დორტმუნდის "ბორუსია": ჰენრიხ მხითარიანმა გოლით დაიწყო...

AutoSharing Option
წარმატებული დებიუტიც სწორედ ამას ჰქვია: დორტმუნდის "ბორუსიას" ახალწვეულმა, კლუბისთვის სარეკორდო - 27.5 მილიონ ევროდ შეძენილმა სომეხმა ვარსკვლავმა ჰენრიხ მხითარიანმა "ბორუსიას" რიგებში სადებიუტო მატჩშივე (ამხანაგური შეხვედრა "ბაზელთან", 3:1 "დორტმუნდის" სასარგებლოდ) შესანიშნავად ითამაშა.

მხითარიანმა, რომელიც "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კიდევ ერთი ახალწვეულის, სოკრატის პაპასტატოპულოსისა და შვებულებიდან დაბრუნებული რობერტ ლევანდოვსკის დარად, ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, მე-11 წუთზე მარკო როისს საგოლედ უპასა, მერე კი ნური შაჰინთან გათამაშებული ჩინებული კომბინაცია თავად დააგვირგვინა.

"როგორც ხედავთ, ჰენრიხ მხითარიანმა "ბორუსიას" ტაქტიკას მაშინვე აუღო ალღო. სულ რაღაც ორი დღეა,
რაც ახალ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს და მათ უკვე მშვენივრად უგებს. გვიხარია, რომ წარმატებული არაოფიციალური დებიუტი გამოუვიდა,
" - აღნიშნა "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა "ბაზელთან" ტესტ-მატჩის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე კლოპმა თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა და მოედანზე პიერ-ემერიკ ობამეიანი შეუშვა. სამ წუთში ამ უკანასკნელსაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ილქაი გიუნდოგანის შესანიშნავი პასის შემდეგ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ბურთი ასევე ძელს მოარტყა რობერტ ლევანდოვსკიმაც.

მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გაიტანა, ცორკი ობამეიანის თამაშითაც კმაყოფილი დარჩა:

"ცოტათი არ გაუმართლა, მაგრამ მასაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა," - აღნიშნა "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა. საბოლოო ჯამში, "ბორუსიამ" 3:1 მოიგო, მესამე გოლი კი ახალგაზრდა იონას ჰოფმანმა გაიტანა. გერმანიის ვიცე-ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი მომდევნო ტესტ-მატჩს შაბათს, თურქულ "ბურსასთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დორტმუნდის "ბორუსია": ჰენრიხ მხითარიანს 10-იანი მისცეს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული