ხოსეპ გვარდიოლამ მიუნხენის "ბაიერნში" 4-1-4-1 ამოიჩემა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" მორიგი ტესტ-მატჩი 13:0 მოიგო, რაც ხოსეპ გვარდიოლასთვის ერთობ სასიხარულო ამბავია. იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით იმაზე, რომ ბასტიან შვაინშტაიგერს ტრავმა გაუმიზეზდა და შეკრება დატოვა. სამაგიეროდ, გუნდს არიენ რობენი შეუერთდა.

როგორც იცით, ბასტიან შვაინშტაიგერმა მარჯვენა ფეხზე ოპერაცია ივნისში გაიკეთა და წესით, სრული დატვირთვით ვარჯიში ახლა უნდა დაეწყო, მაგრამ მისი გამოჯანმრთელების პროცესი გაიწელა.

"ბაიერნის" მთავარი ექიმის, ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტის თქმით, 28 წლის ნახევარმცველი გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას მინიმუმ ერთ კვირაში შეძლებს.

სამაგიეროდ, "ბაიერნს" არიენ რობენი შეუერთდა. 29 წლის ჰოლანდიელ გარემარბს შვებულება იმის გამო
გაუხანგრძლივეს, რომ ივნისის დასაწყისში ჰოლანდიის ნაკრებში გახლდათ გამოძახებული. რობენმა ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით პირველად შაბათს ივარჯიშა და მატჩის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა:

"პეპი უდიდესი მწვრთნელია და ვარჯიშის დროს პროცესში მაქსიმალურადაა ჩართული, ფეხბურთელებს ბევრს ესაუბრება. მას გუნდის მართვის ძალიან საინტერესო სტილი აქვს".

ფლანგის მცველები შეტევაში
შესავალში ხსენებულ ტესტ-მატჩში, რომელიც "ბაიერნმა" "პაულანერის" ნაკრებთან გამართა, ყველაზე შესამჩნევი ის გახლდათ, რომ ფლანგის მცველები შეტევაში უდიდესი მონდომებით ერთვებოდნენ და მეტოქის ნახევარზე დროის უჩვეულოდ დიდი ნაწილი გაატარეს.

გვარდიოლას ვარჯიშებიდან და ტესტ-მატჩებიდან გამოიკვეთა, რომ პეპი უპირატესობას ერთი კლასიკური საყრდენი ნახევარმცველით თამაშს ანიჭებს.

ამ მატჩში გვარდიოლამ "ექვსიანის" პოზიციაზე 20 წლის რიკო შტრიდერი გაამწესა, ზოგადად კი, ტოპ-კანდიდატები შვაინშტაიგერი (ტრავმირებულია) და ხავი მარტინესი (ჯერაც შვებულებაშია) არიან.

მოსაზრებები იმის შესახებ, რომ გვარდიოლამ "ბაიერნი" შესაძლოა კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე ათამაშოს, ჯერჯერობით არ დასტურდება. პეპმა მარიო მანჯუკიჩი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, თუმცა ხორვატმა შანსები ვერ გამოიყენა. პირველ ტაიმში გოლები ემრე ჩანმა (რომელიც პეპმა ყველასათვის მოულოდნელად, დაცვის ცენტრში ათამაშა) და ახალგაზრდა გარემარბმა ოლივერ მარკუტცმა გაიტანეს.

მეორე ტაიმში გვარდიოლამ მთელი შემადგენლობა შეცვალა, ერთადერთი საყრდენის როლი კი პიერ-ემილ ჰოიბერგს დააკისრა. სამ-სამი გოლი კლაუდიო პისარომ, ჯერდან შაჩირიმ და ალესანდრო შიოპფმა გაიტანეს, თითოჯერ კი ჰოიბერგმა და ვლადიმირ რანკოვიჩმა იხეირეს. მარიო გომესს არ უთამაშია.

9 ივლისს "ბაიერნი" იტალიურ "ბრეშას" შეხვდება - გუნდს, რომელშიც გვარდიოლა 2001-დან 2003 წლამდე თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნი": სწავლა, სწავლა და სწავლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული