილები გავხდით და შეგვიძლია, 4-3-3-იც თამამად ვითამაშოთ, მაგრამ ჩვენ ყველა შეხვედრას მაინც ინდივიდუალურად მივუდგებით და სქემას მეტოქიდან გამომდინარე შევარჩევთ," - ამბობს კლოპი.
ერთი სიტყვით, "დორტმუნდის" ბოსმა ვატცკემ დანაპირები შეასრულა და წინა სეზონში ნაშოვნი ფულის დიდი ნაწილი უკვე დახარჯა. ახლა მთავარია, რომ სოკრატისმა, ობამეიანმა და განსაკუთრებით, მხითარიანმა მათზე გაცემული ავანსები გაამართლონ. ფაქტი ისაა, რომ "ბორუსია" მომავალ სეზონში ისევ ძალიან საინტერესო გუნდი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სომეხი ზიდანი - ჰენრიხ მხითარიანს დორტმუნდის "ბორუსიაში" უნდა!