ახლა კროოსი ყველაფერს თავიდან იწყებს, მაგრამ მთავარი ისაა, თუ რას ფიქრობს და რას გეგმავს ხოსეპ გვარდიოლა კროოსთან მიმართებაში.
ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი უიღბლო მოძრაობა და მაშინვე მოხდა ის, რისიც ტონი კროოსს და "ბაიერნის" ქომაგებს ყველაზე მეტად ეშინოდათ: რეკორდმაისტერის 23 წლის ნახევარმცველი, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში, "იუვენტუსთან" დაშავდა და მისთვის სეზონი იქვე
შესაბამისად, კროოსმა გერმანიის ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგის მოგება და გერმანიის თასის აღება თანაგუნდელებთან ერთად მხოლოდ წვეულებებზეღა იზეიმა. არადა, "ბაიერნის" ტრიუმფალურ სეზონში კროოსის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო - იუპ ჰაინკესი გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველს თითქმის ყოველთვის ძირითადში ათამაშებდა.
კროოსმა "ბაიერნთან" ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. ამბობს, რომ ეს ძალიან უხარია და გული მხოლოდ იმაზე სწყდება, რომ გადამწყვეტ მატჩებში მოედანზე არ იმყოფებოდა, თორემ სხვა მხრივ, "ამაზე მეტ ტიტულს "ბაიერნი" ჩემთან ერთადაც ვერ მოიგებდაო".
კონკურენციამ მოიმატა
მართალია, პოზიციებით თუ ვიმსჯელებთ, არიენ რობენი ტონი კროოსის უშუალო კონკურენტი არ არის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კროოსი ცენტრალური ნახევარმცველია, ხოლო რობენი გარემარბი, ისინი დიახაც, ერთმანეთის ირიბი, მაგრამ მაინც კონკურენტები გამოდიან.
ამის მიზეზი ისაა, რომ ჯანმრთელი კროოსი ყოველთვის ძირითადში თამაშობდა და 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ცენტრფორვარდის უკან ირჯებოდა, რობენის პოზიციაზე კი თომას მიულერი იდგა ხოლმე; ხოლო კროოსის დაშავების შემდეგ ჰაინკესმა მიულერი ცენტრში გადასწია, მარჯვნივ კი რობენი გაამწესა.
ის ფაქტი, რომ რობენმა სეზონის მიწურულს გაიბრწყინა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის გმირიც გახდა, კროოსსა და მას შორის გაჩაღებულ ირიბ ბრძოლას ინტრიგას მატებს. ფაქტია, რომ რობენს სკამზე ჯდომა არ უყვარს (ვის უყვარს?!) და თან ძალიან საჭირო ფეხბურთელია, რაც სწორედ გადამწყვეტ მატჩებში დაამტკიცა, მაგრამ "ბაიერნს" კროოსიც სჭირდება.
გვარდიოლას კროოსზე ჯერჯერობით ბევრი არაფერი უთქვამს, რობენზე კი ამას წინათ განაცხადა, არიენი ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი საჩუქარიაო.
გარდა ამისა, "ბაიერნმა" ახლა მარიო გიოტცეც იყიდა, რომელიც კროოსთან, ფრანკ რიბერისთან, რობენთან და მიულერთან ერთად, სწორედ შემტევი ნახევარმცველების სამეულში მოიაზრება და თვით ჯერდან შაჩირისაც კი გაუჩნდა ძირითადში თამაშის ამბიცია.
ამრიგად, თუ გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნის" ძირითადი ტაქტიკაც 4-2-3-1 იქნება, გამოდის, რომ სამი ადგილისთვის ექვსი ფეხბურთელი იბრძოლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია ძალიან დიდია.
მართალია, კროოსს ამავე სქემაში საყრდენადაც შეუძლია თამაში, მაგრამ იქ ორი ადგილი ბასტიან შვაინშტაიგერს და ხავი მარტინესს აქვთ დაკავებული.
"კონკურენცია უკიდურესად გამძაფრებულია, - აღიარებს კროოსიც, - სკამზე წინა სეზონშიც არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი გვეჯდა".
კროოსი მრავალმხრივი ნახევარმცველია
ეს მართლაც ასე იყო და მიუხედავად ამისა, ჰაინკესი ყველა ფეხბურთელთან ძალიან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ახერხებდა. "დონ იუპის" ხელში ის მოთამაშეებიც კმაყოფილები იყვნენ, რომლებსაც სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უფრო ხშირად უწევდათ, ვიდრე თამაში.
გვარდიოლას ხელში, შესაძლოა, ტაქტიკაც შეიცვალოს. თუ ასე მოხდა, პეპი ალბათ 4-3-3-ს აირჩევს - ერთი კლასიკური საყრდენით და ორი ნახევრად გარემარბი ნახევარმცველით. ასეთ შემთხვევაში კროოსს მეორე რიგში ორი პოზიციის დაკავება შეუძლია. ტონი ამბობს, რომ შვებულების დროსაც კი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ფორმა მაქსიმალურად შეინარჩუნა, რაც უშუალოდ ვარჯიშებზეც დაეტყო - ტრენტინოს შეკრებაზე კროოსი ძალიან კარგად გამოიყურება.
ამბობს, ასი პროცენტით მზად შესაძლოა არ ვარ, მაგრამ ახალი სეზონის სტარტს სრულყოფილ სპორტულ ფორმაში შევხვდებიო.
ჰაინკესის ხელში ტონიმ ნიჭიერი ფეხბურთელის სტატუსიდან "ბაიერნის" ძირითადი შემადგენლობის წევრობამდე დიდი ნაბიჯი გადადგა. ტრავმის მიღებამდე მის ანგარიშზე ბუნდესლიგაში 6 გოლი და 8 საგოლე პასი იყო, ჩემპიონთა ლიგაში კი სამი გოლი ჰქონდა გატანილი.
გვარდიოლას ჯერჯერობით არც კროოსზე უთქვამს რამე და არც იმაზე, თუ რომელი ტაქტიკური სქემით აპირებს თამაშს, თუმცა რაც უნდა აირჩიოს, კროოსის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ტონის ნახევარდაცვაში, ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში.
ტონიმ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ისიც გაუმხილა, გვარდიოლას უკვე ვესაუბრეო:
"პეპი მართლაც ძალიან მაგარი სპეციალისტი ჩანს. ფაქტია, რომ მასთან საუბრის შემდეგ კიდევ უფრო ოპტიმისტურად განვეწყვე", - აცხადებს კროოსი და როგორც ჩანს, გვარდიოლას ის მოსწონს.
სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან პეპს ტექნიკური, კარგი პასის შემსრულებელი ნახევარმცველები უყვარს. ტონი კროოსი კი სწორედ ასეთია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: მარიო გომესი "ფიორენტინაში" გადავიდა
ეეეჰ, არა უშავს, ჟურნალისტებს რა უნდა მოთხოვო? არ უსწავლიათ და საიდან ეცოდინებათ? მაგათ კი არა, მწვრთნელებმაც არ იციან საქართველოში ელემენტარული რაღაცეები.